ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014
მიღების თარიღი იანვარი 16, 2014
ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირმა ”ობიექტივმა” (№7/503-13, 29.11.2013), მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, ააიპ არასამეწარმეო მედია კავშირი ”ობიექტივი” ითხოვს ქ.თბილისში კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის (105.0 მგჰც) კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით კერძოდ კი 105.1 მგჰც-ით შეცვლას, ვინაიდან ამერიკული წარმოების ავტომობილებში არსებულ რადიომიმღებებს, მხოლოდ კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირის მიღება შეუძლიათ.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიას კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2, 2013 წლის 16 აგვისტოს კომისიის №511/5 გადაწყვეტილებებით და შპს ”მედია-სახლი ობიექტივსა” და ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირ ”ობიექტივს” შორის 2013 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 105.0 მგჰც სიხშირეზე, მახათის მთაზე არსებული შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41° 42’ 50“ და E-44° 49’ 44“), ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40მ. სიმაღლეზე;
დ) გადამცემის სიმძლავრე: 500 ვტ;
ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 31 დეკემბრის №10/1881-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნებით შესაძლებელია ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კუთვნილი №B62 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირის 105.0 მგჰც შეცვლა 105.1 მგჰც სიხშირით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის” კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 13 თებერვალს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივისთვის” გაგზავნა (მ.ნინუა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი: სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი: ირაკლი მოსეშვილი
