წვდომის მენიუ

„კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 98 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2013

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ ტყემალაძის სატელეფონო მიწვევის საფუძველზე, 2013 წლის 21 თებერვალს, 13:00 საათზე კომისია, 4 წევრის შემადგენლობით ესწრებოდა ქ.ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომას. გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის 21 თებერვლის 13:00 საათზე კომისიაში დანიშნული იყო ზეპირი მოსმენების სხდომა კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებით, კერძო საერთო და სპეცილიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების მისაღებად საქართველოს ცალკეულ ქალაქებსა და დაბებში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით, კომისიამ იმისთვის, რომ არ შექმნოდა შეფერხება კონკურსების ჩატარებას, რაც პირდაპირ და უშუალო გავლენას მოახდენდა კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების კანონიერ ინტერესზე, კომისიის 2013 წლის 19 თებერვლის N97/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შეიტანა კონკურსების გამოცხადების თაობაზე კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების დროდ განსაზღვრა 2013 წლის 21 თებერვლის 18:30 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 21 თებერვალს 18:30 საათისთვის, კომისიის სამმა წევრმა ს.ბრიტანჩუკი, ი.მოსეშვილი, ა.სიხარულიძე, ვერ მოასწრეს ქ.ქუთაისიდან ქ.თბილისში ჩამოსვლა და შესაბამისად, კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა 18:30 საათზე ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

   კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს  ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, 2013 წლის 22 თებერვალს 13:00 საათზე, კომისიის 3 წევრის ი.მოსეშვილის, კ.კვიტაიშვილისა და ა.სიხარულიძის ინიციატივით მოწვეულ იქნა კომისიის სხდომა.  ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge). კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების განხორციელებისა და ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის სხდომის 2013 წლის 22 თებერვლის 16:00 საათზე დანიშვნის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებებლი წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2012 წლის 21 დეკემბრის N813/10 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების 24-ე, 32-ე, მე-40, 47-ე, 55-ე, 71-ე, 78-ე, 102-ე, 110-ე, 118-ე, 134-ე, 142-ე პუნქტებში მითითებული ზეპირი მოსმენების სხდომის ჩატარების დროდ განსაზღვრული -  2013 წლის 21 თებერვლის 18:30 საათი შეიცვალოს 2013 წლის 22 თებერვლის 16:00 საათით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აცნობოს კონკურსებში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებს, შპს ”ფოლკ რადიოს”, შპს ”სტერეო+”-ს, შპს ”რადიოცენტრი პლუსს”, შპს ”ქართულ რადიოს” და ააიპ მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” ზემოაღნიშნული ცვლილების თაობაზე (მ. ქადეიშვილი);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ფოლკ რადიოს”, შპს ”სტერეო+”-ს, შპს ”რადიოცენტრი პლუსს”, შპს ”ქართულ რადიოს” და ააიპ მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის“ გაგზავნა  (ნ. ჯავახიძე);

გ) გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) (ნ.ჯანელიძე);

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                                კომისიის წევრი                                                                კ.კვიტაიშვილი

                                კომისიის წევრი                                                                ა.სიხარულიძე

                                კომისიის წევრი                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები