საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-თან დაკავშირებული საკითხის განხილვის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2014
მიღების თარიღი მაისი 01, 2014
საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-თან დაკავშირებული საკითხის განხილვის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტით, რომელიც მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (საანგარიშო პერიოდი: 2013 წლის 1 მაისი - 2013 წლის 1 ნოემბერი) საფუძველზე, კომისიას ეთხოვა შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის უკანონოდ ჩამორთმეული სიხშირის საკითხის განხილვა და უმოკლეს ვადაში კუთვნილი სიხშირის დაბრუნების პრობლემის გადაჭრა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ს კანონდარღვევით ჩამოერთვა საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზია და კომისიის მიერ უნდა მოხდეს ან იმავე ლიცენზიის დაბრუნება ან ანალოგიური პირობების ალტერნატივის შეთავაზება (იხ. დასკვნა გვ. 79-84).
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-თან დაკავშირებული საკითხის განხილვა;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 5 ივნისს, 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისისის წევრი ვახტანგ აბაშიძე
