წვდომის მენიუ

ქ. ხაშურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 263 / 10-3

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2014 18:19

მიღების თარიღი მაისი 19, 2014

ქ. ხაშურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების 33-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ხაშურში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 102,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 7 აპრილის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 11 აპრილი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2014 წლის 15 მაისი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 19 მაისი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “ევროპა პლუს თბილისმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/05-14, 07.04.2014წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ არ იყო  წარმოდგენილი ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისიის 2014 წლის 11 აპრილის №177/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს “ევროპა პლუს თბილისს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2014 წლის 22 აპრილის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2014 წლის 16 აპრილს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/2064-14).

ზეპირი მოსმენა ქ. ხაშურში (სიხშირეზე 102,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2014 წლის 15 მაისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს “ევროპა პლუს თბილისის”  უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს “ევროპა პლუს თბილისის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო  კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშუნლი ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

შპს “ევროპა პლუს თბილისის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;

- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- სპორტული გადაცემები;

- საბავშვო გადაცემები;

ლიცენზიის მაძიებელს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

საინფორმაციო გამოშვება - ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემა, ეთერში გავა ყოველი საათის დასაწყისში და მიაწვდის მსმენელს ოპერატიულ, ობიექტურ, მიუკერძოებელ, დეტალურ ინფორმაციას საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ‚ სოციალურ‚ კულტურულ თუ სპორტულ მოვლენებზე.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:

„მთელი კვირა“ - ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა, - მიმოიხილავს რეგიონებში, ქვეყანაში და მსოფლიოში კვირის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს.

,,რთული თემა“ - ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა, რომელშიც განიხილება რეგიონის და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემატიკის საკითხები. გადაცემა მიეძღვნება ერთ  კონკრეტულ პრობლემას და მისი განხილვა მოხდება კომპეტენტურ პიროვნებებთან ერთად.

 „სუბიექტური თვალით“ ­- ყოველკვირეული რადიორეპორტაჟი, რომელსაც მონაცვლეობით მოამზადებენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები. რადიორეპორტაჟი შეეხება ავტორის მიერ გარკვეულ რეგიონში შერჩეულ პრობლემას, მოვლენას, ისტორიას. შესაბამისად, ფოკუსში მოხვდება მსმენელისთვის საინტერესო, განსხვავებული თვალით დანახული მრავალფეროვანი თემატიკა.

 „ცხელი საუბარი“ - ყოველკვირეული ინტერაქტიული თოქ-შოუ, დებატი, დისკუსია რეგიონში, ან/და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე საზოგადოების სხვადასხვა კომპეტენტური სტუმრების მონაწილეობით.

 „პრესის ფურცლებზე“ - ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემა, რომელიც მიაწვდის მსმენელს რეგიონის, ქვეყნის და საერთაშორისო პრესის მნიშვნელოვანი სტატიების შესახებ ინფორმაციას.

საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

გადაცემა „სოციუმი“ - ყოველკვირეული ანალიტიკური თოქ-შოუ, რომელიც შესთავაზებს რადიომსმენელს რეგიონში არსებული აქტუალური სოციალური თემების  განხილვას.

 „ჩემი დრო“ - ყოველკვირეული ინტერაქტიული თოქ-შოუ, რომელშიც რადიომსმენელს შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი ჩართულობით მონაწილეობა მიიღოს აქტუალური თემატიკის განხილვაში, დასვას კითხვები მისთვის საინტერესო საკითხის გარშემო და მიიღოს განმარტებები და  საინტერესო პასუხები.

„საგანძური“ - ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა, მიაწოდებს მსმენელს ინფორმაციას საქართველოს რეგიონების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების და ხელოვნების  შესახებ.

„საქმიანი საათი“ - ყოველდღიური სპეციალური საგანმანათლებო-საინფორმაციო პროგრამა, რომლის მიზანია მოუთხროს მსმენელს ეკონომიკის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ.

„ბიზნესის დრო“ - ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა, რომელიც განკუთვნილი იქნება მათთვის, ვისაც აქვს საკუთარი ბიზნესი, ან გადაწყვიტა მისი წამოწყება. ექსპერტების და წარმატებული ბიზნესმენების რჩევები, ნოვაციები, პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები, ინფორმაცია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში არსებული მიღწევების შესახებ.

„მეურნე“ - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა, რომლის მიზანი იქნება სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს მსმენელს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე.

„ჩემი კუთხე“ - ყოველკვირეული შემეცნებითი  თოქ-შოუ, რომლის მონაწილეები - რეგიონში ცნობილი პერსონები ისაუბრობენ და განიხილავენ კუთხის სოციალურ, კულტურულ და საყოფაცხოვრებო პრობლემატიკას საკუთარი ცხოვრებიდან და  გამოცდილებიდან გამომდინარე, რეალურ ფაქტებზე და კონკრეტულ ისტორიებზე დაყრდნობით. 

„კოლორიტი“ - ყოველკვირეული რადიო-პორტრეტი, რომლის გმირებიც რეგიონში ყველასთვის კარგად ცნობილი კოლორიტული, ღვაწლმოსილი პიროვნებები იქნებიან.

„ვისაუბროთ ჯანმრთელობაზე” - ყოველკვირეული  ინტერაქტიული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა მედიცინის შესახებ. უახლესი ინფორმაცია სფეროში არსებული სიახლეების, მსოფლიო მოწინავე პრაქტიკის, ინოვაციების, ტენდენციების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. მსმენელს საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში დაუსვას გადაცემაში მოწვეულ სპეციალისტს შეკითხვა და მიიღოს პასუხი და სასარგებლო რჩევები.

„კანონი ხალხისათვის“ - ყოველკვირეული ინტერაქტიული საგანმანათლებო-შემეცნებითი ინტერაქტიული გადაცემა სამართლის საკითხებზე, რომელიც საშუალებას მისცემს მსმენელს, გაერკვეს სხვადასხვა კანონებში, მიიღოს ინფორმაცია ძველი თუ ახალი კანონების მნიშვნელობასა და მოქმედებაზე, დასვას კითხვები პირდაპირ ეთერში და კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს პასუხები.

„კულტურის ამბები“ - ყოველდღიური  საინფორმაციო-საგანმანათლებო-შემეცნებითი ფორმატის გადაცემა, რომელიც გააშუქებს კულტურის სფეროში მომხდარ და მიმდინარე ამბებს, მიაწვდის მსმენელს ინფორმაციას მომავალი პრემიერების შესახებ.

„გურმანი“ - ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი კულინარიული გადაცემა, რომელშიც პროფესიონალი მზარეულის მიერ მოწვეული  სტუმრები აუდიტორიას სხვადასხვა კერძების საკუთარი რეცეპტებით მომზადების  საიდუმლოს გაანდობენ.

„წიგნების კარადა“ - ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურული სიახლეებისა და კლასიკური ნაწარმოებების შესახებ.

„თარიღები“ - ყოველკვირეული  საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა, რომელიც კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებულ (კალენდარის მიხედვით) მოვლენებზე მოგვითხრობს. 

„სტუმარ-მასპინძელი“ – ყოველკვირეული სამოგზაურო ნარკვევი. გადაცემის წამყვანი შეარჩევს რეგიონის ერთ, ჩვეულებრივ მაცხოვრებელს, სტუმრად ეწვევა მის ოჯახს, სადაც  უშუალო, ოჯახურ გარემოში, დიალოგის რეჟიმში მოხდება სხვადასხვა თემების, პრობლემების განხილვა.

„მრევლი“ - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ) საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა რელიგიის შესახებ, რელიგიის, საზოგადოების,  სახელმწიფოს და კულტურის ურთიერთქმედების საკითხები.

„აზრები“ - ყოველდღიური რუბრიკა, რომელშიც შევა გამოჩენილი ადამიანების საინტერესო მოსაზრებები, ფრაზები, აზრები.

მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:

„დილა“ - ყოველდღიური საინფორმაციო მუსიკალურ-გასართობი დილის გადაცემა, უახლესი ინფორმაცია რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიოში განვითარებული პოლიტიკური‚ სოციალური‚ კულტურული და სპორტული მოვლენების შესახებ, „დილა“-ს შემოქმედებითი ჯგუფი მოწვეულ სტუმრებთან ერთად შესთავაზებს მსმენელს მრავალფეროვან შემეცნებით, გასართობ და მუსიკალურ ბლოკებს.

„მუსიკალური სკივრი“ - ყოველკვირეული მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა რომლის მეშვეობით, მსმენელი მოისმენს ქართული ეროვნული ფოლკლორისა და მსოფლიო კლასიკის შედევრებს, მოისმენს საინტერესო ინფორმაციას ქართველ და უცხოელ კომპოზიტორებზე, ნაწარმოებებზე, შემსრულებლებზე, ასევე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ. 

“მუსიკალური ზონა” - ყოველდღიური ინტერაქტიური მუსიკალური გადაცემა,  რომელიც მსმენელს გააცნობს მსოფლიო მუსიკალური სამყაროს სიახლეებსა და მოვლენებს.

„ქართული ჰანგები“ - ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელშიც გაჟღერდება როგორც მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი ქართულ ჯგუფების მიერ შესრულებული პოპულარული და რეტრო-ჰიტები, ასევე ამ გადაცემის მეშვეობით მსმენელი გაეცნობა ახალი შემსრულებლებისა და მუსიკალური ჯგუფების შემოქმედებას.

„სიცილის 1 წუთი“ - ყოველდღიური იუმორისტული რუბრიკა. სხვადასხვა ადამიანებს დაეთმობათ დრო, რომელშიც უნდა მოყვენ ანეკდოტი, ან  სახალისო ისტორიები. 

„პოეზიის 1 წუთი“ - ყოველდღიური რუბრიკა, რომელშიც მსმენელი გაეცნობა ქართული პოეზიის შედევრებს.

ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:

„ხაზზე ვარ მე...“ - ყოველკვირეული ინტერაქტიური ახალგაზრდული გადაცემა, რომელსაც მრავალფეროვანი ფორმატი ექნება, ამ ფორმატს განსაზღვრავენ წამყვანები მსმენელებთან ერთად. ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყოველდღიური თუ ტაბუირებული თემები, დისკუსიები და განხილვები. ინტერაქტივის ფორმატი ახალგაზრდა მსმენელს მისცემს როგორც საკუთარი აზრისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, ასევე განსხვავებული მოსაზრების მოსმენის საშუალებას.

„ონლაინი“ –  ყოველდღიური ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც სოციალურ ქსელებში, ბლოგებსა თუ ვებ-გვერდებზე განხილვად აქტუალურ თემებს მიეძღვნება.

გადაცემა „5 წუთი“ -  ყოველკვირეული  თოქ-შოუ,  რომლის მიზანია  პრინციპით ვინ? რა? სად? როდის? როგორ? მოწვეულ რესპოდენტთან  ერთად გააშუქოს და გააანალიზოს კონკრეტული რეზონანსული მოვლენა.

სპორტული თემატიკის ფარგლებში:

„სპორტის სიახლეები“ - ყოველდღიური რუბრიკა, რომელიც მსმენელს მიაწვდის ოპერატიულ ინფორმაციას რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ.

„სპორტული კვირა“ -  ყოველკვირეული სპორტული საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა, რეგიონში, საქართველოში და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს დაუთმობს ეთერს.

საბავშვო თემატიკის ფარგლებში:

”მაცაცერა” - ყოველდღიური საბავშვო გასართობი შემეცნებით-საგანმანათლებო გადაცემა პატარებისთვის.

„მინი-კლუბი“ - ყოველდღიური საბავშვო თამაში-ვიქტორინა პატარა რადიო­მსმენელებითვის.

„ზღაპრის გუდა“ - ყოველდღიური საბავშვო გადაცემა. ქართული და მსოფლიო საუკეთესო ზღაპრები  პატარა მსმენელებისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ხაშურში (სიხშირეზე 102,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2014 წლის 19 მაისს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “ევროპა პლუს თბილისის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “ევროპა პლუს თბილისის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამასახურებრივი ბარათი №10/727-14, 15.05.2014წ.) საფუძველზე მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.

                კომისია დამატებით მიუთითებს, რომ  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

                კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ევროპა პლუს თბილისის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ტარიელ კიკაბიძემ სალიცენზიო გადასახდელის - 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

                    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ქ. ხაშურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “ევროპა პლუს თბილისი”;

2.  უზრუნველყოს შპს “ევროპა პლუს თბილისმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 1215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 4252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს “ევროპა პლუს თბილისისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ევროპა პლუს თბილისისთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                   აკაკი სიხარულიძე    

კომისიის წევრი                                                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                              ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები