წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნომერი: 199 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2014

მიღების თარიღი აპრილი 11, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №127/23 ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის N86/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის  2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.”

კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10  მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევისა და ანალიზის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა  2014 წლის  14 აპრილის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად - ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა (№08/609-14,  24.03.2014) დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. კერძოდ, კომისიამ შპს ”მედიპრო ჯორჯიასგან” მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

                 2011, 2012 და 2013 წლების მონაცემების საფუძველზე მომზადებული პორტირების დანახარჯების გაანგარიშების ელექტრონული (MS Excel) ცხრილები (”კალკულაცია”), რომელშიც მოცემული უნდა იყოს , როგორც ”მედიაფონის” ტექნიკური პერსონალის შრომის საათობრივი დანახარჯების გაანგარიშება, ასევე მონაცემთა ბაზის  და სალიცენზიო მომსახურებების  გაანგარიშებები.

                კალკულაციას  თან უნდა დაერთოს შემდეგი  ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

ა) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ბ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ ხარისხის უზრუნველყოფის მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

გ) 2011, 2012 და 2013 წლების სს „მედიაფონის“ საშტატო განრიგი სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობრივი სარგოს  მითითებით (წერილში მითითებულია, რომ თანამშრომლთა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ არის აუცილებელი);

დ) 2011, 2012 და 2013 წლების სს „მედიაფონის“  სახელფასო უწყისები თვეების მიხედვით;

ე) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ ქსელის მხარდაჭერის და უსაფრთხოების მომსახურების  ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ვ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ ჰოსტინგის მომსახურების  ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ზ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ საკონსულტაციო მომსახურებების (მათ შორის იურიდიული და აუდიტორული)  ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

თ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების  უზრუნველყოფის მიზნით იჯარის, კომუნალური, ელექტროენერგიის, ინტერნეტის   და სხვა მომსახურებების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ი)  2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების  უზრუნველყოფის მიზნით ლიცენზიის მომსახურებისთვის მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

კ) კალკულაციის აღწერა, რომელიც უნდა იყოს მომზადებული  ფინანსური  და არაფინანსური მონაცემების მითითებით, ასევე  კალკულაციის  აღწერაში უნდა აისახოს წერილობითი დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ განხორციელდა კონკრეტული ხარჯის გადანაწილებისას კალკულაციაში გამოყენებული დანახარჯების გადანაწილების კრიტერიუმის  არჩევა და შესაბამისად, რატომ ასახავს ეს კრიტერიუმი ამ კონკრეტული ხარჯის გადანაწილების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს  უფრო ობიექტურად, ვიდრე  ამ ხარჯის გადანაწილება განხორცილდებოდა  ხარჯების გადანაწილების სხვა  კრიტერიუმის საშუალებით).

 შპს ”მედიაპრო ჯორჯიამ”  №6-3, 27.03.2014 წ. წერილით კომისიაში წარმოადგინა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ”მედიაფონის” პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ  კომისიის მიერ მოთხოვნილია ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია და დოკუმენტაცია და მათ შორის,  მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი კონფიდენციალურია; ”მედიაფონის” სტრატეგიულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირი არის ”მედიაფონის” მმართველი საბჭო და იგი სარგებლობს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ექსკლუზიური უფლებით; როგორც წერილშია აღნიშნული, მმართველი საბჭოს ზოგიერთი წევრი იმყოფება საზღვარგარეთ საქმიან შეხვედრებზე; ზოგიერთი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ინგლისურად და შესაბამისად  ”მედიაფონი” ითხოვს,  მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის  წარმოდგენის ვადის გადაწევას არანაკლებ 4 კვირით.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემთა საოპერაციო ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურების და სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების ტარიფების გაანგარიშება მოიცავს ტექნიკური პროცესებისა და დანახარჯების სწორ შეფასებას, აგრეთვე აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფების გაანგარიშება განსხვავდება აქამდე კომისიაში რეგულირების მიზნით განხორციელებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაანგარიშების სტანდარტული შემთხვევებისგან, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს შესწავლის პროცესში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირების ჩართვას კომისიის აპარატიდან და სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული  სამუშაო ჯგუფის შექმნას. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კვლევისა და ანალიზის ფარგლებში აუცილებელია  შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” მიერ შესაბამისი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც შესწავლილი უნდა იქნას კომისიის მიერ, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” შუამდგომლობა დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, დაწყებული კვლევა და ანალიზი მოითხოვს უფრო მეტ ვადას, ვიდრე ეს იყო განსაზღვრული  კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილების განხორციელება კომისიის 2014 წლის 14 მარტის №127/23 გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სამთვიანი ვადა, და შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღის შეცვლაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს  3 თვე; ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის  5 ივნისს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 2014 წლის 14 ივნისამდე;”

ბ) გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის და პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურებაზე შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დაწესებული ტარიფების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი კომისიაში დასაქმებულთაგან შემდეგი შემადგენლობით:

1. კახი ბექაური - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

2. თეა ტყეშელაშვილი – სამუშაო ჯგუფის წევრი, სტარატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

3. რატი სხირტლაძე - სამუშაო ჯგუფის წევრი, ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;

4. ელისო ასანიძე – სამუშაო ჯგუფის წევრი, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი;

5. ირინე ვერძეული – სამუშაო ჯგუფის წევრი, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

6. დავით გოგიჩაიშვილი – სამუშაო ჯგუფის წევრი, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

7. ლევან ლაშაური - სამუშაო ჯგუფის წევრი, ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელი.

საჭიროების შემთხვევაში კვლევისა და ანალიზის პროცესში ჩართულ იქნან მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები. ”

გ) გადაწყვეტილების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”11. კონტროლი აღნიშნული გადაწყეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის წევრს კახი ბექაურს.”

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მედიაპრო ჯორჯიასა“ და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                               აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                       ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები