წვდომის მენიუ

შპს ,,ორბისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 83 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 28 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძის 2013 წლის  24 იანვრის №10/73-13 სამსახურებრივი ბარათი  და  2013  წლის 17 იანვრის №76 შემოწმების აქტი თანდართული მასალით (შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი - CD, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე პირების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ქსეროასლები),  საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წლის 17 იანვარს, შპს ,,ორბი” ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: ,,Шансон ТВ ”, ,,Феникс Плюс Кино”, ,,НТВ+Премьера”, ,,Индия ТВ”, ,,რუსთავი 2”, ,,მეცხრე არხი”, ,,იმედი”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,მაესტრო”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ОРТ”, ,,Мир”, ,,Inter+“, ,,Planeta RTR”, ,,Travel”,  ,,Детский мир”, ,,მეცხრე ტალღა” საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს). აღნიშნული არხებიდან, 2013 წლის 17 იანვრის მდგომარეობით, შპს ,,ორბს” კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: ,,НТВ+Премьера”, ,,მაესტრო”, ,,აფხაზეთის ხმა” რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.), შესაბამისად, მის მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.  შპს ,,ორბის” წარმომადგენლის განმარტებით, რომელიც დაფიქსირებულია 2013  წლის 17 იანვრის №76 შემოწმების აქტში, ,,НТВ+Премьера”-ს რეტრანსლირება გამოწვეულია ძაბვის ვარდნის შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა შემოწმების მიმდინარეობისას.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 30 იანვარს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ორბის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის  8 თებერვალს, რის თაობაზეც შპს ,,ორბს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 8 თებერვლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ორბის” წარმოადგენელი მ.კორტავა.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძის 2013 წლის 24 იანვრის №10/73-13 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013  წლის  17 იანვრის შემოწმების აქტი №76;

3. შემოწმების აქტზე დანდართული მასალები (შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის პროცესის დამსწრე პირების პირადობის მოწმობების ქსეროასლები);

4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);

5. კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილება კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;

6. კომისიის 2012 წლის 4 დეკემბრის №762/19 გადაწყვეტილება კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ;

7. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

 ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ორბი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 03.06.06, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.  2013 წლის 17 იანვარს, შპს ,,ორბის” ოფისში (მის: ქ.ფოთი, მ. აბაშიძის №14/906), კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძისა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ზ.კვირკველიას მიერ, მერაბ კორტავასა (პირ. № 42001002098) და ხვიჩა ბერძენი (პირ. № 42001002932) მონაწილეობით განხორციელდა შპს ,,ორბის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №76.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ი.მახარაძე, ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე პირები: შპს ,,ორბის” წარმომადგენელი მ.კორტავა და ხ.ბერძენი;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს ,,ორბი”  საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,Шансон ТВ ”, ,,Феникс Плюс Кино”, ,,НТВ+Премьера”, ,,Индия ТВ”, ,,რუსთავი 2”, ,,მეცხრე არხი”, ,,იმედი”, ,,პირველი საზოგადოებრივი არხი”, ,,მაესტრო”, ,,აფხაზეთის ხმა”, ,,ОРТ”, ,,Мир”, ,,Inter+“, ,,Planeta RTR”, ,,Travel”,  ,,Детский мир”, ,,მეცხრე ტალღა”;

4. კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ  კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ  მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება ი.მახარაძეს მინიჭებული ჰქონდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო კომისიის 2011 წლის 27 მაისის №257/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ კომისიის 2012 წლის 4 დეკემბრის №762/19 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტ ზ.კვირკველიას მინიჭებული ჰქონდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, 2013 წლის 13 იანვარს ჩატარებული შემოწმება განხორციელებულია და 2013  წლის  17 იანვრის შემოწმების აქტი №76 შედგენილია არაუფლებამოსილი პირების მიერ.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების ჩატარების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არაუფლებამოსილი პირების მიერ 2013 წლის 17 იანვარს ჩატარებული შემოწმება და შემოწმების საფუძველზე შედგენილი №76 შემოწმების აქტი ვერ გახდება შპს ,,ორბისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, შპს ,,ორბისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების  შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.  შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ორბისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

2.   დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) შპს ,,ორბის” შემოწმების ხელახალი ჩატარება სათანადო წესის დაცვით;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.gncc.ge გამოქვეყნებიდან;

4.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6)  მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                      კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                               სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                               ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                               აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები