შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2014
მიღების თარიღი მარტი 27, 2014
შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისი” ფლობს მაუწყებლობის №B28 ლიცენზიას 2014 წლის 23 აპრილამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის სიმაღლე – 30 მეტრი მიწის ზედაპირიდან, ქ. სენაკი;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” კუთვნილი მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა ლიცენზიის სახე მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” კერძო მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 29 აპრილს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
მოამზადა:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი მ. ქადეიშვილი
ვიზირებულია:
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ი. ხარებავა
სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კ. ყურაშვილი
რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის
უფროსი ს. შავგულიძე
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის
უფროსი ი. მახარაძე
საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ი. აბულაძე
