შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2014
მიღების თარიღი აპრილი 24, 2014
შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირებასა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 08 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი.ხარებავას სამსახურებრივი ბარათი (№10/557-14; 07.04.14), საიდანაც ირკვევა, რომ კომისიაში შემოსულია შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1829-14; 02.04.14), რომლის თანახმადაც სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, შეიცვალა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, კერძოდ:
ა) დამფუძნებლის ცვლილება: 2014 წლის 29 იანვარს შეიცვალა კომპანიის დამფუძნებელი (შპს „ტექნონეტმა“ 49% -იანი წილი და ვასილ კობაიძემ 51%-იანი წილი გაასხვისეს სს “სილქნეტის“ სასარგებლოდ);
ბ) დირექტორის ცვლილება: 2014 წლის 12 მარტს ოთარ პატარქალიშვილის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა გიორგი სვანიშვილი, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან.
როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული, ზემოაღნიშნული ცვლილების თაობაზე შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-მ კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2014 წლის 02 აპრილს, რითაც დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 07 აპრილის №10/557-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 15 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 24 აპრილს, რის შესახებ შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-ს ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 24 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი მარი ქოქიაშვილი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (07.04.2014; №10/557-14);
2. შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-ს 2014 წლის 02 აპრილის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1829-14);
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-ს შესახებ მონაცემები (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან: ა) ამონაწერის მომზადების თარიღი: 12.03.2014; 17:19:50, განაცხადის ნომერი: 724911, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B14024898; ბ) ამონაწერის მომზადების თარიღი: 16/03/2012; 15:48:45, განაცხადის ნომერი: 456986, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B12035330; გ) ამონაწერის მომზადების თარიღი: 08/11/2013; 12:17:01, განაცხადის ნომერი: 679159, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B13109568; დ) ამონაწერის მომზადების თარიღი: 29/01/2014; 15:07:39, განაცხადის ნომერი: 707342; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B14008071, ე) ამონაწერის მომზადების თარიღი: 07/04/2014; 11:14:06, განაცხადის ნომერი: 738469, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B14037971);
4. შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-ს წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ვაიმაქს ჯორჯია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2010. ავტორიზებული საქმიანობის სახე: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება); შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ის ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. 2014 წლის 29 იანვარს შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიცვალა კომპანიის დამფუძნებელი (შპს „ტექნონეტმა“ 49% -იანი წილი და ვასილ კობაიძემ 51%-იანი წილი გაასხვისეს სს „ სილქნეტის“ სასარგებლოდ), ხოლო 2014 წლის 12 მარტს ზვიად ამირიძის ნაცვლად დირექტორად განისაზღვრა გიორგი სვანიშვილი (ამონაწერის მომზადების თარიღი:12.03.2014; 17:19:50, განაცხადის ნომერი: 724911, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B14024898). აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კომისიაში დაცული უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი მიუთითებს ოთარ პატარქალიშვილის ნაცვლად დირექტორად გიორგი სვანიშვილის განსაზღვრაზე თავის 2014 წლის 07 აპრილის N10/557-14 სამსახურებრივ ბარათში, რითაც ირკვევა, რომ შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ კომისიაში ასევე არ წარმოუდგენია 2013 წლის 08 ნოემბერს განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაცია (კერძოდ: ოთარ პატარქალიშვილის ნაცვლად დირექტორად ზვიად ამირიძე რომ განისაზღვრა), რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი: 08/11/2013; 12:17:01, განაცხადის ნომერი:B13109568); ზემოაღნიშნული ცვლილებების თაობაზე შპს „ვაიმაქს ჯორჯიამ“ კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2014 წლის 02 აპრილს, რითაც დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახე“ საქართველოს კანონის მე -19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტები.
3. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ მონაცემების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2014 წლის 07 აპრილს შპს „ვაიმაქს ჯორჯიამ“ შეცვალა იურიდიული მისამართი (კერძოდ: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დელისის III შეს, №22 ნაცვლად, შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“-ს იურიდიული მისამართია საქართველო, თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. №95), რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი: 07/04/2014; 11:14:06, განაცხადის ნომერი: B14037971), შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ იურიდიული მისამართის ცვლილების ფაქტი ასევე დაადასტურა კომპანიის წარმომადგენელმა - მარი ქოქიაშვილმა. საწარმოს იურიდიული მისამართის ცვლილების თაობაზე შპს „ვაიმაქს ჯორჯიამ“ ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში არ აცნობა კომისიას, რითაც დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტი.
4. შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 აპრილის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი მარი ქოქიაშვილი (მარი ქოქიაშვილის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება დასტურდება შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ დირექტორის - გიორგი სვანიშვილის მიერ 2014 წლის 23 აპრილს გაცემული რწმუნებულებით). შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია კომისიისათვის ინფორმაციის მიწოდების კანონით განსაზღვრული 7 დღიანი ვადა, მან ასევე დაადასტურა შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ მიერ იურიდიული მისამართის ცვლილების ფაქტი და ის გარემოებაც, რომ კომპანიას არც აღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია წარმოუდგენია კომისიაში კანონით განსაზღვრულ ვადაში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირისთვის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის, იურიდიული მისამართის და კომპანიის დამფუძნებლის შეცვლის შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს „ვაიმაქს ჯორჯიამ“ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს და ასევე დაევალოს შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ იურიდიული მისამართის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის კიმისიაში წარმოდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ),გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ დაევალოს კომისიაში კომპანიის იურიდიული მისამართის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავას) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვაიმექს ჯორჯიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ვაიმაქს ჯორჯია“-სთვის ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
