შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2014 12:19
მიღების თარიღი მაისი 15, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 11 აპრილის N206/22 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ NF23 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ კომისიის 2004 წლის 16 აპრილის N184/1, 2006 წლის 2 ივნისის N238/2, 2007 წლის 25 მაისის N279/19 და 2014 წლის 11 აპრილის N206/22 გადაწყვეტილებების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირეები: ქ.თბილისში - 3930.0მჰც ± 14მჰც, 4030.0მჰც ± 14მჰც, 4110.0მჰც ± 14მჰც და 4190.0მჰც ± 14მჰც, ქ.ქუთაისში - 3930.0მჰც ± 14მჰც რადიოსარელეო კავშირისთვის;
ბ) გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატი;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 16.04.2024 წ;
დ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეები „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებულ იქნას N1386 ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების დ) პუნქტში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეები „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცებამდე გამოყენებულ უნდა იქნას N1386 (კომისიის 2006 წლის 2 ივნისის N238/2 გადაწყვეტილებით N1386 ლიცენზია მოდიფიცირდა და მიენიჭა NF23) ლიცენზიაში გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, გეგმის შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის. კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2006 წლის N6 დადგენილებით დამტკიცდა „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა“, საჭიროა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოდიფიცირება და სალიცენზიო პირობების შესაბამისობაში მოყვანა კომისიის ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმასთან“, რათა განისაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების დანიშნულება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო კავშირის ხაზების სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით, კომისიამ წერილობით მიმართა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ ინფორმაციის დასაზუსტებლად. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 2014 წლის 1 აპრილის (კომისიაში რეგისტრაციის N6/1812-14) წერილის შესაბამისად, კომპანიის მიერ NF23 ლიცენზიაში განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენება კომპანიის საკუთრებაში არსებული 1 ვატი სიმძლავრის „წერტილი-წერტილი“ არქიტექტურის მქონე მობილურ რადიოსარელეო სადგურებში რადიოსარელეო კავშირისთვის. როგორც წერილშია აღნიშნული, აღნიშნული რადიოსარელეო სადგურების მეშვეობით ხორციელდება პირდაპირი ჩართვები, როგორც „ქრონიკის“ საინფორმაციო გამოშვებაში, ასევე „ტელეიმედის“ სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სატელევიზიო პროექტებში.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2014 წლის 15 მაისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით მენაბდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გადაწყვეტილების მიღება კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზევე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე იმგვარად, რომ კომპანიამ ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეები გამოიყენოს მობილური გადამცემებით სატელევიზიო ანძებამდე ცალმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF23 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირეები: თბილისში - 3930.0მჰც ± 14მჰც, 4030.0მჰც ± 14მჰც, 4110.0მჰც ± 14მჰც და 4190.0მჰც ± 14მჰც, ქ.ქუთაისში - 3930.0მჰც ± 14მჰც მობილური სადგურებიდან სატელევიზიო ანძებამდე ცალმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის;
ბ) გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატი;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 16.04.2024 წ.;
დ)კომპანია ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირეები გამოიყენოს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, თბილისსა და ქ.ქუთაისში მობილური სადგურებიდან სატელევიზიო ანძებამდე ცალმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა(ნ.ლორთქიფანიძე);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის აკაკი სიხარულიძე
მოვალეობის შემსრულებელი
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი