შპს ,,ბლექ სი სატისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2014
მიღების თარიღი მარტი 14, 2014
შპს ,,ბლექ სი სატისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით, 2014 წლის 25 თებერვალს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 25 თებერვლის №10/312-14 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიაში შემოსულია შპს ,,ბლექ სი სატის “ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/1093-14; 24.02.2014), რომლის თანახმადაც შპს „ბლექ სი სატის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, შეიცვალა კომპანიის დამფუძნებლები და დირექტორი, კერძოდ:
დამფუძნებლის ცვლილება და წილების გადანაწილება: გიორგი აბუაშვილმა 10%-იანი, მამუკა ცქიტიშვილმა 5%-იანი, ლევან გიორგაძემ 5%-იანი წილები გაასხვისეს ამირან მამუჭაძის სასარგებლოდ (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო და (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან);
დირექტორის ცვლილება: მამუკა ცქიტიშვილის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა - ამირან მამუჭაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 25 ნოემბრის №10/312-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 26 თებერვალს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ბლექ სი სატისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების, 26-ე და 27-ე მუხლების დარღვევის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 13 მარტს, 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ბლექ სი სატს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040009025267). შეტყობინებით, მას ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 13 მარტის სხდომა გადაიდო 14 მარტისათვის, რომლის თაობაზეც შპს „ბლექ სი სატს“ ეცნობა შეტყობინებით (გზავნილის კოდი: 040009185292).
2014 წლის 14 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ბლექ სი სატის“ იურისტი მიხეილ ქადეიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ შპს „ბლექ სი სატის“ მიერ, სამწუხაროდ, დარღვეულ იქნა ყველა ზემოხსენებული მუხლები.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (25.02.2014; №10/312-14);
2. შპს „ბლექ სი სატის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/1093-14; 24.02.2014);
3. შპს „ბლექ სი სატის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
4. შპს „ბლექ სი სატის“ ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
5. შპს ,,ბლექ სი სატის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის კომისიის 2013 წლის 14 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ბლექ სი სატი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 24.03.2011.);
2. შპს „ბლექ სი სატს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების შემდეგ სახეობებზე: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი; ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება და სხვა;
3. შპს „ბლექ სი სატი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. შპს „ბლექ სი სატს“ არ მიუმართავს კომისიისათვის თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ, შესაბამისად არ მიუღია კომისიისაგან წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
5. შპს „ბლექ სი სატს“ კომისიაში არ წარმოუდგენია სათანადო დოკუმენტები კომპანიის დირექტორის ცვლილების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
6. შპს „ბლექ სი სატის“ დამფუძნებლებმა და წილის მფლობელებმა გიორგი აბუაშვილმა (10%), მამუკა ცქვიტიშვილმა (5%) და ლევან გიორგაზემ (5%) თავიანთი წილები გაასხვისეს - ამირან მამუჭაძის სასარგებლოდ;
7. შპს ,,ბლექ სი სატის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო მ) ქვეპუქნტის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ბლექ სი სატის“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავისი წილის გასხვისებით დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი, ხოლო კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღის ვადაში „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, კერძოდ კი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელის და გვარის ცვლილებების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობით, შპს „ბლექ სი სატის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ბლექ სი სატის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს და ამავე დროს, შპს „ბლექ სი სატს“ უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს შპს „ბლექ სი სატის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების, 26-ე და 43-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფთხილება შპს „ბლექ სი სატს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
2. შპს „ბლექ სი სატს“ დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; კერძოდ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: წილის შეძენის ფორმა; შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:
ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;
გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25% ან მეტია;
დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;
ე) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე და შპს „ბლექ სი სატის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბლექ სი სატისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6 ) შპს „ბლექ სი სატისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბლექ სი სატისათვის“ ჩაბარების დღიდან;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ბლექ სი სატის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი კ. ბექაური
