შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2014
მიღების თარიღი მაისი 08, 2014
შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/459-14; 21.03.14) თანდართული მასალით (CD), საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,სტუდია მაესტროს“ შემოწმება მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადგენის მიზნით, რის შედეგად გამოირკვა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამა „სუბიექტური აზრი“. 2014 წლის 13 მარტს გადაცემა „სუბიექტური აზრი“ (გადაცემის დაწყების დრო – 18:25:20) რეკლამით შეწყდა 18:29:55 საათზე, ხოლო განახლდა 18:31:28 საათზე. შესაბამისად, დაწყებიდან გადაცემა რეკლამით შეწყდა 4:35 წუთში (ოთხ წუთსა და ოცდათხუთმეტ წამში). 2014 წლის 17 მარტს გადაცემა „სუბიექტური აზრი“ (გადაცემის დაწყების დრო – 18:24:32) რეკლამით შეწყდა 18:29:45 საათზე, ხოლო განახლდა 18:33:00 საათზე. შესაბამისად, გადაცემა დაწყებიდან რეკლამით შეწყდა 5:12 წუთში (ხუთ წუთსა და თორმეტ წამში). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე–9 პუნქტი, ვინაიდან გადაცემის დაწყებიდან პირველ სარეკლამო წყვეტამდე არ იყო დაცული 15 წუთიანი ინტერვალი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/459-14; 21.03.14) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 31 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 11 აპრილს, 16 საათზე, რის შესახებ შპს ,,სტუდია მაესტროს“ ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა ჯერ 2014 წლის 17 აპრილს, ხოლო შემდეგ 2014 წლის 30 აპრილს, რის შესახებ შპს ,,სტუდია მაესტროს“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებებით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 30 აპრილის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ -პოლიტიკური პროგრამა „სუბიექტური აზრი“ შედგება თემატიკით და ხასიათით ერთმანეთისაგან განსხვავებული ავტონომიური ნაწილებისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გადაიცემა და ეხება სხვადასხვა საკითხს. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ან მხატვრული წარმოდგენისა და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილი პროგრამისა. საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამა „სუბიექტური აზრში“ რეკლამები განთავსებულია ავტონომიური ნაწილების ინტერვალებში. შესაბამისად, შპს ,,სტუდია მაესტროს“ მიერ არ არის დარღვეული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, ახალი ამბების, საზოგადოებრივ - პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 30 აპრილის კომისიის სხდომაზე, საქმის მასალების დამატებითი შესწავლისა და შეფასების, ასევე ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდა შესვენება საქმის განხილვაზე 2014 წლის 8 მაისის 16 საათამდე. აღნიშნულის შესახებ, შპს ,,სტუდია მაესტრო“ გაფრთხილდა კომისიის სხდომაზევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2014 წლის 8 მაისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,სტუდია მაესტროს“ წარმომადგენელი, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/459-14; 21.03.14) თანდართული ვიდეოჩანაწერით - CD;
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,სტუდია მაესტროს“ შესახებ მონაცემები;
3. კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილება შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის №B107 ლიცენზიის გაცემის შესახებ;
4. შპს ,,სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №285/1 გადაწყვეტილებით შპს ,,სტუდია მაესტროს“ მიეცა კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზია №B107. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, შპს ,,სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,სტუდია მაესტროს“ შემოწმება მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამა „სუბიექტური აზრი“.
– 2014 წლის 13 მარტს გადაცემა „სუბიექტური აზრი“ (გადაცემის დაწყების დრო – 18:25:20) რეკლამით შეწყდა 18:29:55 საათზე, ხოლო განახლდა 18:31:28 საათზე. შესაბამისად, დაწყებიდან გადაცემა რეკლამით შეწყდა 4:35 წუთში (ოთხ წუთსა და ოცდათხუთმეტ წამში).
– 2014 წლის 17 მარტს გადაცემა „სუბიექტური აზრი“ (გადაცემის დაწყების დრო – 18:24:32) რეკლამით შეწყდა 18:29:45 საათზე, ხოლო განახლდა 18:33:00 საათზე. შესაბამისად, დაწყებიდან გადაცემა რეკლამით შეწყდა 5:12 წუთში (ხუთ წუთსა და თორმეტ წამში);
3. 2014 წლის 13 მარტს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამა „სუბიექტური აზრი“ შედგება სამი ნაწილისაგან. პირველი ნაწილის თემა - ,,ყირიმის არჩევანი“, რომელიც ინფორმაციული ხასიათისაა, ეხება ყირიმში(უკრაინა) მიმდინარე მოვლენებს. პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ გადაცემის ფორმატი შეიცვალა სხვა ფორმატით - საზოგადოებრივ - პოლიტიკური თოქ-შოუთი, რომლის თემაა ,,თვითმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების მზაყოფნა“. ამ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ - პოლიტიკური თოქ-შოუს პირველი ნაწილის სტუმარია რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხოლო მე-2 ნაწილის სტუმარია თავისუფალი საქართველოს ლიდერი;
2014 წლის 17 მარტს შპს „სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემა „სუბიექტური აზრი“ იწყება ახალი ამბების გადაცემით, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს კულტურის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრა, რომელიც წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ასევე ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს (ხუდონჰესი; კაზრეთის აქცია; საყრდისი). ამ შეხვედრაზე პრემიერის მიერ ასევე გახმოვანდა ახალი საგანმანათლებლო ინიციატივები. ახალი ამბების დასრულების შემდეგ, გადაცემის ფორმატი - ახალი ამბები შეცვალა სხვა ფორმატით - საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუთი, რომელიც შედგებოდა ორი ბლოკისაგან. პირველი ბლოკის თემასთან - ,,ახალი საგანმანათლებლო ინიციატივები“ დაკავშირებით სტუდიის სტუმარია მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნ.კობახიძე, რომელმაც ისაუბრა კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ხოლო მე-2 ბლოკის თემასთან - ,,ნაციონალების ბრძოლა თბილისისთვის“ დაკავშირებით სტუდიის სტუმარია თბილისის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელმაც ისაუბრა არჩევნებთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ან მხატვრული წარმოდგენისა და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილი პროგრამისა.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სტუდია მაესტროს“ სამაუწყებლო ბადეში 2014 წლის 13 და 17 მარტს განთავსებული საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამა „სუბიექტური აზრი“ შედგება ავტონომიური ნაწილებისაგან, ვინაიდან ფორმატით და ასევე თემატურადაც ნაწილები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და განსხვავებულია. საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამა „სუბიექტურ აზრში“ რეკლამები განთავსებულია ავტონომიური ნაწილების ინტერვალებში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს, დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტებისა და 64-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ,,სტუდია მაესტროსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
