წვდომის მენიუ

შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 103 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2014

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2014

შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 21 იანვარს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2014 წლის 20 იანვრის №10/101-14 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის   26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის შეძენა.  კერძოდ, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიას წერილობით (№01.02/3484.; 10.01.14.) აცნობა, რომ 2013 წლის 31 დეკემბერს განხორციელდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელთა ცვლილებების რეგისტრაცია, რის შედეგად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის მფლობელი გახდა  ,,გროუს მასთერ ჰოლდინგზ“-ი (ჯერსიში, ჩენელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია), წილის 19,8%-ის მფლობელი გახდა ,,ნელგადო ლიმითედ“-ი (ბრიტანიის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია), ხოლო 36,2%-ის წილის მფლობელი გახდა  ,,ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს“-ი (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია), რომელიც აღნიშნულ ცვლილებამდე  ფლობდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 100 %-ს. აღნიშნული განხორციელდა, კომისიისგან ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული, წინასწარი თანხმობის მოპოვების გარეშე.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 14 თებერვალს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 20 თებერვალს,  რის თაობაზეც შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 20 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები გიორგი ჭელიძე და სალომე მეუნარგია. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა გიორგი ჭელიძემ იშუამდგომლა კომისიის წინაშე სხდომის დახურვის თაობაზე, ვინაიდან შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ახსნა-განმარტებები შესაძლოა შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას, თუმცა მას, შემდეგ, რაც შპს ,,კავკასუს ონლაინს“ განემარტა, რომ სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ კომისიის აპარატის თანამშრომლები, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა მოხსნა აღნიშნული შუამდგომლობა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის სალომე მეუნარგიას განცხადებით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ახალი პარტნიორები წარმოადგენენ, 2013 წლის 31 დეკემბრამდე კომპანიის 100% წილის მფლობელის - უცხოური საწარმოს - შპს ,,ინთერნეიშენელ ონლიან ნეთვორქს“-ის (ვირჯინიის კუნძულები) აქციონერებს: ,,გროუს მასთერ ჰოლდინგზ“-ი (ჯერსი, ჩენელის კუნძულები) და ,,ნელგადო ლიმითედ“-ი (ვირჯინიის კუნძულები) და ამ ორმა კომპანიამ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილები მიიღეს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მათ მიმართ არსებული სასესხო დავალიანების სანაცვლოდ, ამ დავალიანების შპს ,,კავკასუს ონლაინის“ კაპიტალში კონვერტირების სანაცვლოდ. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან არ შეცვლილან კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები და ბაზარზე არ გამოჩენილა ახალი იურიდიული თუ ფიზიკური პირი, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არ იყო ვალდებული მიემართა კომისიისათვის წილის გაყიდვაზე თანხმობის მისაღებად; ამასთანავე, იწყებოდა ახალი საგადასახადო წელი და იმისათვის, რომ კომპანიას არ დაკისრებოდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, ცვლილება სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის პირველ იანვრამდე, რაც გახდა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში დაჩქარებული წესით ცვლილებების განხორციელების მიზეზი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის ე.ასანიძის 2014 წლის 20 იანვრის №10/101-14 მოხსენებითი ბარათი;

2.       შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილი (№01.02/3484.; 10.01.14.) წილის მფლობელთა ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე;

3.       მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შესახებ;

4.       2014 წლის 20 თებერვლის კომისიის სხდომაზე შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლების გიორგი ჭელიძისა და სალომე მეუნარგიას მიერ გაკეთებული  ახსნა-განმარტებები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს ,,კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (კომისიაში ხელახალი ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება და სხვა);

2.       2014 წლის 10 იანვარს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ წერილობით (№01.02/3484)  მიმართა კომისიას შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელთა ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე და წარმოუდგინა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 44%-ის მფლობელი გახდა  ,,გროუს მასთერ ჰოლდინგზ“-ი (ჯერსიში, ჩენელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია), წილის 19,8 %-ის მფლობელი გახდა ,,ნელგადო ლიმითედ“-ი (ბრიტანიის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია), ხოლო 36,2%-ის მფლობელი გახდა ,,ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს“-ი (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია), რომელიც აღნიშნულ ცვლილებამდე  ფლობდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ს;

3.       წილის შეძენის განზრახვის შესახებ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ კომისიისთვის არ უცნობებია წილის შეძენის განხორციელებამდე და არც კომისიის წინასწარი თანხმობა მიუღია წილის შეძენაზე;

4.       კომისიის 2012 წლის 12 ოქტომბრის №662/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო, ასევე კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №471/16 გადაწყვეტილებით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისრა ჯარიმა 90 000 ლარის ოდენობით, გამოძახებითი აუდიო ვიზუალურო მომსახურების (Video on demand) გაწევისას,  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზებული პირის წილის შეძენა ხდება წილის არაპირდაპირი მესაკუთრის (დამფუძნებლის დამფუძნებლის) მიერ, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოიპოვოს კომისიის თანხმობა წილის ნასყიდობაზე; ზემოაღნიშნული ტრანზაქციით იცვლებიან  თუ არა კომპანიის  ბენეფიციარი მესაკუთრეები და  ცვლილებები ახდენს თუ არა გავლენას ბაზარზე, სხვა საკითხებთან ერთად, შეფასებულ უნდა იქნას კომისიის მიერ, რაც შემდეგ განაპირობებს კომისიის მხრიდან თანხმობის გაცემას ავტორიზებული პირის წილის ნასყიდობაზე ან ამ ტრანზაქციაზე დასაბუთებული უარის შესახებ გადაწყვეტილების  მიღებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიისათვის წინასწარ შეუტყობინელობით, ასევე კომისიისაგან თანხმობის მიღების გარეშე წილის გასხვისებით,  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ  დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის Nბს-177-170 (კ-13) განჩინების შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ, კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებით განმარტა ,,ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზებული პირისათვის სანქციის დაკისრებისა და ჯარიმის გამოანგარიშების საკითხს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესაბამისად, სხვადასხვა დროს ჩადენილი ორი ან მეტი სამართალდარღვევის შემთხვევა, ერთმანეთისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, მხოლოდ, განმეორებით იგივე/ ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა (ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის Nბს-177-170 (კ-13) განჩინება, გვ. 20).

კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება წარმოადგენს კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკის შეცვლის საფუძველს და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი, მე-2  და მე-3 პუნქტების დარღვევის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა დაევალოს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. კერძოდ,  შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;  დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, კომისიას შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს მისთვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება.

ამასთან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის  წარმოდგენის შემდეგ, აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის Nბს-177-170 (კ-13) განჩინების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მიეცეს გაფრთხილება, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.       შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების  კომისიაში წარმოდგენა. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილების შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილების შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული

     მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი   გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ  შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

3.       დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე), ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ  წარმოდგენის შემდეგ, აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.       გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“  ჩაბარების დღიდან;

7.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

8.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);

9.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                               აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                   სოფიო ბრიტანჩუკი                                                     

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                    კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები