წვდომის მენიუ

“ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის

ნომერი: 220 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2014

მიღების თარიღი აპრილი 25, 2014

 

 “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 31 მარტს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N176/10 “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ”, რომლის შესაბამისადაც გამოცხადდა კონკურსი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ხუთი ლიცენზიის - №MUX-A, №MUX-B, №MUX-C, №MUX-D და №MUX-E  მოსაპოვებლად;

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 აპრილს, კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის N3/53-14) მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (წერილს ხელს აწერს მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი), კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით; კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ დოკუმენტაციის სრულყოფილად მოსამზადებლად და კომისიაში წარმოსადგენად, კონკურსში მონაწილეობის მსურველი ინვესტორებისათვის, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული განცხადებების წარდგენის ვადა შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი, რის გამოც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიაჩნია, რომ საბუთების მიღების ვადა, ისევე როგორც კონკურსის ჩატარების თარიღი უნდა გადაიწიოს 30 კალენდარული დღით.

ამავე წერილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ ასევე სასურველია, გადაწყვეტილებით მოთხოვნილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვროს არა 2015 წლის 17 ივნისამდე, როგორც ეს გათვალისწინებულია კომისიის გადაწყვეტილებით, არამედ სასურველია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 4 თვით აღემატებოდეს ვალდებულების შესრულების ვადას.

 კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილების შესაბამისად:

ა) ლიცენზიების მაძიებლების საკონკურსო განცხადებების მიღების ვადად განსაზღვრულია 2014 წლის 2 მაისის 19:00 საათი;

ბ) კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვების წერილობითი ფორმით მიღებისა და მათზე წერილობითი პასუხების გამოქვეყნებისთვის განსაზღვრულია ვადა 2014 წლის 25 აპრილის 19:00 საათამდე;

გ) მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განსაზღვრულია 2014 წლის 7 მაისის 13:00 საათი;

დ) ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განსაზღვრულია 2014 წლის 9 ივნისის 13:00 საათი;

ე) კონკურსის ჩატარების თარიღად განსაზღვრულია 2014 წლის 10 ივნისი 13:00 საათი;

  კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების პირველი მუხლის მე-10 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულია, რომ საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს საბანკო გარანტიას 500,000.00 (ხუთასი ათას) ლარზე, ან მისი ექვივალენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში 2015 წლის 17 ივნისამდე მოქმედების ვადით;

  კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 25 აპრილის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „სტერეო +“ –ის წარმომადგენლები:  მარიამ გოგოსაშვილი და დავით ზილფიმიანი, აგრეთვე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, რომლებმაც აღნიშნეს, რომ როგორც შპს „სტერეო +“, ასევე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ გეგმავს კონკურსში მონაწილეობის მიღებას და შესაბამისად, მათ, როგორც დაინტერესებულმა პირებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 კომისიის სხდომაზე შპს „სტერეო +“–ის წარმომადგენლმა, ბატონმა დავით ზილფიმიანმა, აღნიშნა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვადა ისედაც შემჭიდროვებულია. საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში, ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელია მაღალმთიან მხარეებში ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, შესაბამისად, იმ კომპანიებს, რომლებსაც განზრახული აქვთ კონკურსში მონაწილეობის მიღება, ქსელის აგებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება მოუხდებათ ფორს–მაჟორულ ვითარებაში.   დავით ზილფიმიანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ  კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, იგი წინააღმდეგი არ არის ორი კვირით გახანგრძლივდეს საბუთების მიღების ვადა, იმ პირობით რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ვადებს და არ შეიცვლება კომისიის 2014 წლის კომისიის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორმა, ბატონმა  ნიკოლოზ გვარამიამ აღნიშნა, რომ საბუთების მიღების ვადამ აუცილებლად უნდა გადაიწიოს, რადგანაც მოსამზადებელია საკუნკურსო განცხადება, რომელიც თავისთავში მოიცავს კონკრეტული ტექნიკური და ფინანასური დოკუმენტაციის საკმაოდ მოცულობით პაკეტს; ამავე დროს, როგორც ნიკოლოზ გვარამიამ აღნიშნა, კონკურსში მონაწილებობის მსურველ ლიცენზიის მაძიებელს კომისიაში დოკუმენტაციის წარმოდგენმადე მოუხდება არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება როგორც სატარიფო პოლიტიკას, ასევე ინვესტორებთან და ბანკებთან ურთიერთობას. შესაბამისად, ნიკოლოზ გვარამიამ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კონკურსისთვის საბუთების მიღების ერთთვიანი ვადა არ არის საკმარისი და სასურველი იქნება თუ კომისია გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საბუთების კომისიაში წარდგენის ვადას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით დავით ზილფიმიანს და ნიკოლოზ გვარამიას შენიშვნები არ გამოუთქვამთ კომისიის სხდომაზე.

კომისიის 2014 წლის 25 აპრილის სხდომაზე კომისიამ განიხილა როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 11 აპრილის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N3/53-14), ასევე მოუსმინა კომისიის სხდომაზე დაინტერესებული პირების - შპს „სტერეო+“-ს და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენლების მოსაზრებებს და აღნიშნავს შემდეგს:

ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას, რომელიც ჟენევის 2006 წლის GEO6 ხელშეკრულების ფარგლებში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულების შესრულების მიზნით, ძალზედ მნიშვნელოვანია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ჩატარება იმგვარად, რომ ლიცენზიის მაძიებლებს არ შეექმნათ დაბრკოლებები კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების თაობაზე კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით მოთხოვნილია საკმაოდ დიდი მოცულობის და სპეციფიკური როგორც ტექნიკური ასევე სხვა სახის დოკუმენტაცია და აღნიშნული დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადება და კომისიაში წარმოდგენა ბუნებრივია დროს მოითხოვს; შესაბამისად,  ლიცენზიის მაძიებლებს რომ არ შეექმნათ დაბრკოლება კომისიაში დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 11 აპრილის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის N3/53-14) ჩამოყალიბებული მოსაზრება და კონკურსში მონაწილეობის მიზნით დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა გაიზრდოს 15 სამუშაო დღით. კომისია ასევე იზიარებს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 11 აპრილის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის N3/53-14) ჩამოყალიბებულ პოზიციას საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით შემდეგი გარემოების გამო: იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს საკონკურსო პირობების შესრულებას კომისიის მიერ განსაზღვრული საკონკურსო პირობების შესაბამისად, საბანკო გარანტია, რომელიც მოქმედი იქნება არა 2015 წლის 17 ივნისამდე, როგორც ეს განსაზღვრულია კომისიის გადაწყვეტილებით, არამედ 2015 წლის 17 სექტემბრამდე, კომისიას მისცემს დამატებით დროს მონიტორინგის განხორციელებისთვის და პრობლემების იდენტიფიკაციისთვის. შესაბამისად, კომისია მიიღებს უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რაც შედის როგორც ლიცენზიის მაძიებლის, ასევე სახელმწიფოს ინტერესებში.

      კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებიდან გამომდინარე, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ცვლილება თავის მხრივ იწვევს შესაბამის ცვლილებებს როგორც მოსამზადებელი სხდომის ჩატარების, ასევე ზეპირი მოსმენისა და თავად კონკურსის ჩატარების თარიღებშიც. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით რომ გადაიწევს დოკუმენტაციის წარმოდგენის თარიღი, მიზანშეწონილია ასევე გადაიწიოს კომისიაში კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვების წერილობითი ფორმით მიღებისა და მათზე წერილობითი პასუხების გამოქვეყნებისთვის განსაზღვრულმა თარიღმაც.

   კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, საკონკურსო განცხადებები, კომისიის 2013 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში, არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია.

   ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიების მაძიებლების საკონკურსო განცხადებების მიღება განხორციელდეს 2014 წლის 28 მაისის 19:00 საათამდე;

ბ) გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვების წერლობითი ფორმით მიღება და მათზე წერილობითი პასუხების გამოქვეყნება განხორციელდეს 2014 წლის 18 მაისის 19:00 საათამდე;“

გ) გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 2 ივნისის 13:00 საათი;“

დ) გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 30 ივნისის 13:00 საათი;“

ე) გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„10. კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის პირველი ივლისის 13:00 საათი;“

ვ) გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების პირველი მუხლის მე-10 პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საბანკო გარანტიას 500,000.00 (ხუთასი ათას) ლარზე, ან მისი ექვივალენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაზე 2015 წლის 17 სექტემბრამდე  მოქმედების ვადით“;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის (მ.ნინუა);

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების, ასევე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილების რედაქტირებული ვარიანტის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (თ.ტყეშელაშვილი);

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                        აკაკი სიხარულიძე 

კომისიის წევრი                                                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები