წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ენერჯი გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B150 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ნომერი: 15 / 4

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2014

მიღების თარიღი იანვარი 15, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და  შპს „ენერჯი გრუპის“ კერძო  მაუწყებლობის  №B150  ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, ხოლო მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე. ამავე კანონის 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და  41-ე მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართეს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა” (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №7/189-13, 08.05.2013წ), შპს ,,არტპალასმა” (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №7/191-13, 10.05.2013წ., №7/190-13, 10.05.2013წ. და №6/2932-13, 03.06.2013წ.), შპს ,,რადიო კომერსანტმა” (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №7/209-13, 27.05.2013წ., და №6/2931-13, 03.06.2013წ.), შპს ,,მედია პაბმა” (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №7/226-13, 04.06.2013წ), შპს ,,რადიო იმედმა” (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №7/233-13, 07.06.2013წ და №7/212-13, 28.05.2013წ.) და მოქალაქე ბ.ლოგუამ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №9/29-13, 18.04.2013წ.) თბილისში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი თბილისში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, რის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ,,კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2013 წლის 21 ივნისის №403/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინეს შპს „არტ პალასმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/21-13, 19.07.2013), შპს ,,ენერჯი გრუპმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/22-13, 22.07.2013),  შპს ,,სტერეო +”-მა (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/23-13, 22.07.2013), შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/24-13, 22.07.2013) და შპს ,,არტ რადიომ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/25-13, 22.07.2013).

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად კომისიამ გამოარკვია, რომ ხუთივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა საკონკურსო პირობებს. კერძოდ, კომპანიების მიერ წარმოდგენილ იქნა: ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) ამოწურვადი რესურსის სარგებლობის საფასურის 10%–ს გადახდის დამადასტურებელი საბუთი; დ)ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) შესაბამისობის დეკლარაცია; ვ) სამაუწყებლო კონცეფცია; ზ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; თ) ცნობა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადის შესახებ; ი) ცნობა დაფინანსების შესახებ. ამასთან, შპს ,,ენერჯი გრუპმა“, ისევე როგორც კონკურსში მონაწილე სხვა კომპანიებმა, მათ მიერ წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციებში დაადასტურეს, რომ კომპანიები და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს, ან აქციებს პირდაპირ, ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილებით თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე,  კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებით შპს „ენერჯი გრუპს“ მიეცა კერძო  მაუწყებლობის №B150 ლიცენზია (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 1 ნოემბრამდე).

კომისია აღნიშნავს, 2013 წლის 20 ნოემბერს მედიაში http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/25606/ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენს შპს „ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, იმავდროულად არის საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო  მისი პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია კომისიას წერილობით მიაწოდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: №6/6779-13, 21.11.13), სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,ენერჯი გრუპის“ 20% წილის მფლობელი მესაკუთრე და დირექტორი არის კახა ბაინდურაშვილი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მისი პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ განმარტებით,  ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლების შესაბამისად, არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, კომისიას არ უნდა გაეცა მაუწყებლობის ლიცენზია შპს ,,ენერჯი გრუპისთვის“. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ მიაჩნია, რომ შპს ,,ენერჯი გრუპმა“ კომისიის წევრები შეიყვანა შეცდომაში, რის შედეგად კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინააღმდეგობაში მოდის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და შესაბამისად, ის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ბათილია.

2013 წლის 26 ნოემბერს, კომისიამ წერილობით (№ 02/2555-13; 26.11.13.) მიმართა შპს ,,ენერჯი გრუპს“ და შპს ,,TV3“-ს და მოითხოვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების წარმოდგენა.

კომისიის 2013 წლის 26 ნოემბრის წერილის პასუხად, შპს ,,ენერჯი გრუპისა“ და შპს ,,TV3“-ის პარტნიორმა და დირექტორმა კახა ბაინდურაშვილმა, კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: №6/7058-13.; 12.12.13.) აცნობა, რომ ის ნამდვილად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი 2011 წლიდან. ამასთან განმარტა, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის საჯარო სამართლის კორპორაცია, რაც ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია წევრობაზე. ასეთი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად, თვისობრივად, სამართლებრივად და შინაარსობრივად განსხვავდებიან სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მოქმედებს და შექმნილია ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ სპეციალური კანონის შესაბამისად, რომლის პირველი მუხლი ზუსტად განსაზღვრავს პალატის, როგორც ბიზნეს გაერთიანების ძირითად არსს და სტრუქტურას. კერძოდ, პალატა აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნებსა და ამოცანებს, რომლის შესაბამისადაც იგი წარმოადგენს ბიზნეს სუბიექტებს და ახორციელებს მათი ინტერესების დაცვას. ამდენად, პალატა არის ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი და არა სახელმწიფო და ადმინისტრაციული ფუნქციების გამტარებელი ორგანიზაცია. ასე რომ არ იყოს, პალატის ძირითადი მმართველობის ორგანოს - პალატის საბჭოს წევრები, რომლებიც არიან საქართველოს მოქმედი ბიზნეს ასოციაციების და გაერთიანებების წარმომადგენლები, ავტომატურად ჩაითვლებოდნენ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირებად, რაც ყოვლად დაუშვებელია. შპს ,,ენერჯი გრუპის“ დირექტორი და დამფუძნებელი კ.ბაინდურაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ მის მიერ შპს ,,TV3“-ის წილის შეძენისას და დირექტორად დანიშვნისას, ასევე შპს ,,ენერჯი გრუპის“ მიერ რადიოს ლიცენზიის მოპოვებისათვის კანონით დადგენილი წესით განცხადების შეტანისას იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, რაც ასახულია კომისიაში წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაში.  აღნიშნული   გარემოება არ გამხდარა ლიცენზიის მოპოვებისა და  შპს ,,TV3“-ის წილის ნასყიდობის ცვლილებების ხარვეზის მიზეზი. აღნიშნული არავის გაუხდია სადავოდ და გაუგებარია თუ რატომ გახდა აქტუალური ამჟამად. შპს ,,ენერჯი გრუპის“ დირექტორისა და დამფუძნებელის კ. ბაინდურაშვილის განმარტებით, ის ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

2013 წლის 10 დეკემბერს, კომისიამ წერილობით (№ 02/2702-13; 10.12.13.) მიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას იმის თაობაზე, თუ რომელი წლიდან მუშაობდა კ.ბაინდურაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად, ხოლო ლაშა ჩხენკელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტად, ასევე, აღნიშნული პირები იყვნენ თუ არა ამ თანამდებობებზე 2013 წლის 26 აგვისტოსა და 2013 წლის 1 ნოემბერს.

კომისიის 2013 წლის 10 დეკემბრის წერილის პასუხად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წლის 18 დეკემბერს კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: №6/7053-13.; 20.12.13.) აცნობა, რომ 2011 წლის 19 ივლისს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრებაზე დელეგატების მიერ პალატის პრეზიდენტად არჩეულ იქნა კ.ბაინდურაშვილი, ხოლო ლ. ჩხენკელი არის პალატის ვიცე-პრეზიდენტი 2013 წლის 8 თებერვლიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე.  პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდიდან http://www.gcci.ge/?48/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90/ ირკვევა, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაარსდა 1960 წელს. ის აერთიანებს რეგიონალურ პალატებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს ბიზნესის განვითარებას. პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იგი შექმნილია და მუშაობს სპეციალური კანონის - ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ა) პუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის გ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარი მესაკუთრე არის პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი, შპს ,,ენერჯი გრუპი“, რომლის პარტნიორი და დირექტორი, ანუ ლიცენზიის ბენეფიციარი მესაკუთრე კახა ბაინდურაშვილი იმავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი,  არ შეიძლება ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების მიღების დროს, კომისიისთვის ცნობილი არ იყო, რომ შპს ,,ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელი და დირექტორი კახა ბაინდურაშვილი იმავდროულად იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; ამასთან, შპს ,,ენერჯი გრუპი“ კომისიაში წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაში მიუთითებდა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიაჩნია, რომ აღნიშნული ახლად გამოვლენილი გარემოება წარმოადგენდა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო - ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის დადგენილი წესით.

ვინაიდან კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილება, თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე, მიღებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებით შპს „ენერჯი გრუპს“ მიეცა კერძო  მაუწყებლობის №B150 ლიცენზია, აღნიშნული გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობა უნდა მომხდარიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2013 წლის 6 დეკემბრის № 728/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2014 წლის 8 იანვარს 16:00 სთ-ზე.

კომისიის 2013 წლის 6 დეკემბრის №728/23 გადაწყვეტილება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რითაც ყველას მიეცა საშუალება, მათ შორის შპს ,,ენერჯი გრუპს“, კომისიაში წარმოედგინა წერილობითი მოსაზრება შპს ,,ენერჯი გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B150 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ასევე,  კომისიის 2013 წლის 6 დეკემბრის №728/23 გადაწყვეტილება დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა შპს ,,ენერჯი გრუპს“, რომელიც მას ჩაბარდა 2013 წლის 14 დეკემბერს, რაც დასტურდება  შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტი (№03/2723-13; 14.12.12.).

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 დეკემბერს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში წერილობითი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 25.12.13.; №6/7402-13.) მოსაზრება წარმოადგინა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“, რომელსაც მიაჩნია, რომ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობას არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სზაკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტი. მისი განმარტებით, სზაკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ზოგად უფლებამოსილებას ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიუხედავად იმისა, კანონიერია თუ არა ადმინისტრაციული აქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი უკრძალავს ადმინისტრაციულ ორგანოს ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი. ორი პირობის კუმულატიურად არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყოს ძალადაკარგულად გამოაცხადოს აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი: ეს აქტი უნდა იყოს აღმჭურველი შინაარსის და უნდა იყოს გამოცემული კანონის შესაბამისად. თუ ეს ორი პირობა სახეზეა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს ადმინისტრაციული აქტი მხოლოდ ამავე მუხლში ჩამოთვლილ შემთხვევებში. სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტი გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც კანონის შესაბამისად იყო გამოცემული, მაგრამ შეიცვალა გარემოებები იმდაგვარად, რომ კანონის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ვეღარ დარჩება ძალაში. ამის გარდა, თუ მოხდება შპს ,,ენერჯი გრუპის“  ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადება სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შპს ,,ენერჯი გრუპს“ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რაც ეწინააღმდეგება კანონის დარღვევით გამოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების პრინციპებს. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ განმარტავს, რომ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში შპს ,,ენერჯი გრუპმა“ მონაწილეობა მიიღო ისე, რომ მისი ხელმძღვანელი და წილის მესაკუთრე ამავდროულად იყო ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, რაც წარმოადგენდა მისი სალიცენზიო განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ენერჯი გრუპის“ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობასთან დაკავშირებით შეუთავსებლობის არსებობა კომისიისათვის ცნობილი გახდა კონკურსის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული წარმოადგენს შპს ,,ენერჯი გრუპისათვის“ გაცემული ლიცენზიის ბათილად ცნობის და არა ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს, ვინაიდან საქმე გვაქვს კანონის დარღვევით გამოცემულ და არა კანონიერად გამოცემული აქტის გაუქმებასთან. ლიცენზიის ფლობასთან დაკავშირებით შეუთავსებლობა არსებობდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, შპს ,,ენერჯი გრუპმა“ კომისიას მიმართა საკონკურსო განცხადებით. აღნიშნული, სზაკ-ის მე-601  მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არის კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 -ე მუხლებს. კომისიას კონკურსის ფარგლებში რომ გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოებები, არ მიიღებდა სადავო გადაწყვეტილებებს. ამასთან, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ მიაჩნია, რომ გამარჯვებულის გამოვლენისა და ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებების გაუქმების შემდეგ, კომისიამ სალიცენზიო განცხადებებზე უნდა იმსჯელოს 2013 წლის 21 ივნისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, კომისიაში შეტანილი დოკუმენტების საფუძველზე, შესაბამისი მხარეების მონაწილეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 3 იანვარს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიას რეკომენდაციით (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 03.01.14.; №6/11-14.) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელმაც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ 2013 წლის 17 სექტემბრის №2263/1 განცხადების საფუძველზე შეისწავლა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კომისიის მიერ  აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას  დარღვეულია: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 დასაბუთებული გადაწყვეტილება კომისიამ გამოაქვეყნა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღიანი ვადის დარღვევით, 2013 წლის 27 სექტემბერს; ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ვინაიდან დალუქული საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შემდეგ, კომისიის მიერ არ მოხდა მათი საჯაროობის უზრუნველყოფა, რაც მიზნად ისახავს კონკურსის გამჭირვალობის უზრუნველყოფას, საკონკურსო დოკუმენტის შეცვლის ან დამატების შესაძლებლობის აღმოფხვრასა და ამით საკონკურსო პროცესისადმი და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებისადმი მონაწილეთა ნდობის ამაღლებას; ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები, ვინაიდან კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია აუდიტორიის ინტერესების კრიტერიუმზე დაყრდნობით, არ იყო გათვალისწინებული სხვა კონკურსანტების პროგრამული მრავალფეროვნება, მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა; ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლები, ვინაიდან კონკურსში გამარჯვებული კომპანიის - შპს ,,ენერჯი გრუპის“ პარტნიორი და დირექტორი კ.ბაინდურაშვილი იმავდროულად წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, რომელიც   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, კ.ბაინდურაშვილი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10  გადაწყვეტილება არის ბათილი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 8 იანვარს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა: შპს ,,ენერჯი გრუპის“ დირექტორი და დამფუძნებელი კ.ბაინდურაშვილი, შპს ,,ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელი ლ.ჩხენკელი, შპს ,,ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლები ბ.ჯიქია და გ.აღდგომელაძე; შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დირექტორი რ.სამხარაძე და წარმომადგენლები ე.ციმაკურიძე და გ.გოცირიძე; საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გ.ოსიყმაშვილი.

2014 წლის 8 იანვრის კომისიის სხდომაზე შპს  ,,ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის საჯარო სამართლის კორპორაცია, რაც ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია წევრობაზე. ასეთი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად, თვისობრივად, სამართლებრივად და შინაარსობრივად განსხვავდებიან სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან, რომლებსაც გადაცემული აქვთ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება. ამდენად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი განასხვავებს ორგვარ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლებიც მათი საქმიანობისა და ფუნქციების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მოქმედებს და შექმნილია ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ სპეციალური კანონის შესაბამისად, რომლის პირველი მუხლი ზუსტად განსაზღვრავს პალატის, როგორც ბიზნეს გაერთიანების ძირითად არსს და სტრუქტურას. კერძოდ, პალატა აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს. მეწარმე სუბიექტები ნებაყოფლობით წევრიანდებიან პალატაში და სახელშეკრულებო საწყისებზე იღებენ მისგან მომსახურებებს გარდა საჯარო ადმინისტრაციული მომსახურებისა, ვინაიდან აღნიშნული მომსახურების გაწევის უფლება პალატას არ გააჩნია. პალატის სტრუქტურა მოწყობილია კორპორაციული ინტერესების გათვალისწინებით, მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საერთო კრება, რომელიც შედგება ბიზნეს სუბიექტებისაგან, კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული ასოციაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც თავის მხრივ არიან მოქმედი ბიზნესმენები. პალატის პრეზიდენტი 4 წლის ვადით აირჩევა საერთო კრების მიერ, რა დროსაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ იგი იყოს ბიზნესმენი. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონი ამომწურავად განსაზღვრავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნებსა და ამოცანებს, რომლის შესაბამისადაც იგი წარმოადგენს ბიზნეს სუბიექტებს და ახორციელებს მათი ინტერესების დაცვას და არა სახელმწიფო და ადმინისტრაციული ფუნქციების გამტარებელ ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივ ურთიერთობებში სხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან პალატა თავისი ფუნქციებითა და საქმიანობის შინაარსის გათვალისწინებით არ არის ადმინისტრაციული ორგანო. ამის მაგალითი შეიძლება იყოს საჯარო რეესტრთან ურთიერთობა, სადაც, პალატას, როგორც კერძო სამართლის სუბიექტს, ყოველთვის მოეთხოვება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახის მოქმედების შესრულებისას, რაც განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტებისაგან. ასევე არ არსებობს ნორმა, რომლის შესაბამისადაც გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სასამართლოში ადმინისტრაციული წესით.  შპს ,,ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლების განმარტებით, არსებული მიდგომა საქართველოში პალატის მიმართ დამკვიდრებულია წლების განმავლობაში. ასეთივეა საერთაშორისო პრაქტიკა, კერძოდ, მსოფლიოში არსებული სავაჭრო პალატები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ზოგადად სავაჭრო-სამრეწველო პალატის არსს, ხოლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით პალატა შეიძლება მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციულ ორგანოდ, რაც გამოიწვევს მნიშვნელოვან, არსებით სამართლებრივ და შინაარსობრივ შედეგებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის და შესაბამისად ასეულობით კომპანიისათვის, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან პალატასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება იმსჯელოს და განმარტოს არის თუ არა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ადმინისტრაციული ორგანო, მითუმეტეს შეცვალოს დამკვიდრებული იურიდიული პრაქტიკა. იმის გასარკვევად, არის თუ არა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ადმინისტრაციული  ორგანო, შპს ,,ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლებმა კომისიას მიმართეს შუამდგომლობით, ამ კითხვით კომისიას მიემართა საქართველოს პარლამენტისთვის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა.

2014 წლის 8 იანვარს, კომისიის სხდომაზე, შპს  ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის საჯარო  სამართლის იურიდიული პირი. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის ორგვარი, წევრობაზე დაფუძნებული რაც არის კორპორაცია ან დაწესებულება, რომელიც არ არის წევრობაზე დაფუძნებული. ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ერთ-ერთი სახე არის საჯარო სამართლის კორპორაცია, რასაც წარმოადგენს სავაჭრო სამრეწველო პალატა. ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი პირდაპირ მიიჩნევა ადმინისტრაციულ ორგანოდ. ამავე დროს, სავაჭრო სამრეწველო პალატა ერთმნიშვნელოვნად ასრულებს საჯარო ფუნქციებს. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განიმარტება ისე, როგორც ეს განმარტებულია ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. აღნიშნულ მუხლებს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ სავაჭრო სამრეწველო პალატა არის ადმინისტრაციული ორგანო. ,,საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი.  პალატა ახორციელებს  საჯარო ფუნქციებს, პალატის შექმნის მიზანი არის ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა პირდაპირ არის საქართველოს მთავრობის ფუნქცია. ეს არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-7 პუნქტით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა არის მთავრობის ერთერთი ფუნქცია. ამ მიზნის მისაღწევად პალატა ახორციელებს მთელ რიგ მოქმედებებს, მაგ. გასცემს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელ პალატის ნიშანს - წარმოებულია საქართველოში; ევრო ერთი სერთიფიკატის გაცემა და დამოწმება და ა.შ. ასეთი ფუნქციები არ შეიძლება ჰქონდეს კერძო სუბიექტს, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს თუ სახელმწიფოსგან იქნება დელეგირებული. სწორედ ის მომენტი, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის კანონით შექმნილი, ეს თავისთავად წარმოადგენს იმას, რომ სახელმწიფომ შექმნა კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი თავისი გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად. გარდა ამისა სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ კანონის მე-8 მუხლში პირდაპირ წერია, რომ პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ მინისტრი. ეს არგუმენტები საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ სავაჭრო - სამრეწველო პალატა, როგორც ფორმალურად, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ასევე შინაარსობრივად მისი ფუნქციების გათვალისწინებით, არის ადმინისტრაციული ორგანო. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ განმარტებით, მიუხედავად იმისა, კომისიამ იცოდა თუ არა გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი იმავდროულად იყო შპს „ენერჯი გრუპის“ მეწილე, ეს ფაქტი არის ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და არა ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 მუხლის თანახმად, მხოლოდ კანონის შესაბამისად გამოცემული აქტი შეიძლება იყოს გამოცხადებული ძალადაკარგულად და უქმდება ძალადაკარგულად გამოცხადების მომენტიდან, განსხვავებით იმ შემთხვევიდან, როდესაც ბათილად ხდება აქტის ცნობა, ანუ უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა. ამდენად, ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს აქტი, რომელიც გამოცხადების მომენტამდე იყო კანონიერი, მაგრამ რაღაც მომენტში, როდესაც დადგა ამ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი ის უკვე აღარ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. ჩვენს შემთხვევაში, კომისიის მიერ შპს ,,ენერჯი გრუპისთვის“ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, შპს ,,ენერჯი გრუპს“ უკვე ჰქონდა შეუსაბამობა კანონთან, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად მისი ბათილად ცნობის საფუძველია. 

2014 წლის 8 იანვრის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილება;

2.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილება;

3. შპს ,,ენერჯი გრუპის” განაცხადი (კომისიაში რეგისტრაციის №11/22-13; 22.07.2013.) კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად;

4. კომისიის 2013 წლის 26 ნოემბრის №02/2554-13 წერილი შპს ,,ენერჯი გრუპს“ და შპს ,,TV3”-ს;

5. შპს ,,ენერჯი გრუპის“ პარტნიორისა და დირექტორის კახა ბაინდურაშვილის 2013 წლის 12 დეკემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: № 6/7058-13.; 12.12.13.);

6. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის 2013 წლის 18 დეკემბერის №686/1 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: №6/7053-13.; 20.12.13.);

7. კომისიის 2013 წლის 6 დეკემბრის №728/23 გადაწყვეტილების შპს ,,ენერჯი გრუპისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ 2013 წლის 25 დეკემბერის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 25.12.13.; №6/7402-13.);

9. საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის 30 დეკემბრის №04-9/3209 რეკომენდაცია (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 3.01.14.; №6/11-14.);

10. კომისიის სხდომაზე  შპს ,,ენერჯი გრუპის“ წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

11. კომისიის სხდომაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

12.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდი -

http://www.gcci.ge/?48/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90/;

13. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

2014 წლის 15 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომისიაში შემოსული საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 10 იანვრის თქვენი წერილის პასუხად, რომლითაც ითხოვთ განმარტებას იმის შესახებ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს თუ არა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს,  გაცნობებთ შემდეგს: 

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა შემდეგ სამართლებრივ არგუმენტს: ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია. მართალია კანონი პალატასთან მიმართებაში სიტყვასიტყვით არ იყენებს ტერმინს ,,იურიდიულ პირი“, მაგრამ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება დაფუძნებული იყოს წევრობაზე (საჯარო სამართლის კორპორაცია), ანდა შეიქმნას საჯარო ან სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად გარკვეული სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების განკერძოების გზით (დაწესებულება). აქედან შეიძლება ცალსახა დასკვნის გაკეთება, რომ საჯარო სამართლის კორპორაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ერთი კერძო შემთხვევა. ამის გარდა, სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლი მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. კანონში არსად არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ პალატა შეიძლება კერძო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნდეს. პირიქით, კანონის მიხედვით, პალატა საჯარო სამართლით მოწესრიგებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი წარმონაქმნია.

2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნევს ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე სადავოდ მიიჩნევს წინამდებარე განმარტების პირველ პუნქტში აღნიშნულ დასკვნას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სავსებით აკმაყოფილებს ამავე მუხლის მეორე წინადადებით დადგენილ კრიტერიუმს, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, ჩაითვლება ადმინისტრაციულ ორგანოდ. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით მას მნიჭებული აქვს მთელი რიგი უფლებამოსილებებისა, რომლებსაც ვერ განახორციელებს ვერც ერთი სხვა დაწესებულება ან ორგანიზაცია, ანუ მის უფლებამოსილებებს აქვს საჯარო სამართლებრივი ხასიათი.

3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პალატის (ანუ ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე - ადმინისტრაციული ორგანოს) უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი.

2014 წლის 15 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წერილობითი მოსაზრება (№700/1.; 10.01.2014; კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: №6/69-14; 10.01.14.), სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის საჯარო სამართლის კორპორაცია, რაც ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია წევრობაზე. ასეთი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად, თვისობრივად, სამართლებრივად და შინაარსობრივად განსხვავდებიან სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან, რომლებსაც გადაცემული აქვთ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება. ამდენად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი განასხვავებს ორგვარ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლებიც მათი საქმიანობისა და ფუნქციების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მოქმედებს და შექმნილია ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ სპეციალური კანონის შესაბამისად, რომლის პირველი მუხლი ზუსტად განსაზღვრავს პალატის, როგორც ბიზნეს გაერთიანების ძირითად არს და სტრუქტურას. კერძოდ, პალატა აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს. მეწარმე სუბიექტები ნებაყოფლობით წევრიანდებიან პალატაში და სახელშეკრულებო საწყისებზე იღებენ მისგან მომსახურებებს გარდა საჯარო ადმინისტრაციული მომსახურებისა, ვინაიდან აღნიშნული მომსახურების გაწევის უფლება პალატას არ გააჩნია. პალატის სტრუქტურა მოწყობილია კორპორაციული ინტერესების გათვალისწინებით, მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საერთო კრება, რომელიც შედგება ბიზნეს სუბიექტებისაგან, კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული ასოციაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც თავის მხრივ არიან მოქმედი ბიზნესმენები. ხოლო პალატის პრეზიდენტი 4 წლის ვადით აირჩევა საერთო კრების მიერ, რა დროსაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ იგი იყოს ბიზნესმენი. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნებსა და ამოცანებს, რომლის შესაბამისადაც იგი წარმოადგენს ბიზნეს სუბიექტებს და ახორციელებს მათი ინტერესების დაცვას და არა სახელმწიფო და ადმინისტრაციული ფუნქციების გამტარებელ ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივ ურთიერთობებში სხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან პალატა თავისი ფუნქციებითა და საქმიანობის შინაარსის გათვალისწინებით არ არის ადმინისტრაციული ორგანო. ამის მაგალითი შეიძლება იყოს საჯარო რეესტრთან ურთიერთობა, სადაც, პალატას, როგორც კერძო სამართლის სუბიექტს ყოველთვის მოეთხოვება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახის მოქმედების შესრულებისას, რაც განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტებისაგან. ასევე არ არსებობს ნორმა, რომლის შესაბამისადაც გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სასამართლოში ადმინისტრაციული წესით.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განმარტებით, არსებული მიდგომა საქართველოში პალატის მიმართ დამკვიდრებულია წლების განმავლობაში. ასეთივეა საერთაშორისო პრაქტიკა, კერძოდ, მსოფლიოში არსებული სავაჭრო პალატები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ზოგადად სავაჭრო-სამრეწველო პალატის არსს, ხოლო კომისიის მიერ წარმოებული ადმინისტრაციული პროცესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით პალატა შეიძლება მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციულ ორგანოდ, რაც გამოიწვევს მნიშვნელოვან, არსებით სამართლებრივ და შინაარსობრივ შედეგებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის და შესაბამისად ასეულობით კომპანიისათვის, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან პალატასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება იმსჯელოს და განმარტოს არის თუ არა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ადმინისტრაციული ორგანო, მითუმეტეს შეცვალოს დამკვიდრებული იურიდიული პრაქტიკა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ითხოვს კომისიამ შეწყვიტოს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იურიდიული სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებული მსჯელობა.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 გადაწყვეტილებით თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე,  კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებით შპს „ენერჯი გრუპს“ მიეცა კერძო  მაუწყებლობის №B150 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 1 ნოემბრამდე;

დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი.

კომისიის ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,ენერჯი გრუპს“ დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:

ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები;

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

2. 2013 წლის 20 ნოემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენს შპს „ენერჯი გრუპის“ და შპს ,,TV3”-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, იმავდროულად არის საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო  მისი პრეზიდენტი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. აღნიშნული ინფორმაცია კომისიას წერილობით მიაწოდა, ასევე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“;

3.  2013 წლის 26 ნოემბერს, კომისიამ წერილობით (№ 02/2554; 26.11.13.) მიმართა შპს ,,ენერჯი გრუპს“ და შპს ,,TV3“-ს და მოითხოვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების წარმოდგენა. კომისიის 2013 წლის 26 ნოემბრის წერილის პასუხად, შპს ,,ენერჯი გრუპისა“ და შპს ,,TV3“-ის პარტნიორმა და დირექტორმა კახა ბაინდურაშვილმა, კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: №6/7058-13.; 12.12.13.) აცნობა, რომ შპს ,,ენერჯი გრუპისათვის“ ლიცენზიის გაცემის დროს ის იყო და დღემდე არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;

4. 2013 წლის 10 დეკემბერს, კომისიამ წერილობით (№02/2702-13; 10.12.13.) მიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას იმის თაობაზე, თუ რომელი წლიდან მუშაობდა კ.ბაინდურაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად, ხოლო ლაშა ჩხენკელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტად, ასევე, აღნიშნული პირები იყვნენ თუ არა ამ თანამდებობებზე 2013 წლის 26 აგვისტოსა და 2013 წლის 1 ნოემბერს. კომისიის 2013 წლის 10 დეკემბრის წერილის პასუხად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წლის 18 დეკემბერს კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: №6/7053-13.; 20.12.13.) აცნობა, რომ 2011 წლის 19 ივლისს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრებაზე დელეგატების მიერ პალატის პრეზიდენტად არჩეულ იქნა კ.ბაინდურაშვილი, ხოლო ლ.ჩხენკელი არის პალატის ვიცე-პრეზიდენტი 2013 წლის 8 თებერვლიდან;

5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდიდან http://www.gcci.ge/?48/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90/ ირკვევა, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაარსდა 1960 წელს. ის აერთიანებს რეგიონალურ პალატებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს ბიზნესის განვითარებას. პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იგი შექმნილია და მუშაობს სპეციალური კანონის - ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება დაფუძნებული იყოს წევრობაზე (საჯარო სამართლის კორპორაცია). ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი. სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ  საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საჯარო სამართლის კორპორაცია  არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება შესაბამისი კანონით და რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს.         ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პალატის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით. ამ მიზნის მისაღწევად, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ზ), თ), ი) და კ) ქვეპუნქტების შესაბამისად, პალატა ახორციელებს: საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის − „წარმოებულია საქართველოში“ − გაცემას; „ევრო-1“ სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას; რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პალატას დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, ხოლო 93-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მთავრობის ერთ-ერთი ფუნქციაა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის კანონის შესაბამისად, საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯარო სამართლის კორპორაცია). იმას, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ახორციელებს საჯარო მიზნებსა და ფუნქციებს, აღიარებს თავად პალატა თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში, სადაც მიუთითებს, რომ პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს რეგიონალურ პალატებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს ბიზნესის განვითარებას.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ,  ადმინისტრაციული ორგანო არის  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯარო სამართლის კორპორაცია) [1], ასევე, როგორც საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, კანონის შესაბამისად  შექმნილი პირი [2], წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს წევრთა საერთო კრება. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი, რომელსაც ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად ირჩევს საერთო კრება. ამასთან, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, რომელიც ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს,  მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, წარმოადგენენ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ვალდებულნი არიან საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო  პალატის პრეზიდენტი, არის  წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლის არჩევა ხდება პალატის  წევრთა საერთო კრების მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო  პალატა არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მისი  პრეზიდენტი, არის  ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. ვინაიდან ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლების შესაბამისად, არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, შპს ,,ენერჯი გრუპი“, რომლის პარტნიორი და დირექტორი, ანუ ლიცენზიის ბენეფიციარი მესაკუთრე კახა ბაინდურაშვილი იმავდროულად არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი,  არ შეიძლება ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების მიღების დროს, კომისიისთვის ცნობილი არ იყო, რომ შპს ,,ენერჯი გრუპის“ პარტნიორი და დირექტორი კახა ბაინდურაშვილი იმავდროულად იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; ამასთან, შპს ,,ენერჯი გრუპი“ კომისიაში წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაში მიუთითებდა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ახლად გამოვლენილი გარემოება წარმოადგენს კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა  და  93-ე მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბ) და გ1) ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  41-ე მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ე) ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის და IX თავის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ), თ), ი) და კ) ქვეპუნქტების,  მე-6 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს №529/10 და 2013 წლის 1 ნოემბრის №653/1 გადაწყვეტილებები და გაუქმდეს შპს „ენერჯი გრუპის“ კერძო  მაუწყებლობის  №B150  ლიცენზია;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

გ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ენერჯი გრუპისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ.ნინუა);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ენერჯი გრუპისთვის“  ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ვ.მახარაძე)

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                               აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                       ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები