შპს ,,მეცხრე არხის“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 09 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2014
მიღების თარიღი მარტი 24, 2014
შპს ,,მეცხრე არხის“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 09 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ივანე მახარაძის 2013 წლის 30 დეკემბრის N10/1871-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ შპს ,,მეცხრე არხმა“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის N B112 ლიცენზიას (ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით), შეწყვიტა მაუწყებლობა, რაც კომპანიის დირექტორის მიერ საჯაროდ იქნა გაცხადებული 2013 წლის 19 აგვისტოს. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიზაშეწონილად მიაჩნია, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, შპს ,,მეცხრე არხის“ კუთვნილი N B112 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის N71/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მეცხრე არხის“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 09 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2014 წლის 10 მარტს.
2014 წლის 10 მარტის კომისიის სხდომაზე გაიმართა ზეპირი მოსმენა შპს ,,მეცხრე არხის“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით. სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,მეცხრე არხის“ წარმომადგენელი. კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის N71/23 გადაწყვეტილება ,,შპს ,,მეცხრე არხის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 09 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“, შპს ,,მეცხრე არხს“ დაზღვეული საფოსტო გზავნილით, გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე, მაგრამ ჩაბარება ვერ მოხერხდა აღნიშნულ მისამართზე კომპანიის ,,აღარ ფუნქციონირების“ გამო და საფოსტო გზავნილი კომისიას უკან დაუბრუნდა, თუმცა ცნობა საჯარო გაცნობისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, ასევე კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის N71/23 გადაწყვეტილება ,,შპს ,,მეცხრე არხის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 09 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებული იყო კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე; შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა საშუალება წარმოედგინა მოსაზრება შპს ,,მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.
კომისიის მიერ განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 20 მარტი.
კომისიაში 2014 წლის 17 მარტს შემოვიდა შპს ,,მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წევრების: შპს ,,მეცხრე არხის“ განვითარების ყოფილი მენეჯერის რამაზ სამხარაძის, შპს ,,მეცხრე არხის“ ვაშინგტონის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის რუსუდან წერეთელის და შპს ,,მეცხრე არხის“ ბრიუსელის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ფოფხაძის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/1414-14), სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მას შემდეგ, რაც შპს ,,მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ლუბა ელიაშვილმა 2013 წლის 19 აგვისტოს ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და ამავე დღის 21:00 საათზე, შპს ,,მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,მეცხრე არხის“ მაყურებლისათვის დაბრუნების მოთხოვნით გარკვეული აქტივობები დაიწყეს შპს ,,მეცხრე არხის“ 150-მა ყოფილმა თანამშრომელმა, რომლებმაც შეხვედრასთან და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით შპს ,,აქცეპტის“ (შპს ,,მეცხრე არხის“ დამფუძნებელი) მფლობელებს წერილი გაუგზავნეს. სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ კი შექმნილია გვერდი, სადაც სულ უფრო მეტი ინტერნეტმომხმარებელი ითხოვს შპს ,,მეცხრე არხის“ მაუწყებლობის აღდგენას, გავრცელდა პეტიციაც. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე კომპანიის მფლობელთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა, წერილის ავტორები კომისიისგან ითხოვენ, შპს ,,მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების პროცესის დროებით გადადებას.
კომისიის 2014 წლის 20 მარტის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,მეცხრე არხის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დირექტორს - ვეფხვია დვალს, 2014 წლის 11 მარტს N03/502-14 შეტყობინებით პირადად ეცნობა საკითხის განხილვის თარიღისა და დროის შესახებ.
კომისიის 2014 წლის 20 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადნენ შპს ,,მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წევრები, მათ შორის შპს ,,მეცხრე არხის“ განვითარების ყოფილი მენეჯერი რამაზ სამხარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ადასტურებს შპს ,,მეცხრე არხის“ ყოფილ თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის 2014 წლის 17 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის N6/1414-14) წერილში დაფიქსირებულ პოზიციას და დაამატა, რომ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა კომუნიკაცია შპს ,,მეცხრე არხის’’ მფლობელებთან, რასაც გააჩნია გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ 4 დღის წინ დარეგისტრირდა მათი გვერდი და 4800–მდე მოწონება აქვს უკვე მათ ინიციატივას. აქტიური სარეკლამო კამპანია არ უწარმოებიათ, მაგრამ ტელემაყურებელთა ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ ასეთმა არხმა იარსებობს სამაუწყებლო სივრცეში. რამაზ სამხარაძემ თხოვნით მიმართა კომისიას, საკითხის განხილვის დღის, თვის ბოლომდე გადადების თაობაზე. მან დაამატა, რომ კომისია აბსოლუტურად კანონის დაცვით მოქმედებს, არის მართალი და ცალსახად უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შპს ,,მეცხრე არხის“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
კომისიამ ხმათა უმრავლესობით დააკმაყოფილა შპს ,,მეცხრე არხის“ საინიციატივო ჯგუფის თხოვნა ნაწილობრივ და საკითხის განხილვა გადადო 2014 წლის 24 მარტამდე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადების დაცვით.
კომისიის 2014 წლის 24 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა, შპს ,,მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წევრი რამაზ სამხარაძე, რომელმაც მადლობა მოახსენა კომისიას იმისათვის, რომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა. მან აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ შეხვედრას შპს ,,მეცხრე არხის“ მფლობელთან, მაგრამ უშედეგოდ; გარდა ზემოაღნიშნულისა, საინიციატივო ჯგუფი აწარმოებდა კამპანიას სოციალურ ქსელში, ასევე პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვების სახით დედაქალაქში; ამ დროისათვის 7000–მდე ადამიანი პეტიციაზე ხელმოწერით უჭერს მხარს შპს ,,მეცხრე არხის“ აღდგენას, 5500–ზე მეტი მოწონება აქვს ამ იდეას სოციალურ ქსელში, გვერდი გაიზიარა 130000–ზე მეტმა მნახველმა. რამაზ სამხარაძემ დაამატა, რომ ეს ინფორმაცია კავშირში არ არის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან, მაგრამ ამას ჰქონდა მხოლოდ საინფორმაცია ხასიათი. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა კომისიას, იმისათვის, რომ მათ მიეცათ საშუალება დაეფიქისრებინათ მზაობა იმისა, რომ შპს “მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა აღადგინოს და კომისია არის კეთილგანწყობილი ამ არხის მიმართ, როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი;
2014 წლის 10 მარტის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ივანე მახარაძის 2013 წლის 30 დეკემბრის N10/1871-13 სამსახურებრივი ბარათი, თანდართულ საგაზეთო სტატიებთან ერთად, რომლებშიც საუბარია შპს ,,მეცხრე არხის“ მიერ მაუწყებლობის შეწყვეტაზე;
2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 31 იანვრის N10/179-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, შპს ,,მეცხრე არხს“ 2013 წლის აგვისტოს თვის გაანგარიშების წარმოდგენის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები; მიუხედავად კომისიის მრავალი გაფრთხილებისა არ გადაუხდია რეგულირების ყოველწლიური საფასურის თანხა, რის საფუძველზე, შპს ,,მეცხრე არხს“ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 1370.32 ლარი.
3. კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის N71/23 გადაწყვეტილება შპს ,,მეცხრე არხის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 09 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
4. შპს ,,მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წევრების: შპს ,,მეცხრე არხის“ განვითარების ყოფილი მენეჯერის რამაზ სამხარაძის, შპს ,,მეცხრე არხის“ ვაშინგტონის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის რუსუდან წერეთლის და შპს ,,მეცხრე არხის“ ბრიუსელის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ფოფხაძის 2014 წლის 17 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის N6/1414-14) წერილი;
5. შპს ,,მეცხრე არხისათვის“ გზავნილის გაგზავნისა და მისი უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი - შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილი, გაგზავნის თარიღი 21.02.2014, გზავნილის კოდი: 040009024362;
6. შპს ,,მეცხრე არხის“ დირექტორ ვეფხვია დვალისათვის, კომისიის 2013 წლის 11 მარტის N03/502-14 შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - შეტყობინება, ჩაბარების დასტურით ხელმოწერილი შპს ,,მეცხრე არხის“ დირექტორის ვეფხვია დვალის მიერ 2014 წლის 11 მარტს.
7. კომისიის 2014 წლის 20 მარტის სხდომაზე შპს ,,მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წევრის რამაზ სამხარაზის მიერ გაკეთებული განცხადება;
8. შპს ,,მეცხრე არხის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
9. კომისიაში დაცული ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის N 461/1 გადაწყვეტილებით შპს ,,იგრიკას“ მიეცა №B112 ლიცენზია, ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; შპს ,,მეცხრე არხს“,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2012 წლის 5 ივლისს გავლილი აქვს ავტორიზაცია ტელემაუწყებლობაზე საკაბელო ქსელის გამოყენებით;
2. ,,შპს ,,იგრიკას“ კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის N812/2 გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიას მიეცა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით ტელემაუწყებლობის უფლება;
3. 2012 წლის 23 აპრილს შპს ,,იგრიკას“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შეიცვალა კომპანიის საფირმო სახელწოდება და შპს ,,იგრიკა“ გახდა შპს ,,მეცხრე არხი“;
4. შპს ,,მეცხრე არხმა“ შეწყვიტა მაუწყებლობა 2013 წლის 19 აგვისტოს, რაც დასტურდება, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ივანე მახარაძის 2013 წლის 30 დეკემბრის N10/1871-13 სამსახურებრივი ბარათით, მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტი საჯაროდ იქნა გაცხადებული შპს ,,მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის მიერ, აღნიშნული ასევე დაადასტურა შპს ,,მეცხრე არხის“ ყოფილ თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რამაზ სამხარაძემ, კომისიის 2014 წლის 20 მარტის კომისიის სხდომაზე; შპს ,,მეცხრე არხის მიერ სამაუწყებლო საქმიანობის შეწყვეტას ადასტურებს ასევე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 31 იანვრის N10/179-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, 2013 წლის აგვისტოს შემდეგ შპს ,,მეცხრე არხს“ არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გააანგარიშებები და ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 1 370.32 ლარის ოდენობით;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 მარტის ზეპირი მოსმენის კომისიის სხდომაზე გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, უტყუარად დასტურდება შპს ,,მეცხრე არხის“ მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა 2013 წლის 19 აგვისტოდან და ის ფაქტი, რომ შპს ,,მეცხრე არხი“ არ მაუწყებლობს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის; ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ,,შპს „იგრიკასთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2011 წლის 9 სექტემბრის N461/1 გადაწყვეტილება და უნდა გაუქმდეს შპს ,,მეცხრე არხის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B112 ლიცენზია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შპს „იგრიკასთვის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2011 წლის 09 სექტემბრის №461/1 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს ,,მეცხრე არხის’’ კერძო მაუწყებლობის № B112 ლიცენზია“;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მეცხრე არხისათვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ნინუა);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მეცხრე არხისათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
