შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 02, 2014
მიღების თარიღი მარტი 06, 2014
შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 თებერვალს ძალაში შევიდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (დოკუმენტის
ნომერი 2039-IIს; სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341; ვებ გვერდზე 27.02.2014-დან) რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა კომისიის ვალდებულება, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად, კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან უსასყიდლოდ მიანიჭოს რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისათვის ოპტიმალური სიხშირული რესურსი მოთხოვნილი ინფორმაციული გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრის” მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება (რეგისტრირებული №7/68, 17.02.14) საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების თაობაზე, ამავე განცხადების დანართში განსაზღვრული ქსელის სტრუქტურული სქემის და რადიოსარელეო სადგურების განლაგების გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (დოკუმენტის ნომერი 2039-IIს; სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341;) და კომისიაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე კომისიის მიერ შერჩეულ იქნა სიხშირული ზოლები (რადიოსარელეო სიხშირული წყვილები), რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრის” მიერ მოთხოვნილი, რადიოსარელეო სადგურების განლაგების გეოგრაფიული მდებარეობის და ქსელის სტრუქტურული სქემის გათვალისწინებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად, შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრის” მიერ რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისათვის მინიჭებული სიხშირული რესურსის გამოყენებით, რადიოსარელეო სადგურების ეტაპობრივი ინსტალაციისა და ექსპლუატაციაში გაშვებამდე წინა პერიოდის (2015 წლის 17 მარტამდე) განმავლობაში,
შესაძლებელია განხორციელდეს მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირული წყვილების პარამეტრების კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში წარმოქმნილ რეალურ ელექტრომაგნიტურ ვითარებაში ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 2039-IIს; სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017341; ვებ გვერდზე 27.02.2014-დან) მე -2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრს” რადიოსარელეო სიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად;
2. დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. აღირიცხოს შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის” მინიჭებული რადიოსარელეო სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
4. დაევალოს შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრს” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
