წვდომის მენიუ

ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “მეტეხი-2014“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 249 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2014 16:07

მიღების თარიღი მაისი 08, 2014

ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ კუთვნილი  საოპერაციო აქტივის შპს “მეტეხი-2014“-ის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 10 აპრილს წერილით მიმართა ი/მ “ლალი ხახანაშვილმა“ (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №6/1899-14 10.04.2014), ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ საოპერაციო აქტივის (სატელევიზიო გადამცემი მოწყობილობები, კვების ბლოკები, სიგნალის მიმღები მოწყობილობები, კაბელები და ა.შ.) შპს “მეტეხი-2014“-ის მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.  

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ “ლალი ხახანაშვილი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “მეტეხი-2014“ არ არის ავტორიზებული პირი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:

ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ 2014 წლის 10 აპრილის №6/1899-14 წერილი კუთვნილი საოპერეციო აქტივის შპს “მეტეხი 2014“-ის მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით;

- ინფორმაცია ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ საფირმო სახელწოდებისა და საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;

- წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/2400-14 28.04.2014) ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ კუთვნილი და შპს “მეტეხი 2014“-სათვის გადასაცემი აქტივების ჩამონათვალით;

- ინფორმაცია ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ აქტივის შემძენი კომპანიის, შპს “მეტეხი 2014“-ის წილების მფლობელთა შესახებ;

- წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1901-14 10.04.2014) ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ აბონენტების შპს “მეტეხი 2014“-ს მომსახურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით თანხმობის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მეტეხი-2014“-ის 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი ინგა ოკინაშვილი. შპს “მეტეხი-2014“-ის დირექტორია აშოტ მატინიანი.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 16 აპრილის №10/603-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “მეტეხი-2014“-ის, შპს “მეტეხი-2014“-ის 100% წილის მფლობელის ინგა ოკინაშვილის, ასევე შპს “მეტეხი-2014“-ის დირექტორის აშოტ მატინიანის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დადგინდა.

ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 23 აპრილის №10/633-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 69960 ლარი. შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტი, რომელსაც კომპანია ახორციელებს ქალაქ თბილისში. აბონენტების რაოდენობამ 2014 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 490 აბონენტი. შესაბამისად, შესაბამის პერიოდში მიღებული შემოსავლების მიხედვით, ქალაქ თბილისში მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში  ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ შემოსავლების ხვედრითმა წილმა შეადგინა 0,21%, ხოლო 2014 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, ქალაქ თბილისში მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმღები მომხმარებლების მთლიან ოდენობაში ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ აბონენტთა ხვედრითმა წილმა შეადგინა 0,26%.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “მეტეხი-2014“-ის მიერ ი/მ “ლალი ხახანაშვილის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე, ი/მ “ლალი ხახანაშვილის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “მეტეხი-2014“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი/მ “ლალი ხახანაშვილის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “მეტეხი-2014“-ის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაკმაყოფილებულ იქნას ი/მ “ლალი ხახანაშვილის“  მოთხოვნა;

2. მიეცეს თანხმობა ი/მ “ლალი ხახანაშვილს“, მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის  შპს “მეტეხი-2014“-ის მიერ შეძენაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ., №6), ი/მ “ლალი ხახანაშვილისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ “ლალი ხახანაშვილისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარის

         მოვალეობის შემსრულებელი                                           აკაკი სიხარულიძე  

         კომისიის წევრი                                                                   ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                   კახი ბექაური 

         კომისიის წევრი                                                                   ვახტანგ აბაშიძე              

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები