წვდომის მენიუ

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე

ნომერი: 222 / 2

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2014

მიღების თარიღი აპრილი 29, 2014

 

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 მარტის №173/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისი” კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №215/6 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის №B28 ლიცენზიას 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის სიმაღლე – 30 მეტრი მიწის ზედაპირიდან, ქ. სენაკი;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა, რომელიც განსაზღვრულია კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” კუთვნილი მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა ლიცენზიის სახე მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები, რომელიც განსაზღვრულია კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №252/6 გადაწყვეტილებით, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად  წინააღმდეგობაში მოდის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ ასევე მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის” მაუწყებლობის №B28 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების, შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 29 აპრილს 16:00 საათზე.  ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის“ მაუწყებლობის №B28 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. სხდომას ესწრებოდა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის“ დირექტორი მერაბ ჩიქობავა, რომელმაც დააზუსტა, რომ მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში იქნება 6 საათი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისის“ მაუწყებლობის №B28 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2015 წლის 17 ივნისამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

დ.ა) სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის სიმაღლე – 30 მეტრი მიწის ზედაპირიდან, ქ. სენაკი;

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 6 საათი;

3. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

რ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511–ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა;

ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისისთვის“  ჩაბარებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ) და დ) ქვეპუნქტებისა ასევე  მე–2 და მე–3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                                     აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                ვახტანგ აბაშიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები