წვდომის მენიუ

შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 14 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014

მიღების თარიღი იანვარი 15, 2014

 

შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

    ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (18.12.2013 N10/1798-13), შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების თაობაზე, კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ ევალებოდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 2013 წლის 7 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე სამაუწყებლო ბადის ჩაწერა უწყვეტი ქრონომეტრაჟით და აღნიშნული ჩანაწერების კომისიაში წარმოდგენა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2013 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ აღნიშნული ჩანაწერები კომისიაში არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 27 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 9 იანვარს, 16.00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობა შპს რადიოკომპანია “საქართველოს ხმას“ შეტყობინებით (27.12.2013 N03/2858-13) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 8 იანვარს კომისიაში შემოვიდა შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მწყობრიდან გამოვიდა კომპანიის კუთვნილი კომპიუტერის პროცესორი, რომლითაც ხდებოდა სამაუწყებლო ბადის უწყვეტ რეჟიმში დაარქივება, შესაბამისად, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ამის გამო კომპანიამ ვერ უზრუნველყო კომისიაში შესაბამისი ჩანაწერების წარმოდგენა. განცხადებას თანდართული აქვს შპს „ლარგოს“ მიერ გაცემული ცნობა (29.10.2013) სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 28 ოქტომბერს შპს „ლარგოში“ შესაკეთებლად შევიდა შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ კუთვნილი კომპიუტერის პროცესორი. როგორც ცნობაშია აღნიშნული, ჩატარებულმა დიაგნოსტიკამ გამოავლინა მყარი დისკის (HDD) პრობლემა. ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან მყარ დისკზე არსებული ინფორმაციის აღდგენა შეუძლებელი იყო, კომპიუტერის პორცესორი შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ უკან დაუბრუნდა. განცხადებას ასევე თანდართული აქვს მიღება-ჩაბარების აქტები N281013/1 და N291013/1.

    კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 9 იანვრის სხდომაზე, რომელსაც არ დასწრებია შპს „საქართველოს ხმის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. კომისიის 2014 წლის 9 იანვრის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (09.01.2013 N10/44-14), სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 9 იანვრის მდგომარეობით შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N414/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის საფუძველზე, კერძო მაუწყებლობის NB67 ლიცენზიიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 3,326.00 ლარის ოდენობით, ხოლო კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N475/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის საფუძველზე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 4,455.00 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მთლიანობაში კომპანიას საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 7,781.00 ლარის ოდენობით.

  კომისია აღნიშნავს, რომ რადიოკომპანია „საქართველოს ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა საკითხის განხილვის გადადება და შპს რადიოკოპანია „საქართველოს ხმისთვის“ დამატებითი შეტყობინებისა და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის გაგზავნა, რათა შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ შესაძლებლობა მისცემოდა  გასცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში.

                კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 15 იანვრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ დირექტორი მამული კუჭავა, რომელმაც კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ  წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ბადის უწყვეტი ქრონომეტრაჟით ჩანაწერის წარმოდგენა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ დაზიანდა კომპანიის კომპიუტერის პორცესორი, რაზედაც ხდებოდა სამაუწყებლო ბადის ჩაწერა, ხოლო რაც შეეხება სალიცენზიო გადასახდელის დაავალიანებას, მამული კუჭავამ აღიარა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება და აღნიშნა, რომ კომპანია განიცდის ფინანსურ პრობლემებს, რის გამოც ვერ მოხერხდა სალიცენზიო გადასახდელის გადახდა.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმა“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB67 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N475/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტისა და კერძო მაუწყებლობის NB67 ლიცენზიის სალიცენიო პირობების შესაბამისად, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმა“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.

5. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე.

6. კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა.ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე მაუწყებლები  ვალდებულნი არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას,  ყოველი კვირის პარასკევ დღეს, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით, წარუდგინოს წინა კვირის  პარასკევიდან  (თარიღი) პარასკევამდე (თარიღი) სამაუწყებლო ბადის ჩანაწერი უწყვეტი ქრონომეტრაჟით.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ:

1. კომისია ვერ გაიზიარებს  ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას კომპანიის კომპიუტერის პროცესორის დაზიანებასთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ცნობა, მიღება-ჩაბარების აქტები) შესაბამისად ირკვევა, რომ შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიერ შპს „ლარგოში“ შესაკეთებლად წარდგენილ იქნა კომპიუტერის პროცესორი 2013 წლის 28 ოქტომბერს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომისია მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს შესაკეთებლად წარდგენილი კომპიუტერის პროცესორი ნამდვილად წარმოადგენს თუ არა იმ ტექნიკურ აღჭურვილობას, რომელზედაც ხდებოდა რადიოკომპანიის სამაუწყებლო ბადის უწყვეტ რეჟიმში ჩაწერა. ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი, რა დროსაც მაუწყებლებს ევალებოდათ კომისიაში ყოველი კვირის პარასკევ დღეს, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით, წინა კვირის  პარასკევიდან  პარასკევამდე, უწყვეტი ქრონომეტრაჟით სამაუწყებლო ბადის ჩანაწერის წარმოდგენა დაიწყო 2013 წლის 7 სექტემბერს, შესაბამისად, 2013 წლის 7 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში ყოველი კვირის პარასკევ დღეს, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმა“ ვალდებული იყო კომისიაში წარმოედგინა აღნიშნული ინფორმაცია, რაც არ განუხორციელებია;

შესაბამისად, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიერ დარღვეულ იქნა კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა.ე) ქვეპუნქტი.

2. კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N469/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიმართ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიერ კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N414/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულების, კერძოდ სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობის გამო. კომისიის ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ დარღვევის ნებაყოფლობით აღმოფხვრისა და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 3,326.00 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდისთვის მიეცა 3 თვიანი ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 9 იანვრის N10/44-14 სამსახურებრივი ბარათიდან და ასევე კომპანიის დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ იქნა გადახდილი სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება  3,326.00 ლარის ოდენობით, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N475/6 გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ კერძო მაუწყებლობის NB67 ლიცენზიის მოდიფიცრება და მოქმედების ვადის გაგრძელება. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ დაეკისრა კერძო მაუწყებლობის NB67 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 10,692.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადხდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკით:

891.00 ლარი – 2013 წლის 26 აგვისტომდე;

891.00 ლარი – 2013 წლის 26 სექტემბრამდე;

891.00 ლარი – 2013 წლის 26 ოქტომბრამდე;

891.00 ლარი – 2013 წლის 26 ნოემბრამდე;

891.00 ლარი – 2013 წლის 26 დეკემბრამდე;

891.00 ლარი – 2014 წლის 26 იანვრამდე;

891.00 ლარი – 2014 წლის 26 თებერვლამდე;

891.00 ლარი – 2014 წლის 26 მარტამდე;

891.00 ლარი – 2014 წლის 26 აპრილამდე;

891.00 ლარი – 2014 წლის 26 მაისამდე;

891.00 ლარი – 2014 წლის 26 ივნისამდე;

891.00 ლარი – 2014 წლის 26 ივლისამდე;

                როგორც კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 9 იანვრის N10/44-14 სამსახურებრივი ბარათიდან და ასევე კომპანიის დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებიდან ირკვევა შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიერ არ იქნა გადახდილი კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N475/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკით გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელის ნაწილი (2013 წლის 26 აგვისტოდან 2013 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით), შესაბამისად, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ დავალიანებამ შეადგინა 4,455.00 ლარი.

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე კერძო მაუწყებლობის NB67 ლიცენზიიდან გამომდინარე ჯამში ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 7,781.00 ლარის ოდენობით.

                შესაბამისად, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის, კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N469/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N475/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევას.

იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N469/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიმართ, სანქციის სხით უკვე გამოყენებული იქნა გაფრთხილება და კომპანიის მიერ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ იქნა აღმოფხვრილი 2013 წლის 26 ივლისის N469/18 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დარღვევა და ამავე დროს, კომპანიის მიერ სანქციის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში ჩადენილია ახალი დარღვევა, კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან და 72-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს ხმის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (09.01.2014 N10/42-14) შესაბამისად, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ წლიური შემოსავლის 0,5% ნაკლებია 2500 ლარზე, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2,500.00 ლარი. ამავე დროს, შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ უნდა დაეკისროს ვალდებულება, ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების 7,781.00 ლარის გადახდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების,  71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმას“ 2500.00 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის, კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა.ე) ქვეპუნქტის, კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N469/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N475/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

2. უზრუნველყოს შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს სახელმწიფო  ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში;

- ანგარიშის ნომერი  -  200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა;

- კოდი  - TRESGE22

- სახაზინო კოდი - 300773251;

3. შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმამ“ უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N469/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის N475/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ნებაყოფლობითი შესრულება და კერძო მაუწყებლობის №B67 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების, ჯამში - 7,781.00 (შვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაერთი) ლარის ოდენობით,  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ა/ა  - N200122900;

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -TRESGE22;

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773062;

4. შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმა“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმისთვის“ გაგზავნა;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს რადიოკომპანია „საქართველოს ხმისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2,  მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

11 კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                    ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი.მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები