წვდომის მენიუ

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახე

ნომერი: 140 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2014

მიღების თარიღი მარტი 14, 2014

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 27 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად (ვებგვერდი, 09/10/2013  სარეგისტრაციო კოდი  450140000.05.001.017165) შეიცვალა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განწესების წესი და ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომისიის ერთ-ერთი წევრის კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნისა, განისაზღვრა, რომ კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით (მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებს,  კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შემუშავდეს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და აღნიშნულის მიზნით  განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2014 წლის 30 იანვრის N61/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კომისიის დადგენილების მიღების მიზნით. ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 27 თებერვლის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად, ზეპირი მოსმენის სხდომაზე დასახელდა 2014 წლის 14 მარტი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 14 მარტის სხდომაზე საკითხის განხილვის დროს გამოიკვეთა კომისიის წევრების არაერთგვაროვანი პოზიცია კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში, კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების თაობაზე. კერძოდ, ერთ-ერთ სადაო საკითხს წარმოადგენდა კომისიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით, კენჭისყრის ფარულობის საკითხი; კომისიის წევრ კახი ბექაურის მოსაზრებით, კომისიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით დებულებაში უნდა განსაზღვრულიყო ღია სახელობითი კენჭისყრა;  კომისიის წევრებმა აკაკი სიხარულიძემ (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი) და ირაკლი მოსეშვილმა აღნიშნეს, რომ კომისიის თავმჯდომარის არჩევნები მიზანშეწონილია ჩატარდეს არა ღია, არამედ ფარული კენჭისყრით; კომისიის წევრების აზრით არჩევის ფარულობა გამორიცხავს ყოველგვარ უხერხულობას ხმის მიცემასთან დაკავშირებით და არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს მიეცემა შესაძლებლობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განახორციელოს საკუთარი არჩევანი.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, კენჭი ეყარა დადგენილების იმ პროექტს, რომელიც გამოქვეყნებული იყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში და რომელიც ითვალისწინებდა კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებას ღია სახელობითი კენჭისყრით.

კომისია აღნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა კომისიის წევრმა კახი ბექაურმა, შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომისიის სამმა წევრმა (აკაკი სიხარულიძე, ირაკლი მოსეშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი). კენჭისყრის შედეგად, კომისიის წევრმა სოფიო ბრიტანჩუკმა მხარი დაუჭირა დადგენილების იმ პროექტს, რომელიც გამოქვეყნებული იყო საჯარო გაცნობისთვის, ხოლო კომისიის წევრებმა აკაკი სიხარულიძემ და ირაკლი მოსეშვილმა დადგნილების აღნიშნულ პროექტს მხარი არ დაუჭირეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით. იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილების მიღებას მხარი დაუჭირა კომისიის მხოლოდ ერთმა წევრმა - სოფიო ბრიტანჩუკმა, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის დადგენილება ვერ იქნა მიღებული.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებს და აუცილებელია თავად კომისიის მიერ მიღებულ იქნას კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი, კომისიამ 2014 წლის 14 მარტის სხდომაზე კენჭი უყარა გადაწყვეტილებას,  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის მიზნით განმეორებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, კომისიის სამი წევრის (აკაკი სიხარულიძე, ირაკლი მოსეშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი) მიერ მიღებულ იქნა ერთხმად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061-ე მუხლების, VII და IX თავების, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) დადგენილების განახლებული პროექტის მომზადება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 14 აპრილს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                    ა.სიხარულიძე

კომისიის წევრები:                                                                                          ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                                ი.მოსეშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები