წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 175 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 10, 2014

მიღების თარიღი მარტი 27, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი #1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ივლისს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 25 ივლისს, კომისიას დაევალა ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში მაუწყებლებისგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა. კერძოდ, 70-ე მუხლის მე-4, 41 და 42 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებლების მიერ წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოფინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობიდან მიღებული შემოსავლის თაობაზე, ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ანგარიშგების ფორმები კომისიას წარუდგინოს ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. აღნიშნული ფორმები კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ფორმების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ამასთანავე, კომისიამ უნდა გაასაჯაროვოს იმ პირების ვინაობა, რომელთა მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციების კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში ასახვის მიზნით,  კომისიის 2013 წლის 23 სექტემბრის N 583/19 გადაწყვეტილებით განხორციელდა დამატება კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების დადგენილ დანართ 1-ს დაემატა ფორმა N1.5.

კომისია აღნიშნავს რომ, კომისიის მიერ განხორციელებულმა აღნიშნულმა დამატებამ გამოიწვია არაერთგვაროვანი გამოხმაურება როგორც მაუწყებლების, ასევე რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. შესაბამისად, კომისიაში არაერთი შეხვედრა ჩატარდა აღნიშნულ სტატისტიკურ ფორმებთან დაკავშირებით. მაუწყებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გაზიარების შედეგად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22  დანართი N1-ით განსაზღვრულ სტატისტიკურ ანგარიშგების  ფორმებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს დანართ N1–ში არსებულ ფორმა N1.5–ში ცვლილებების განხორციელებას, კერძოდ: გაუქმდა პირის ველი და  დამატებული იქნა შენიშვნის ველი. დანართ N1–ში დამატებული იქნა ფორმა N1.6, სადაც მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მაუწყებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. დანართ N1–ში ასევე დამატებული იქნა ფორმა N1.7, სადაც “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მაუწყებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.

საკითხი განხილულ იქნა კომისიის 2014 წლის 27 მარტის სხდომაზე; კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 მარტს სხდომაზე ცალ–ცალკე ეყარა კენჭი კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებაში შესატან ცვლილება–დამატებებს, კერძოდ:

1)        ფორმა N1.5.-ში განხორციელებულ ცვლილებებს კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი

2)       ფორმა N1.6. – მხარი დაუჭირეს კომისიის წევრებმა სოფიო ბრიტანჩუკმა და აკაკი სიხარულიძემ. წინააღმდეგნი იყვნენ კომისიის წევრები კახი ბექაური და ირაკლი მოსეშვილი. “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს ერთი ხმა, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ფორმა N1.6–ის დამტკიცებისას  კომისიის წევრებს შორის ხმები თანაბრად გაიყო და კომისიის წევრმა და კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი სიხარულიძემ, კომისიის წევრ სოფიო ბრიტანჩუკთან ერთად მხარი დაუჭირა აღნიშნულ ცვლილებას, ფორმა N1.6 დამტკიცებული იქნა ხმების უმრავლესობით.

3)       ფორმა N1.7. – მხარი დაუჭირეს კომისიის წევრებმა კახი ბექაურმა, ირაკლი მოსეშვილმა და აკაკი სიხარულიძემ. წინააღმდეგი იყო კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი. შესაბამისად ფორმა N1.7 დამტკიცებული იქნა ხმათა უმრავლესობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–8 პუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1.კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) დანართ #1-ის ფორმა 1.5 შეიცვალოს თანდართული რედაქციით (დანართი#1);

ბ) დანართ #1-ს დაემატოს ფორმა 1.6 და ფორმა 1.7 თანდართული რედაქციით;

გ) გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ გადაწყვეტილების დანართი #1-ით განსაზღვრული ფორმები, გარდა ფორმა 1.5, ფორმა 1.6 და ფორმა 1.7-სა,  ატვირთულ იქნას შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა, ხოლო ფორმა 1.5, ფორმა 1.6 და ფორმა 1.7 არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ფორმები ატვირთულ უნდა იქნას ელექტრონული ფორმატით“.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში გამოქვეყნებისთანავე.

3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს  წინამდებარე გადაწყვეტილების:

ა) გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);

ბ) ელექტრონული კომუნიკაციების ან/და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის დაგზავნა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                       აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                 კახი ბექაური

დანართი #1

ფორმა 1.5 (მაუწყებლის დაფინანსების  წყაროები) ივსება კვარტალში ერთხელ

ველი

განმარტება

თვე

კვარტლის შესაბამისი თვეები. თითოეული თვის მონაცემები ივსება ცალ-ცალკე

მაუწყებლობის სახე

ტელევიზია / რადიო

დაფინანსების წყაროს სახეობა

·         რეკლამა

·         სპონსორობა

·         ტელეშოფინგი

·         მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა

·         სხვა პირების შემოწირულობა

·         ინტერაქტივი

·         განცხადებები

·         კონტენტის რეალიზება

·         ტექნიკური მომსახურება

·         საეთერო დროის გაყიდვა

·         სხვა

შემოსავლის ოდენობა

შესაბამისი თანხა ლარებში

შენიშვნა

 შენიშვნის  ველში  შესაძლებელია  მიუთითოთ   “სხვა “  შემოსავალი  დაფინანსების რა  წყაროდან  მიიღეთ

ფორმა 1.6 მაუწყებლისთვის გაწეული სასყიდლიანი და უფასო მომსახურება ივსება კვარტალში ერთხელ

ველი

განმარტება

თვე

კვარტლის შესაბამისი თვეები. თითოეული თვის მონაცემები ივსება ცალ-ცალკე

მაუწყებლობის სახე

ტელევიზია / რადიო

მომსახურების სახე

მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების სახე

ფასიანი/უფასო მომსახურება

ფასიანი/უფასო

მომსახურების ღირებულება

მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება

შენიშვნა

შენიშვნის  ველში, უფასო მომსახურების შემთხვევაში, მიუთითეთ გაწეული მომსახურების სავარაუდო საბაზრო ღირებულება

ფორმა 1.7.

იმ პირთა სია, რომელთა მიერ გაწეულმა დაფინანსებამ (რეკლამის ან ტელეშოფინგის განთავსებით, სპონსორობით, გაწეული მომსახურებით ან შეწირულობით ცალ-ცალკე) კვარტალურად გადაამეტა 7000 ლარს ივსება კვარტალში ერთხელ

ველი

განმარტება

კვარტალი

საანგარიშო კვარტალი

მაუწყებლობის სახე

ტელევიზია / რადიო

ფიზიკური/იურიდიული პირი

ფიზიკური/იურიდიული პირი (რეკლამის ან ტელეშოფინგის დამკვეთი (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირი)

პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში - საგადასახადო კოდი

რეგისტრაციის ქვეყანა

ფიზიკური/იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანა

მომსახურების სახე

·         რეკლამა

·         სპონსორობა

·         ტელეშოფინგი

·         მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა

·         სხვა პირების შემოწირულობა

·         ინტერაქტივი

·         განცხადებები

·         კონტენტის რეალიზება

·         გადაცემის განთავსება

·         ტექნიკური მომსახურება

·         საეთერო დროის გაყიდვა

·         სხვა

სეგმენტი

·         7,000-50,000

·         50,000-100,000

·         100,000-500,000

·         500,000+

შენიშვნა

1.       თუ რეგისტრაციის ქვეყანა არ არის საქართველო, შენიშვნის ველში მიუთითეთ პირის იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები

2.       თუ მომსახურება გაწეულ იქნა კობრენდინგის (კობრენდინგი – 2 ან მეტი ბრენდის მონაწილეობით ერთი პროდუქტის ან მომსახურების წარმოება/მიწოდება) სახით, პირის საიდენტიფიკაციო ნომრად მიუთითეთ თანხის უშუალოდ გადამხდელი (სარეკლამო კომპანია ან სხვა პირი), ხოლო შენიშვნის ველში მიუთითეთ კობრენდინგში მონაწილე პირების ვინაობა

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები