წვდომის მენიუ

ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 263 / 10-1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2014 12:25

მიღების თარიღი მაისი 19, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 90,9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 7 აპრილის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 11 აპრილი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2014 წლის 15 მაისი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 19 მაისი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 8,100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “ტვ სახელოსნო მაესტრომ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/04-14, 07.04.2014წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

ზეპირი მოსმენა ქ. ბათუმში (სიხშირე 90.9 მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2014 წლის 15 მაისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”ტვ სახელოსნო მაესტროს” უფლებამოსილი წარმომადგენლები ტარიელ კიკაბიძე და ნინო ელოშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”ტვ სახელოსნო მაესტროს” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო  კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშუნლი ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

შპს „ტვ სახელოსნო მაესტროს“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

- საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემები;

- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- სპორტული გადაცემები;

- საბავშვო გადაცემები;

ლიცენზიის მაძიებელს მიერ საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

საინფორმაციო გამოშვება - ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემა, ყოველ საათში ერთხელ ოპერატიული, ობიექტური და დეტალური ინფორმაცია დედაქალაქსა, იმერეთის რეგიონში, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ‚ სოციალურ‚ კულტურულ და სპორტულ მოვლენებზე. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება მოხდება „ქართული რადიოს“ საკუთარი რეგიონალური საკორესპონდენტო ქსელის მეშვეობით.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:

ხატია ქვათაძის საავტორო გადაცემა - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ) საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვა, რომელიც დაეთმობა კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს.

ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემა - ინტერვიუ HARD TALK - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ) თოქ-შოუ, რომელიც საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს გაანალიზებს. 

თამარ ჩიქოვანის საავტორო გადაცემა - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ)  ანალიტიკური თოქ-შოუ, რომელიც შესთავაზებს რადიომსმენელს აქტუალური სოციალური თემების განხილვას.

„რეგიონი“ - ყოველკვირეული (კვირაში სამჯერ) თოქ-შოუ, რომელიც ორიენტირებულია იმერეთის რეგიონის თვითმმართველობაში არსებულ პროცესებზე და მოსახლეობის ჩართულობაზე.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

დიანა ტრაპაიძის საავტორო გადაცემა - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ)  საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა, მიაწოდებს მსმენელს ინფორმაციას საქართველოს რეგიონების ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ტრადიციების შესახებ.

„ბიზნესი“ - ყოველკვირეული (კვირაში ორჯერ) საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს საკუთარი ბიზნესი, ან აპირებს მის დაწყებას. სიახლეები, რჩევები და კონსულტაციები ბიზნესის დაწყებასა და წარმართვის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, საგადასახადო, საბაჟო და ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

”ჯანმრთელობა” - ყოველკვირეული (კვირაში ორჯერ) საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა გააცნობს მსმენელს უახლეს ინფორმაციას სამედიცინო სფეროს სიახლეების, მიღწევების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. წამყვანი, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე, მსმენელთა სურვილების, სეზონური ფაქტორების და დაავადებათა რისკების გათვალისწინებით. მსმენელს ექნება შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში დაუსვას შეკითხვა ექიმს და მიიღოს უფასო, კვალიფიციური კონსულტაცია.

„ცოდნა“ - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ) საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა პროფესიული, საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, რეფორმებსა, პროექტებსა და სასწავლო პროგრამებზე. სხვადასხვა სასწავლებლებში სწავლების წესებზე, ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო, და სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცედურებსა და თავისებურობებზე, სამეცნიერო გრანტებზე, საერთაშორისო გაცვლოთ პროგრამებსა და სტიპენდიებზე.

„ფერმა“ - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ) საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე, ხელს შეუწყობს გლეხებსა და ფერმერებს აღნიშნული დარგის განვითარებასა და თანამედროვე სისტემების დანერგვაში. მოწვეული სპეციალისტები მიაწვდიან მსმენელს ინფორმაციას და ურჩევენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებით დამზადებასა და რეალიზებაში, სეზონური და მიმდინარე პრობლემების გადალახვაში.

„კულტურის სიახლეები“ - ყოველკვირეული (ყოველ სამუშაო დღეს) საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა, მიაწვდის მსმენელს უალხლეს ინფორმაციას ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ კულტურის სფეროში.

„ტურისტი“ - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ) საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა ტურიზმის სფეროში არსებული სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ.

„ლიტერატურული საათი“ - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ) საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურული სიახლეებისა და კლასიკური ნაწარმოებების შესახებ.

„ჩვენი ისტორია“ - ყოველკვირეული (კვირაში სამჯერ)  საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა საქართველოს ისტორიული მოვლენებისა და ღირშესანიშნავი თარიღების შესახებ.

„სარწმუნოება“ - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ)  საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა რელიგიის შესახებ.

გადაცემების მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ჩატარდება კონკურსები და ვიქტორინები.

მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:

„ქართული მუსიკა“ - ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც მიეძღვნება მსმენელისთვის კარგად ნაცნობ ქართულ მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებს და შესთავაზებს მსმენელს პოპულარულ და რეტრო-ჰიტებს.

„ჯაზის დრო” - ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც ჯაზის მოყვარულებს შესათავაზებს ქართველი და უცხოელი შემრულებლების მიერ შესრულებულ ახალ და კარგად ნაცნობ კომპოზიციებს.

„ახალი ანეკდოტები“ - ყოველდღიური იუმორისტული რუბრიკა. ვასიკო ოდიშვილი გააცნობს მსმენელს ახალ ანეკდოტებს.

„თანამედროვე მუსიკა“ - ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელიც დააკმაყოფილებს ქართული და უცხოური თანამედროვე მუსიკის მოყვარულების ინტერესებს.

სპორტული თემატიკის ფარგლებში:

„სპორტის სიახლეები“ - ყოველდღიური რუბრიკა, რომელიც მსმენელს მიაწვდის ოპერატიულ ინფორმაციას რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ.

„სპორტის 7 დღე“ -  ყოველკვირეული სპორტული საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა, რეგიონში, საქართველოში და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეების შესახებ.

საბავშვო თემატიკის ფარგლებში:

”საბავშვო” - ყოველდღიური საბავშვო გასართობი შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემა პატარებისთვის.

„ზღაპარი“ - ქართული და მსოფლიო საუკეთესო ზღაპრები „ქართული რადიოს“ პატარა მსმენელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შპს „ტვ სახელოსნო მაესტროს” კონცეფციაში მითითებულია, რომ კომპანია მსმენელს ცალკე ახალგაზრდული თემატიკის პროგრამებსაც შესთავაზებდა, თუმცა აღნიშნული თემატიკის პროგრამები კონცეფციაში წარმოდგენილი არ არის.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ბათუმში (სიხშირეზე 90,9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2014 წლის 19 მაისს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”ტვ სახელოსნო მაესტროს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”ტვ სახელოსნო მაესტროს” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამასახურებრივი ბარათი №10/727-14, 15.05.2014წ.) საფუძველზე მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.

                კომისია დამატებით მიუთითებს, რომ  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტვ სახელოსნო მაესტროს”  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ტარიელ კიკაბიძემ სალიცენზიო გადასახდელის - 8,100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ტვ სახელოსნო მაესტრო”;

2.  უზრუნველყოს შპს ”ტვ სახელოსნო მაესტრომ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 1620.00 (ერთი ათას ექვსასოცი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 5670.00 (ხუთი ათას ექვსასსამოცდაათი და 00) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს ”ტვ სახელოსნო მაესტროსთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ტვ სახელოსნო მაესტროსთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                      აკაკი სიხარულიძე    

კომისიის წევრი                                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები