წვდომის მენიუ

შპს ,,დელტა-ნეტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 84 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 29 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის  ი.ხარებავას  სამსახურებრივი ბარათი  (№10/83-13; 25.01.13), საიდანაც ირკვევა, რომ  2013 წლის 23 იანვარს, შპს ,,დელტა-ნეტმა”  კომისიას წერილობით აცნობა შპს ,,დელტა-ნეტის” სარეგისტრაციო მონაცემებში 2013 წლის 21 იანვარს განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.  კერძოდ, შპს ,,დელტა-ნეტის” კაპიტალში 35-%-იანი წილის მფლობელმა გ.ხონელიამ და 65%-იანი წილის   მფლობელმა გ.ჯალიაშვილმა, 2012 წლის 22 აგვისტოს, თავიანთი წილები გაასხვისეს  შპს ,,დელტა კომმზე”,  რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან.   აღნიშნული ცვლილების თაობაზე  შპს ,,დელტა-ნეტმა” კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან  7  სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2013 წლის 25 იანვარს, რითაც დაარღვია  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 1 თებერვალს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,დელტა-ნეტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის  8 თებერვალს,  რის შესახებ  შპს ,,დელტა-ნეტს” ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად   მას ასევე გადაეგზავნა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი.ხარებავას   სამსახურებრივი ბარათი (№10/83-13; 25.01.13) და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 8 თებერვალს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,დელტა-ნეტის”  წარმომადგენელი გ.ხონელია,  რომელმაც  აღნიშნა, შპს ,,დელტა-ნეტის” კაპიტალში 35-%-იანი წილის მფლობელმა გ.ხონელიამ და 65%-იანი წილის   მფლობელმა გ.ჯალიაშვილმა თავიანთი  წილები  გაასხვისეს  შპს ,,დელტა კომმზე” კომისიისაგან წინასწარ მიღებული თანხმობის საფუძველზე (კომისიის 2012 წლის 27 ივლისის №502/11 გადაწყვეტილება)  და ითხოვა, რომ  შპს ,,დელტა-ნეტს” არ დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი.ხარებავას  2013 წლის  25 იანვრის №10/83-13 სამსახურებრივი ბარათი;

2.  შპს ,,დელტა-ნეტის”  2013  წლის  23  იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/448-13; 23.01.13);

3. შპს ,,დელტა-ნეტის” წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმატება;

4.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  შპს ,,დელტა-ნეტის”  შესახებ  მონაცემები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.  შპს ,,დელტა-ნეტი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 2006 წლის პირველი ივნისი. ავტორიზებული საქმიანობის სახე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ-მომსახურება) შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ის ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2.  2012 წლის 22 აგვისტოს, შპს ,,დელტა-ნეტის” კაპიტალში 35-%-იანი წილის მფლობელმა გ.ხონელიამ და 65%-იანი წილის   მფლობელმა გ.ჯალიაშვილმა თავიანთი წილები გაასხვისეს  შპს ,,დელტა კომმზე”,  რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან.   აღნიშნული ცვლილების თაობაზე  შპს ,,დელტა-ნეტმა” კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან  7  სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2013 წლის 25 იანვარს;

3. შპს ,,დელტა-ნეტის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

კომისიას მიაჩნია, რომ წილის მფლობელთა ცვლილებების თაობაზე შპს ,,დელტა-ნეტს” კომისიისათვის უნდა ეცნობებინა ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  გ) და ბ) ქვეპუნქტები.

კომისია განმარტავს, რომ წილის შეძენის განხორციელებამდე  კომისიისაგან   წილის შეძენაზე თანხმობის მიღება, წარმოადგენს  ავტორიზებული პირის სულ სხვა ვალდებულებას,  რომელიც  გათვალისწინებულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის  26-ე მუხლის თანახმად.  შესაბამისად,   კომისიისაგან წილის შეძენის თაობაზე  თანხმობის მიღება,   არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს წილის მფლობელთა ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,დელტა-ნეტის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4,  96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  და გ)  ქვეპუნქტების,  43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს ,,დელტა-ნეტს” მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ)  ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,დელტა-ნეტისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,დელტა-ნეტისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-4  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,დელტა-ნეტისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შესრულებელი                                          კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                   აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები