წვდომის მენიუ

რიგი მაუწყებლებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 172 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2014

მიღების თარიღი მარტი 27, 2014

 

რიგი მაუწყებლებისათვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

                  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტებისის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

       ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

                კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2014 წლის 11 მარტს შემდგომი რეაგირების მიზნით წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის 2014 წლის 10 მარტის N10/387-14 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ რიგი მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლი. კერძოდ, შპს „ქედი სტუდიოს“, შპს „ამპლიტუდას“, ფიზიკურ პირ სოფიო კუჭავას და შპს „Altervision TV“-ს  არ გამოუქვეყნებიათ და არც კომისიში არ წარმოუდგენიათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული ინფორმაცია, რომლის წარმოდგენაც და გამოქვეყნებაც, მათ, როგორც მაუწყებლებს ევალებათ ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა, მაუწყებლის საკუთრების გამჭირვალეობის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 19 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ამპლიტუდას“, შპს „Altervision TV“-ის და ფიზიკური პირი სოფიო კუჭავას  მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის, ასევე მისი კუთვნილი NB11 ლიცენზიის  დანართი 2-ის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო, შპს „ქედი სტუდიოს“, შპს „ამპლიტუდას“, შპს „Altervision TV“-ის და ფიზიკური პირი სოფიო კუჭავას სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 27 მარტს 16:00 საათზე, რის თაობაზეც  შპს „ქედი სტუდიოს“, შპს „ამპლიტუდას“, შპს „Altervision TV“-ს და ფიზიკურ პირს სოფიო კუჭავას ეცნობათ წერილობითი შეტყობინებებით  და   მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ქედი სტუდიოს“,  შპს „ამპლიტუდას“,  შპს „Altervision TV“-ს და ფიზიკურ პირ სოფიო კუჭავას ასევე, განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2014 წლის 27 მარტის  სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ქედი სტუდიოს“ გენერალური დირექტორი შორენა გაფრინდაშვილი და  შპს „ამპლიტუდას“ დირექტორი გიორგი გოგოლაძე, რომლებმაც კომისიის სხდომაზე განაცხადეს, რომ მათ მიერ ნამდვილად დარღვეულია კანონის მოთხვნები. რაც შეეხება  შპს „Altervision TV“-ის უფლებამოსილ წარმომადგენელს  და ფიზიკური პირი სოფიო კუჭავას უფლებამოსილ წარმომადგენელს, იმის და მიუხედავად, რომ შპს „Altervision TV“-ის  ჩაბარდა წერილობითი შეტყობინება (გზავნილის კოდი: 040009187531), ხოლო ფიზიკურ პირ სოფიო კუჭავას შეტყობინება ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მეშევეობით, რასაც ფიზიკური პირი სოფიო კუჭავას მიერ ელექტორნული ფოსტით მოწერილი შეტყობინება ადასტურებს, ამ ორი მაუწყებლის უფლებამოსილი წარმოამდგენელი არ გამოცხადებულა კომისიის 2014 წლის 27 მარტის სხდომაზე. კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „Altervision TV“-ის  და ფიზიკური პირი სოფიო კუჭავას   წარმომადგენლების დაუსწრებლად.             

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 26 მარტს, ანუ სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ, ფიზიკრმა პირმა სოფიო კუჭავამ კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (კომისიაში რეგისტრაციის: N6/1721-14).

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: 

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 10 მარტის  N10/387-14 სამსახურებრივი ბარათი;

2.       შპს „ქედი სტუდიოს“  კერძო რადიომაუწყებლობის NB11   ლიცენზია;

3.       შპს „Altervision TV“-ს ამონაწერი მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრისდან;

4.       შპს „ამპლიტუდას“ ამონაწერი მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

5.       ფიზიკურუი პირი სოფიო კუჭავას ამონაწერი  მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

6.       შპს ,,ქედი სტუდიოს“ გენერალური დირექტორის მიერ კომისიის 2014 წლის 27 მარტის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

7.       შპს „ამპლიტუდას“ დირექტორის გიორგი გოგოლაძის მიერ კომისიის 2014 წლის 27 მარტის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს ,,ქედი სტუდიო“ წარმოადგენს კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის NB11 ლიცენზიის მფლობელს. NB11 ლიცენზიის დანართი N2-ის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ქედი სტუდიოს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება ყოველწლიურად წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

2.      შპს „ამპლიტუდა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობაზე, რომელსაც ავტორიზაცია  გავლილი აქვს 2013 წლის 20 მარტს,  კერძო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე. შპს „ამპლიტუდა“, როგორც მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

3.      შპს „Altervision TV“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობაზე, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 2012 წლის 12 ნოემბერს კერძო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე. შპს „Altervision TV“-ი, როგორც მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

4.      ფიზიკური პირი სოფიო კუჭავა წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობაზე, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კერძო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე, 2013 წლის 29 იანვარს. ფიზიკური პირი სოფიო კუჭავა, როგორც მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

5.      ზემოაღნიშნული მაუწყებლების  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

    ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

 შპს „ქედი სტუდიო“, შპს „ამპლიტუდა“, ფიზიკური  პირი სოფიო კუჭავა  და შპს „Altervision TV“-ი  ,  როგორც მაუწყებლები, ვალდებულნი არიან  შეასრულონ  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები.

 ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის  შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

კომისიას მიაჩნია, რომ  ვინაიდან  შპს „ქედი სტუდიოს“, შპს „ამპლიტუდას“, ფიზიკური  პირი სოფიო კუჭავას  და შპს „Altervision TV“-ის  მიერ  2014 წლის 1 თებერვლამდე არ იყო კომისიაში წარმოდგენილი და არც გამოქვეყნებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, მათ მიერ    დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  61-ე მუხლი,  ხოლო შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ, აგრეთვე, დარღვეულია მისი კუთვნილი NB11 ლიცენზიის დანართი N2-ის „მ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც ამ მაუწყებლების სანქცირების საფუძველია.

                კომისია აღნიშნავს, რომ  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე  ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი მაუწყებლის  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ისინი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდნენ.

        ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის, 71–ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს „ამპლიტუდას“ მიეცეს  გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის  61-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. შპს „ქედი სტუდიოს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის და მისი კუთვნილი კერძო NB11 ლიცენზიის დანართი 2-ის „მ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

3. ფიზიკურ პირ სოფიო კუჭავას მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის დარღვევის გამო;

4. შპს „Altervision TV“-ის    მიეცეს  გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის  61-ე მუხლის დარღვევის გამო;

5.  შპს „ქედი სტუდიოს“, შპს „ამპლიტუდას“, შპს „Altervision TV“-ს    დაევალოთ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეტყობინებების წარმოდგენა კომისიაში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად; კერძოდ: მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ; აგრეთვე, მაუწყებელმა „მაუწყებლობის შესახებ“ 61-ე მუხლის შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს;

6. ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში აღნიშნული მაუწყებლები, ვალდებულნი არიან,  ამავე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია  გამოაქვეყნონ საკუთარ ვებ-გვერდზე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ქედი სტუდიოსათვის“, შპს „ამპლიტუდასათვის“, ფიზიკური  პირი სოფიო კუჭავასათვის  და შპს „Altervision TV“-თვის    დაუყოვნებლივ გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქედი სტუდიოსათვის“, შპს „ამპლიტუდასათვის“, ფიზიკური  პირი სოფიო კუჭავასათვის  და შპს „Altervision TV“-თვის ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში;

10.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე)   შპს „ქედი სტუდიოს“,  შპს  „ამპლიტუდას“,  ფიზიკური  პირი სოფიო კუჭავას  და  შპს „Altervision TV“-ის   სანქცირებების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-5 და მე-6  პუქნტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე ( მე-5, მე-6 და მე-7  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                                             მოვალეობის შემსრულებელი                                                            აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                    ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                              კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები