წვდომის მენიუ

შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 226 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2014

მიღების თარიღი აპრილი 30, 2014

შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.   ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/459-14; 21.03.14) თანდართული მასალით (CD), საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ტელეიმედის“ შემოწმება მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად გამოირკვა: 1. შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში 2014 წლის 28 თებერვალს განთავსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა „რეაქცია“ (გადაცემის დაწყების დრო – 22:02 სთ) რეკლამით შეწყდა 23:33:24 საათზე, ხოლო განახლდა 23:40:52 საათზე. შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 07:27 წთ. (შვიდი წუთი და ოცდაშვიდი წამი);  გადაცემა რეკლამით ხელმეორედ შეწყდა 00:01:17 საათზე, ხოლო განახლდა 00:08:52 საათზე; შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 07:35 წთ. (შვიდი წუთი და ოცდათხუთმეტი წამი). 2. შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში 2014 წლის 7 მარტს განთავსებული  საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა „რეაქცია“ (გადაცემის დაწყების დრო – 22:00 სთ) რეკლამით შეწყდა 22:41:43 საათზე, ხოლო განახლდა 22:50:58 საათზე. შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 09:15 წთ. (ცხრა წუთი და თხუთმეტი წამი);  გადაცემა რეკლამით ხელმეორედ შეწყდა 23:35:13 საათზე, ხოლო განახლდა 23:43:02 საათზე; შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 07:29 წთ. (შვიდი წუთი და ოცდაცხრა წამი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე–9 პუნქტი, რომლის თანახმად, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის  (№10/459-14; 21.03.14) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 31 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეიმედისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის  11 აპრილს, 16 საათზე, რის შესახებ  შპს ,,ტელეიმედს” ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა ჯერ 2014 წლის 17 აპრილს, ხოლო შემდეგ 2014 წლის 30 აპრილს, რის შესახებ შპს ,,ტელეიმედს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებებით.  ბოლო შეტყობინება, კომისიის 2014 წლის 30 აპრილის სხდომის თაობაზე,  შპს ,,ტელეიმედს“ ჩაბარდა 2014 წლის 14 აპრილს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040009191174).

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 30 აპრილის კომისიის სხდომაზე  გამოცხადდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი, რომელმაც აღიარა შპს ,,ტელეიმედის“ მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (№10/459-14; 21.03.14) თანდართული ვიდეოჩანაწერით - CD;

2.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ მონაცემები;

3. კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეიმედის” №B94 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

4. კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეიმედის” №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

5. შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის №B94 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა; თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა) გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2023 წლის 22 აპრილამდე. ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტით, შპს ,,ტელეიმედს“ ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;

2. კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის №B16 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; საეთერო მაუწყებლობა) გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2018 წლის 21 აპრილამდე. ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, შპს ,,ტელეიმედს“ ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;

3. შპს ,,ტელეიმედი“,  №B94 და №B16 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების ფარგლებში ავრცელებს ერთი და იგივე სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებულ პროგრამებს;

4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ტელეიმედის“ საქმიანობის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადგენის მიზნით, რის შედეგად დადგინდა:

- შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში 2014 წლის 28 თებერვალს განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა „რეაქცია“ (გადაცემის დაწყების დრო – 22:02 სთ) რეკლამით შეწყდა 23:33:24 საათზე, ხოლო განახლდა 23:40:52 საათზე; შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 07:27 წთ (შვიდი წუთი და ოცდაშვიდი წამი); რეკლამით გადაცემა ხელმეორედ შეწყდა 00:01:17 საათზე, ხოლო განახლდა 00:08:52 საათზე; შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 07:35 წთ (შვიდი წუთი და ოცდათხუთმეტი წამი);

- შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში 2014 წლის 7 მარტს განთავსებული  საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა „რეაქცია“ (გადაცემის დაწყების დრო – 22:00 სთ) რეკლამით შეწყდა 22:41:43 საათზე, ხოლო განახლდა 22:50:58 საათზე; შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 09:15 წთ (ცხრა წუთი და თხუთმეტი წამი); რეკლამით გადაცემა ხელმეორედ შეწყდა 23:35:13 საათზე, ხოლო განახლდა 23:43:02 საათზე, შესაბამისად, რეკლამის ხანგრძლივობამ შეადგინა 07:29 წთ (შვიდი წუთი და ოცდაცხრა წამი);

5.  კომისიის 2013 წლის 24 მაისის №354/18 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედს“ მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) და ნ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, რომელთა თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

შპს ,,ტელეიმედი“  როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. აღნიშნული ვალდებულება, შპს ,,ტელეიმედს“ ასევე განესაზღვრა კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტითა და კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, რომელთა თანახმად, შპს ,,ტელეიმედი“, როგორც ლიცენზიის მფლობელი, ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეიმედის“  სამაუწყებლო ბადეში 2014 წლის 28 თებერვალს და 2014 წლის 7 მარტს განთავსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა „რეაქციის“ მიმდინარეობის შეწყვეტა რეკლამების განთავსებით, რომელთა ხანგრძლივობა აღემატება 300 წმ-ს (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პ.4), შპს ,,ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტი, კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტი და კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს შპს ,,ტელეიმედისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლომ 2013 წლის 26 დეკემბერს მიიღო განჩინება (საქმე №ბს-177-170 (კ-13), სადაც განმარტა, რომ სხვადასხვა დროს ჩადენილი ორი ან მეტი სამართალდარღვევის შემთხვევა ერთმანეთისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მხოლოდ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევიან (ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი). შესაბამისად, კომისიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განმარტების საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების დადგენილი პრაქტიკა შეცვალა 2014 წლიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 24 მაისის №354/18 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედს“ მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, ხოლო ამ შემთხვევაში შპს ,,ტელეიმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში არამართლზომიერად ხანგრძლივი რეკლამების განთავსებით,  დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტი. ამდენად, ადგილი არ აქვს შპს ,,ტელეიმედის“ მიერ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევას, შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეიმედი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, 64-ე მუხლის მეცხრე პუნქტის და 71–ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შპს ,,ტელეიმედს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მეცხრე პუნქტის, კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტისა და  კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელეიმედისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,ტელეიმედისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეიმედისთვის”  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                       აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                 სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ვახტანგ აბაშიძე  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები