წვდომის მენიუ

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 225 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2014

მიღების თარიღი აპრილი 30, 2014

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.   ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/459-14; 21.03.14) თანდართული მასალით (CD), საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შემოწმება მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, რის შედეგად გამოირკვა: 1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა „არჩევანი“. 2014 წლის 25 თებერვალს გადაცემა „არჩევანი“ (გადაცემის დაწყების დრო – 21:58) რეკლამით შეწყდა 22:55:59 საათზე, ხოლო განახლდა 23:02:04 საათზე. შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 06:05 წთ. (ექვსი წუთი და ხუთი წამი). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით; 2. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია სერიალები „ტიტების დრო“ და ,,ქალბატონი დილა“. 2014 წლის 27 თებერვალს სერიალი „ტიტების დრო“ (სერიალის დაწყების დრო – 19:10) რეკლამით შეწყდა 19:18:07 საათზე და დასრულდა 19:24:34 საათზე. მეორე სარეკლამო წყვეტა დაიწყო 19:34:36 საათზე. შესაბამისად, რეკლამისათვის განკუთვნულ წყვეტებს შორის ინტერვალმა შეადგინა 10:02 წთ. (ათი წუთი და ორი წამი); 2014 წლის 28 თებერვალს სერიალი „ტიტების დრო“ (სერიალის დაწყების დრო – 19:01) რეკლამით შეწყდა 19:10:05 საათზე და დასრულდა 19:16:51 საათზე. მეორე სარეკლამო წყვეტა დაიწყო 19:29:55 საათზე. შესაბამისად, რეკლამისათვის განკუთვნულ წყვეტებს შორის ინტერვალმა შეადგინა 13:04 წთ. (ცამეტი წუთი და ოთხი წამი); 2014 წლის 28 თებერვალს სერიალი „ქალბატონი დილა“ (სერიალის დაწყების დრო – 19:46) რეკლამით შეწყდა 20:02:52 საათზე და დასრულდა 20:09:29 საათზე. მეორე სარეკლამო წყვეტა დაიწყო 20:22:22 საათზე. შესაბამისად, რეკლამისათვის განკუთვნულ წყვეტებს შორის ინტერვალმა შეადგინა 12:53 წთ (თორმეტი წუთი და ორმოცდაცამეტი წამი). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ან მხატვრული წარმოდგენისა და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილი პროგრამისა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64 -ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის  (№10/459-14; 21.03.14) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 31 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის  11 აპრილს, 16 საათზე, რის შესახებ  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა ჯერ 2014 წლის 17 აპრილს, ხოლო შემდეგ 2014 წლის 30 აპრილს, რის შესახებ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებებით. ბოლო შეტყობინება, კომისიის 2014 წლის 30 აპრილის სხდომის თაობაზე,  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ჩაბარდა 2014 წლის 14 აპრილს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040009191143).

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 30 აპრილის კომისიის სხდომაზე  გამოცხადდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი, რომელმაც აღიარა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (№10/459-14; 21.03.14) თანდართული ვიდეოჩანაწერით - CD;

2.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შესახებ მონაცემები;

3. კომისიის 2013 წლის 1 მაისის №293/6 გადაწყვეტილება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის №1347 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;

4. კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის კერძო ტელემაუწყებლობის №B9 ლიცენზიის გაცემის შესახებ;

5. კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №335/1 გადაწყვეტილება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის №B101 ლიცენზიის გაცემის შესახებ;

6. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2013 წლის 1 მაისის №293/6 გადაწყვეტილებით შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კერძო მაუწყებლობის №1347 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2023 წლის 1 მაისამდე, მიენიჭა №B137 (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე). ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;

2. კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილებით შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცა კერძო მაუწყებლობის №B9 ლიცენზია 10 წლის ვადით (ლიცენზიის სახე: საეთერო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა). ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;

3. კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №335/1 გადაწყვეტილებით შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცა კერძო საერთო ტელემაუწყებლობის №B101 ლიცენზია (ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ტელემაუწყებლობა 16 გადამცემი სადგურის მომსახურების ზონების ერთობლიობა: სიღნაღი; დუშეთი; თერჯოლა; ლაგოდეხი; ქედა; სოფ.ხალა (ქობულეთი); დაბა ბაკურიანი; სოფელი კუმისი). ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;

4. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“,  №B137, №B9 და №B101 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების ფარგლებში ავრცელებს ერთი და იგივე სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებულ პროგრამებს;

5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  შემოწმება მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად დადგინდა:

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა „არჩევანი“.

- 2014 წლის 25 თებერვალს გადაცემა „არჩევანი“ (გადაცემის დაწყების დრო – 21:58) რეკლამით შეწყდა 22:55:59 საათზე, ხოლო განახლდა 23:02:04 საათზე. შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 06:05 წთ. (ექვსი წუთი და ხუთი წამი);

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია სერიალები „ტიტების დრო“ და ,,ქალბატონი დილა“.

- 2014 წლის 27 თებერვალს სერიალი „ტიტების დრო“ (სერიალის დაწყების დრო – 19:10) რეკლამით შეწყდა 19:18:07 საათზე და დასრულდა 19:24:34 საათზე; მეორე სარეკლამო წყვეტა დაიწყო 19:34:36 საათზე. შესაბამისად, რეკლამისათვის განკუთვნულ წყვეტებს შორის ინტერვალმა შეადგინა 10:02 წთ. (ათი წუთი და ორი წამი);

- 2014 წლის 28 თებერვალს სერიალი „ტიტების დრო“ (სერიალის დაწყების დრო – 19:01) რეკლამით შეწყდა 19:10:05 საათზე და დასრულდა 19:16:51 საათზე; მეორე სარეკლამო წყვეტა დაიწყო 19:29:55 საათზე. შესაბამისად, რეკლამისათვის განკუთვნულ წყვეტებს შორის ინტერვალმა შეადგინა 13:04 წთ. (ცამეტი წუთი და ოთხი წამი);

- 2014 წლის 28 თებერვალს სერიალი „ქალბატონი დილა“ (სერიალის დაწყების დრო – 19:46) რეკლამით შეწყდა 20:02:52 საათზე და დასრულდა 20:09:29 საათზე; მეორე სარეკლამო წყვეტა დაიწყო 20:22:22 საათზე. შესაბამისად, რეკლამისათვის განკუთვნულ წყვეტებს შორის ინტერვალმა შეადგინა 12:53 წთ (თორმეტი წუთი და ორმოცდაცამეტი წამი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. აღნიშნული ვალდებულება, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს  ასევე განესაზღვრა კომისიის 2013 წლის 1 მაისის №296/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტით, კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტითა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №335/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, რომელთა თანახმად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, როგორც მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით, ხოლო  ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ან მხატვრული წარმოდგენისა და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილი პროგრამისა.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში 2014 წლის 25 თებერვალს განთავსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა „არჩევანის“ მიმდინარეობის შეწყვეტა რეკლამის განთავსებით, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 300 წმ-ს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტი, კომისიის 2013 წლის 1 მაისის №296/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტი, კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №335/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ხოლო სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სერიალების მიმდინარეობის შეწყვეტა რეკლამებით, რეკლამებისთვის განკუთვნილი წყვეტებს შორის 15 წუთიანი ინტერვალების დაუცველობით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტი, კომისიის 2013 წლის 1 მაისის №296/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტი, კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №335/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.  აღნიშნული წარმოადგენს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

ვინაიდან, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, ის უნდა წერილობით გაფრთხილდეს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, 64-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტების, 71–ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2013 წლის 1 მაისის №293/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტის, კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №335/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებისა და კომისიის 2013 წლის 1 მაისის №293/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტის, კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის №716/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №335/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                       აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                 სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ირაკლი მოსეშვილი  

 კომისიის წევრი                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები