საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის N86/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2014
მიღების თარიღი მარტი 14, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის N86/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 13 თებერვალს კომისიის N86/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებული დადგენილების პროექტი ითვალისწინებდა შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში იმგვარად, რომ შეცვლილიყო ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების ვალდებულება, სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორისთვის (შემდგომში „ადმინისტრატორი“), სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მიზნით ანგარიშსწორება განეხორციელებინათ არა მათ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის პირდაპირპროპორციულად, როგორც ამას ითვალისწინებს დებულების მოქმედი რედაქცია, არამედ, აბონენტზე რეგისტრირებული აქტიური სააბონენტო ნომრების პირდაპირპროპორციულად.
კომისიას მიაჩნდა, რომ დებულებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელება პოზიტიურ გავლენას მოახდენდა ავტორიზებული პირების საქმიანობაზე და მნიშვნელოვნად შეამცირებდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების იმ დანახარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან, თუმცა მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რიგი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების (შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“), ასევე თავად ადმინისტრატორის მხრიდან გამოიკვეთა რიგი წინააღმდეგობრივი საკითხებისა დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით; კერძოდ, ერთი მხრივ, შპს „ახალი ქსელებს“ და შპს „ახტელს“ მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული ცვლილებების განხორციელება დებულებაში და აპელირებენ რა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე, ითხოვენ ფუნდამენტურ ცვლილებებს დებულებაში, მათ შორის, ადმინისტრატორის შესარჩევი ახალი კონკურსის გამოცხადებას, საკონკურსო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას და ა.შ (შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ ერთობლივი განცხადება 13.03.2014 N6/1351-14), მეორე მხრივ, ადმინისტრატორიც ნაწილობრივ არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ ცვლილებას და მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილების განხორციელება იმგვარად, რომ ანგარიშსწორება განხორციელდეს არა აქტიურ, არამედ აბონენტზე რეგისტრირებულ ნომრებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომა კომისიაში გაიმართა 2014 წლის 14 მარტს; ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ როგორც ადმინისტრატორის, ასევე ავტორიზებული პირების (შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, სს „სილქნეტი“) წარმომადგენლები.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა ხათუნა ინჯიამ მხარი დაუჭირა მარწმუნებელი კომპანიების მიერ კომისიაში 2014 წლის 13 მარტს წარმოდგენილ განცხადებას (N6/1351-14) და დამატებით აღნიშნა, რომ კომისიამ თავად უნდა უზრუნველყოს ალტერნატიული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის შექმნა, ამავე დროს, შედარებითი კვლევის მეთოდის გამოყენებით უნდა ჩატარდეს კვლევა და ანალიზი რათა დადგინდეს რამდენად არადისკრიმინაციული და ხარჯზე ორიენტირებულია შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ავტორიზებული პირებისთვის დადგენილი ტარიფები.
თავის მხრივ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „მობიტელის“ წარმომადგენლებმა, ერთი მხრივ, მხარი დაუჭირეს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დაწესებული ტარიფების კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და, მეორე მხრივ, დამატებით აღნიშნეს, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში“ ცვლილებების განხორციელება იმგვარად, როგორც ამას გეგმავდა კომისია დაუყოვნებლივაა განსახორციელებელი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის წევრმა კახი ბექაურმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კომისიის მიერ, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, მიზანშეწონილი იქნება კომისიამ დაიწყოს შესაბამისი კვლევა და ანალიზი იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის ხარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ადმინისტრატორის მიერ, პორტირების პორცესის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფები და შესაბამისი ცვლილებები კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დაიგეგმოს და განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიას ექნება კვლევისა და ანალიზის შედეგები შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დაწესებული ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობასა და არადისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისიის წევრმა კახი ბექაურმა კომისიის სხდომაზე დააყენა წინადადება კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის N86/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების ხარჯზე ორიენტირებულობისა და არადისკრიმინაციულობის შესწავლის მიზნით კვლევისა და ანალიზის განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე.
კომისიის წევრებმა აკაკი სიხარულიძემ და ირაკლი მოსეშვილმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „საბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში“ დაგეგმილი ცვლილები მიზნად ისახავდა პოზიტიური გავლენის მოხდენას ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, რაც თავის მხრივ, კომისიის წევრების ღრმა რწმენით მნიშვნელოვნად შეამცირებდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების იმ დანახარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის უზრუნველყოფასთან; მიუხედავად კომისიის წევრების ამ ინიციატივისა, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხის მიმართ გამოიკვეთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, როგორც ავტორიზებული პირების, ასევე კომისიის წევრის, კახი ბექაურის მხრიდან, კომისიის წევრებს აკაკი სიხარულიძეს და ირაკლი მოსეშვილს მიზანშეწონილად მიაჩნიათ მხარი დაუჭირონ კომისიის წევრ კახი ბექაურის ინიციატივას კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის N86/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების ხარჯზე ორიენტირებულობისა და არადისკრიმინაციულობის შესწავლის მიზნით კვლევისა და ანალიზის განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიას წარმოებაში აქვს შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ ერთობლივი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/2074-13, 19/04/2013) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის მიერ დაწესებული ტარიფების ხარჯზე ორიენტირებულობის დადგენის მოთხოვნით. კერძოდ, ერთობლივ წერილში მოთხოვნილია კომისიამ განახორციელოს თავისი უფლებამოსილება და შეისწავლოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის და პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურებას ადმინისტრატორი ახორციელებს თუ არა დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტების შესაბამისად, ხარჯზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით.
კომისიას ასევე წარმოებაში აქვს სს „სილქნეტის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/4325-13, 08/08/2013), რომელშიც კომპანია მიიჩნევს რომ სააბონენტო ნომერების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის მომსახურებისათვის დაწესებული ტარიფი არ წარმოადგენს ხარჯზე ორიენტირებულ ტარიფს და ითხოვს კვლევის დაწყებას აღნიშნული საკითხის შესასწავლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ განსაზღვრულია ადმინისტრატორის ვალდებულებები, კერძოდ დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, ადმინისტრატორი ვალდებულია:
- ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მონაცემთა საოპერაციო ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურება ამ უკანასკნელებს გაუწიოს ხარჯებზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით, რომელიც ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას.
- ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურება გაუწიოს ხარჯებზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული და მათ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრების პირდაპირპროპორციულად დადგენილი ტარიფებით, რომელიც ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე“ 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს ადმინისტრატორს სააღრიცხვო, ფინანსური და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) ადმინისტრატორის მიერ დადგენილი ტარიფების კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შესაბამისობისა და აღნიშნული ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის და არადისკრიმინაციულობის დადგენის მიზნით, განახორციელოს ტარიფების მონიტორინგი, რისთვისაც უფლებამოსილია მოსთხოვოს ადმინისტრატორს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დადგენილი ტარიფების გაანგარიშება, ადმინისტრატორის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვა-ადმინისტრირების პროცესში განხორციელებულ ინვესტიციაზე გონივრული უკუგების შემდგომ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2012 პირველ მარტს შემოსულია შპს „მედიაპრო ჯორჯიას” მიერ გამოგზავნილი წლიური ანგარიში (კომისიაში რეგისტრაციის №6/1085-12). 2013 წლის 28 თებერვალს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2012 წლის „ნომრის პორტირების ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის წლიური ტექნიკური და ადმინისტრაციული მოხსენება“ და „ფინანსური ანგარიში“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/1190-13), ხოლო 2013 წლის 1 მარტის შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ კომისიაში წარმოადგინა 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე და 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე განვლილი პერიოდის აუდიტორული შემოწმების ანგარიშები (კომისიაში რეგისტრაციის №6/1200-13);
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად კომპანიას მისი დამფუძნებელი პარტნიორი „მედიაფონი“ უწევს მომსახურებას მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებაში, რაც თავის მხრივ ასევე გამოიხატება იმაში, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯია“ მისგან ასევე ყიდულობს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიასაც. შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ განცხადებით აღნიშნული მომსახურების და ლიცენზიის საფასური წარმოადგენს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს, რაც შესაბამისად აისახება გაწეული მომსახურების ტარიფებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიამ 2013 წლის პირველ აპრილს წერილობით (№02/627-13) მოსთხოვა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დამატებითი ფინანსური ინფორმაცია, კერძოდ:
ა) შპს „მედიაპრო ჯორჯიასა“ და ”Mediafon UAB”-ს (შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დამფუძნებელს) შორის ნომრის პორტაბელურობის ცენტრალური მონაცემთა ბაზის მხარდაჭერის მომსახურებასა და ნომრის პორტაბელურობის ცენტრალური ბაზის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიით სარგებლობის თაობაზე გაფორმებული, როგორც წინა პერიოდის, ასვე მოქმედი პერიოდის ხელშეკრულების ასლები.
ბ) შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დამფუძნებელი- Mediafon UAB-ს მიერ ზემოთხსენებული ხელშეკრულებებით გათვალსწინებული მომსახურებიდან:
- 2011/2012 წლებში მიღებული შემოსავლის, დაგეგმილი და გაწეული ფაქტიური ხარჯების შესახებ და მიღებული მოგების შესახებ ინფორმაცია.
- აუდიტის ანალიტიკური დასკვნა, რომ კომპანიებს: Mediafon UAB და შპს „მედიპრო ჯორჯიას“ შორის ტრანსფერული ტარიფები ხარჯებზე ორიენტირებულია და აღნიშნული მომსახურების გასაწევად გაწეული ფაქტიური დანახარჯები შეესაბამება დაგეგმილ მონაცემებს, რომელზე დაყრდნობითაც დათვლილი იყო ტარიფები.
- წარმოდგენილი 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე და 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდის აუდიტორული შემოწმების ანგარიშების დანართები.
კომისია აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შპს „მედიაპრო ჯეორჯიამ“ კომისიაში წარმოადგინა 2013 წლის 30 აპრილს (№6/2378-13), რომელიც გასაცნობად და შესაბამისი მოსაზრებების წარმოსადგენად კომისიის მიერ გადაეგზავნათ ავტორიზებულ პირებს (შპს „მობიტელს“-02.07.2013, №1418-13; შპს „მაგთიკომს“ - 02.07.2013 №1416-13; შპს „ჯეოსელს“ - 02.07.2013 №1417-13; სს „სილქნეტს“ - 25.09.2013, №2017-13), რომელთაგანაც დღემდე არ არის კომისიაში წარმოდგენილი მოსაზრებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ კომისია იზიარებს კომისიის წევრ კახი ბექაურის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მიერ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში“ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კვლევისა და ანალიზის განხორციელების მიზნით, იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის ხარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ადმინისტრატორის მიერ, პორტირების პორცესის უზრუნველსაყოფად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფები. კომისია ასევე მიუთითებს თავად ავტორიზებული პირების მოთხოვნაზე, კომისიის მიერ შესაბამისი მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს შესაბამისი კველავა და ანალიზი შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა შეწყდეს კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის N86/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კვლევისა და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, კომისია დაიწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის მიზნით.
კომისია დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე–3 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორთან, ამ უკანასკნელის მიერ სინქრონიზაციისა და პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული ტარიფებით ანგარიშსწორებას ახორციელებენ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესს, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ ტარიფების შესწავლა და აღნიშნული შესწავლის შედეგად შესაბამისი მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღება უშუალო გავლენას მოახდენს ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესაბამისი კვლევა და ანალიზი უნდა განხორციელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის თ) და ი) ქვეპუნქტების, კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე“ 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის N86/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის მიზნით;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევისა და ანალიზის თაობაზე;
3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 14 აპრილს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული კვლევისა და ანალიზის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა (ე.ასანიძე) და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტებს (თ.ტყეშელაშვილი) ერთობლივად; საჭიროების შემთხვევაში კვლევისა და ანალიზის პროცესში ჩართულ იქნან მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები;
5. კომისია განმარტავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კვლევისა და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, კომისია დაიწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის მიზნით;
6. დაევალოს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდება კომისიის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მედიაპრო ჯორჯიასა“ და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტებს (ე.ასანიძე, თ.ტყეშელაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
