საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2014
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მოდიფიცირდა და გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები: დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 6 საათი; თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე; გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა; შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები; მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება; დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები; ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია; წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა; კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა; უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა; მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
2014 წლის 20 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი.მახარაძის 2013 წლის 30 დეკემბრის №10/1872-13 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტებით, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლნისის სატელევიზიო ანძაზე განთავსებული შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ სატელევიზიო გადამცემი 2013 წლის სექტემბრის თვიდან არ ფუნქციონირებს, რაც დასტურდება ბოლნისის სატელევიზიო ანძის უფროსის ა.ბეკარიშვილის განმარტებითა და ფოტო და ვიდეომასალებით; 2013 წლის 19 დეკემბერს, კომისიაში შემოსულია შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6 /7201-13), სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხსა“ და შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრს“ შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (2013 წლის 18 იანვარი), შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა ახალი ხელშეკრულების დადებაზე და შეაჩერა მაუწყებლობა, ხოლო აპარატურა არ გაუტანია და უმოქმედოდ არის განთავსებული ბოლნისის სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (№10/1872-13.; 30.12.13) აღნიშნულია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა სამსახურებრივი ბარათებით მიმართა კომისიის აპარატის საფინანსო და ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტებს. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის №10/1857-13 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2013 წელს შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია ნულოვანი შემოსავლების შესახებ, ხოლო 2013 წლის მაისის, ივნისის, ივლისისა და სექტემბრის თვეებში საერთოდ არ წარმოუდგენია. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის (№10/1865-13 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში 2012 წლის თებერვლიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. ამასთან, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ 2013 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება -12,448.63 ლარის ოდენობით.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/1872-13.; 30.12.13) თანახმად, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში არ წარმოუდგენია 2011 და 2012 წლების წლიური ანგარიშებიც; კომისიამ 2013 წლის 20 სექტემბერს, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ გაუგზავნა წერილი (№04/2004-13) კომისიაში წარმოედგინა ინფორმაცია, მათ შორის გავრცელებული სამაუწყებლო პროგრამების უკანასკნელი ერთი თვის არქივი ციფრულ მატარებელზე, რომელიც მას ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ მისამართზე ორგანიზაცია არ ფუქციონირებს; 2012 წლის 3 დეკემბერს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ წერილი (№6/6977-12), რომლითაც ის კომისიას აცნობებს, რომ კომპანიაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50%-ის წილის პრივატიზებამდე შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხი“ დროებით აჩერებს მაუწყებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი - ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში და მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ №B53 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ 2012 წლის 3 დეკემბერის წერილიდან (№6/6977-12) და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ წილის 50% ეკუთვნის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარი მესაკუთრე არის პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლების შესაბამისად, არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხი“, რომლის წილის 50 %-ს ფლობს ბოლნისის მუნიციპალიტეტი, არ შეიძლება ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი - ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, რაც წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულის შესახებ შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით და მოწვეულ იქნა 2014 წლის 20 თებერვლის კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხს“ ჩაჰბარდა 2014 წლის 17 თებერვალს (გზავნილის კოდი: 040007743599), მისი წარმომადგენელი კომისიის 2014 წლის 20 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 115-ე მუხლისა და IX თავის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №833/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და შპს ,,ტელეკომპანია მე-5 არხის“ კერძო მაუწყებლობის №B53 ლიცენზიის გაუქმების მიზნით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 27 მარტს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია მე-5 არხისთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
