შპს ,,ახტელისათვის“ შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2013
მიღების თარიღი თებერვალი 08, 2013
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. 2013 წლის 28 იანვარს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია”) განცხადებით (28.01.2013, კომისიში რეგისტრაციის №6/565-13) მიმართა შპს ,,ახტელმა” და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,ინფოჯორჯია XXI”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ინფოჯორჯია XXI”-თან მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე, შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ს შპს ,,ახტელის” მიმართ გააჩნია ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობა 2013 წლის 01 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 32.045,65 ლარს და რომლის ოდენობაც ყოველთვიურად იზრდება გადაუხდელობის გამო. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად შპს ,,ახტელმმა” კომისიაში წარმოადგინა შპს ,,ახტელსა” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ს შორის 2012 წლის 01 მარტს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშკრულება, შპს „ახტელის“ 2012 წლის 11 დეკემბრის წერილი, შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ს 2012 წლის 18 დეკემბრის წერილი, 2013 წლის 24 იანვრის ურთიერთშეთანხმების ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ, ერთი მხრივ, შპს “ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ გენერალური დირექტორი ა. იაშვილი და, მეორე მხრივ, შპს ,,ინფოჯორჯია XXI”-ის გენერალური დირექტორი ლ.ლოლაძე. ამ უკანასკნელში, აღნიშნულია, რომ შპს „ინფოჯორჯია XXI“-ს დავალიანება შპს „ახტელის“ მიმართ შეადგენს 37,045.65 ლარს. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელის“ განცხადების (28.01.2013, კომისიაში რეგისტრაციის ნომერი N6/565-13) განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,ახტელსა“ და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს ,,ახტელის“ მიერ კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 08 თებერვლას, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,ახტელსა” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ს (შეტყობინებების გაგზავნის თარიღი: 2013 წლის 04 თებერვალი). შეტყობინებასთან ერთად შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ს, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, გადაეგზავნა შპს ,,ახტელის” განცხადება (28.01.2013, N6/565-13) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 08 თებერვლის, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ახტელის“ იურისტი - ნ. ჟღენტი და კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩეველი - ვ. იაშვილი, ხოლო შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ის მხრიდან კომპანიის იურისტი - გიორგი ჩირგაძე . ორივე მხარის ახსნა-განმარტებების საფუძველზე გაირკვა, რომ 2013 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შპს „ინფოჯორჯია XXI“-ეს შპს „ახტელის“ მიმართ გააჩნია 32.045,65 ლარის ოდენობის დავალიანება. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, შპს „ახტელის“ მიერ კომისიაში 2013 წლის 28 იანვარს წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N6/565-13), სადაც დავალიანების ოდენობად განსაზღვრულია 32.045.65 ლარი და არა 37.045.65 ლარი, რაც განსაზღვრულია 2013 წლის 24 იანვრის ურთიერთშეთანხმების ოქმით და რომელსაც ხელს აწერენ, ერთი მხრივ, შპს „ახტელის“ და შპს „ახალი ქსელების“ გენერალური დირექტორი ა. იაშვილი და, მეორე მხრივ, შპს „ინფოჯორჯია XXI“-ეს გენერალური დირექტორი ლაშა ლოლაძე.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. შპს „ახტელის” 2013 წლის 28 იანვრის №6/565-13 განცხადება;
2. შპს ,,ახტელსა ” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ს შორის 2012 წლის 01 მარტს გაფორმებული ურთიეირთჩართვის ხელშეკრულება;
3. შპს ,,ახტელის” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ის მიერ ხელმოწერილი 2013 წლის 24 იანვრის ურთიერთშეთანხმების ოქმი;
4. შპს „ახტელის“ 2012 წლის 11 დეკემბრის N730 გაფრთხილების წერილი;
5. შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -ის 2012 წლის 18 დეკემბრის N385 წერილი შპს „ახტელის“ მიმართ;
6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
7. 2013 წლის 08 თებერვალს კომისიის სხდომაზე შპს ,,ახტელის” წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
8. 2013 წლის 08 თებერვალს კომისიის სხდომაზე შპს ,,ინფოჯორჯია XXI“- ის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. შპს „ახტელსა“ და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ - ს შორის მოქმედებს 2012 წლის 01 მარტს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის მე-7 მუხლში განსაზღვრულია ხელშკრულების მოქმედების ვადა და გაგრძელების პირობები; ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა;
2. შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ აღიარებს შპს „ახტელის“ მიმართ, მათ შორის მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, ფინანსურ ვალდებულებას, კერძოდ, იმას, რომ 2013 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ეს შპს “ახტელის“ მიმართ ერიცხება ფინანსური დავალიანება, რომლის ოდენობაც შეადგენს 32.045,65 ლარს, რაც დასტურდება შპს „ახტელის“ და შპს „ინფოჯორჯია XXI“-ეს წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის შედეგად შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება შპს ,,ახტელის” მიმართ 32.045,65 ლარის ოდენობით 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ახტელის” მოთხოვნა შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ახტელის“ განცხადება შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ს, შპს ,,ახტელთან” მოქმედი ურთიერთჩართვიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, შპს „ახტელის“ მიმართ 32.045,65 ლარის ოდენობის დავალიანების დასაფარად მიეცეს 10 კალენდარული დღე, წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ინფოჯორჯია XXI ” -სთვის ჩაბარებიდან;
3. შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, შპს ,,ახტელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,ინფოჯორჯია XXI“ -თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, დავალიანების სრულად დაფარვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახტელისათვის” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-თვის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახტელისათვის” და შპს ,,ინფოჯორჯია XXI“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში,;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტაინჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
