წვდომის მენიუ

შპს ,,TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 82 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 24 იანვრის სამსახურებრივი ბარათი (N10/72-13), სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა მიერ, 2013 წლის 17 იანვარს განხორციელდა შპს „TV ERA“-ს შემოწმება,  შპს „TV ERA“-ს  აბონენტთან რიჩარდ კახიძესთან (პირადი N61001057840), ქ. ბათუმში, მისამართზე ლერმონტოვის ქ. N80/ა ბინა 4. შემოწმებას მოწმის სახით ასევე ესწრებოდა ჯაბა კახიძე (პირადი №61006062194). შემოწმება ჩატარდა პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რასთან დაკავშირებითაც შედგა შემოწმების აქტი №77. აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა დააფიქსირა შპს „TV ERA” მიერ რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი რეტრანსლირება და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 31 იანვარს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 8 თებერვალს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,TV ERA“-ს ეცნობა შეტყობინებით (31.01.2013 N03/265-13), გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 8 თებერვლის სხდომაზე, რომელზედაც წარმოდგენილ იქნა შპს „TV ERA”-ს წარმომადგენლის დავით მიქაბერიძის შუამდგომლობა (08.02.2013 N6/703-13) საკითხის განხილვის გადადების თაობა იმ მოტივით, რომ ავამდყოფობის გამო იგი ვერ დაესწრება კომისიის სხდომას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 27 მაისის N257/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის აპარატში დასაქმებულებს მიენიჭათ  ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში შემოწმების ჩატარების, შემოწმების აქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბრამდე; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ი.მახარაძე და ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია, რომლებმაც ქ.ბათუმში 2012 წლის 17 იანვარს ჩაატარეს შპს „TV ERA”-ს შემოწმება და შეადგინეს შემოწმების აქტი N77, შემოწმების ჩატარების მომენტისთვის წარმოადგენდნენ არაუფლებამოსილ პირებს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებული პირების შემოწმება უნდა განხორციელდეს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემოწმებაზე უფლებამოსილი პირების მიერ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს „TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან, იგი დაიწყო არაუფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სახეზეა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველი და აღნიშნული გადაწყვეტილებით არ იზღუდება შპს „TV ERA”-ს უფლება და კანონიერი ინტერესი, არ არსებობს შპს „TV ERA”-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საკითხის გადადების საფუძველი.

                ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის, 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, შესაბამისად და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლიდან გამომდინარე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს ,,TV ERA”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს შპს “TV ERA”-ს შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,TV ERA”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,TV ERA”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა)

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები