წვდომის მენიუ

შპს ”სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 100 / 12

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2014

 

შპს  ”სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, შპს ”სოკარ ჯორჯია გაზმა” კომისიას მიმართა განცხადებით №11/H 01-787, 25.11.13 (კომისიაში რეგისტრაციის №7/486-13, 25.11.13) საყოფაცხოვრებო მრიცხველებიდან გაზის მოხმარების აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად მიღების უზრუნველყოფისთვის, 867მჰც ÷ 869მჰც დიაპაზონში 25კჰც სიგანის სიხშირული ზოლის მინიჭების თაობაზე.   

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს ”სოკარ ჯორჯია გაზის”  მიერ კომისიაში   წარმოდგენილ   განცხადებას (№11/H 01-787, 25.11.13) თანდართული არ ჰქონდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო    მოსაკრებლის  500 ლარის (500 ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს   ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №06/2804-13, 20.12.13, რომელიც ჩაბარდა  შპს ”სოკარ ჯორჯია გაზს” 2013 წლის 24 დეკემბერს).

        კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი  არ წარმოუდგენია.

        კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის  მე-5 ნაწილის შესაბამისად,   თუ    დადგენილ  ვადაში  განმცხადებელი  არ     წარმოადგენს

 შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     განუხილველად დარჩეს შპს ”სოკარ ჯორჯია გაზის”  მიერ კომისიაში   წარმოდგენილი   განცხადება №11/H 01-787, 25.11.13 (კომისიაში რეგისტრაციის №7/486-13, 25.11.13) სიხშირეების მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ”სოკარ ჯორჯია გაზისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

 კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                                                      ა.სიხარულიძე

  კომისიის წევრი                                                                                                                   ს.ბრიტანჩუკი

  კომისიის წევრი                                                                                                                  კ.ბექაური            

  კომისიის წევრი                                                                                                                   ი.მოსეშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები