წვდომის მენიუ

ქ. დმანისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 263 / 10-4

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2014 18:20

მიღების თარიღი მაისი 19, 2014

ქ. დმანისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების 25-ე პუნქტის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. დმანისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 103,8მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 7 აპრილის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 11 აპრილი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2014 წლის 15 მაისი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2014 წლის 19 მაისი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 2,025.00 (ორი ათას ოცდახუთი და 00)  ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს “ევროპა პლუს თბილისმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/06-14, 07.04.2014წ) და შპს ”ნიუკომმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/03-14, 04.04.2014წ).

         კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს, კერძოდ:

ა) შპს ”ევროპა პლუს თბილისის” მიერ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო თანდართული ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

ბ) შპს ”ნიუკომის” მიერ წარმოდგენილ განაცხადში არ იყო მითითებული საძიებელი ლიცენზიის სახე და სახეობა, არასწორად იყო შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია. ასევე არ იყო  წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

კომისიის 2014 წლის 11 აპრილის №177/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს “ნიუკომს” და შპს ”ევროპა პლუს თბილისს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცათ ვადა 2014 წლის 22 აპრილის 19:00 საათამდე. 2014 წლის 16 აპრილს შპს ”ევროპა პლუს თბილისის” მიერ (წერილი №6/2063-14), ხოლო 2014 წლის 17 აპრილს შპს “ნიუკომ”-ის მიერ (წერილი №6/2078-14) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა ქ. დმანისში (სიხშირეზე 103,8მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2014 წლის 15 მაისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს “ევროპა პლუს თბილისის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე და შპს ”ნიუკომის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე.

 კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა, კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა, შპს „ნიუკომ“-ის და                  შპს “ევროპა პლუს თბილისის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასების თაობაზე (შედარებითი ანალიზი).

წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, „სამაუწყებლო კონცეფციების შეფასება განხორციელდა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავით განსაზღვრული შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის N612/22 გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, დასკვნაში გათვალისწინებულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”.

1. შპს “ევროპა პლუს თბილისის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;

- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- სპორტული გადაცემები;

- საბავშვო გადაცემები;

ლიცენზიის მაძიებელს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

საინფორმაციო გამოშვება - ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემა, ეთერში გავა ყოველი საათის დასაწყისში და მიაწვდის მსმენელს ოპერატიულ, ობიექტურ, მიუკერძოებელ, დეტალურ ინფორმაციას საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ პოლიტიკურ‚ სოციალურ‚ კულტურულ თუ სპორტულ მოვლენებზე.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:

„მთელი კვირა“ - ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა, - მიმოიხილავს რეგიონებში, ქვეყანაში და მსოფლიოში კვირის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს.

,,რთული თემა“ - ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა, რომელშიც განიხილება რეგიონის და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემატიკის საკითხები. გადაცემა მიეძღვნება ერთ  კონკრეტულ პრობლემას და მისი განხილვა მოხდება კომპეტენტურ პიროვნებებთან ერთად.

 „სუბიექტური თვალით“ ­- ყოველკვირეული რადიორეპორტაჟი, რომელსაც მონაცვლეობით მოამზადებენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები. რადიორეპორტაჟი შეეხება ავტორის მიერ გარკვეულ რეგიონში შერჩეულ პრობლემას, მოვლენას, ისტორიას. შესაბამისად, ფოკუსში მოხვდება მსმენელისთვის საინტერესო, განსხვავებული თვალით დანახული მრავალფეროვანი თემატიკა.

 „ცხელი საუბარი“ - ყოველკვირეული ინტერაქტიული თოქ-შოუ, დებატი, დისკუსია რეგიონში, ან/და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე საზოგადოების სხვადასხვა კომპეტენტური სტუმრების მონაწილეობით.

 „პრესის ფურცლებზე“ - ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემა, რომელიც მიაწვდის მსმენელს რეგიონის, ქვეყნის და საერთაშორისო პრესის მნიშვნელოვანი სტატიების შესახებ ინფორმაციას.

საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

გადაცემა „სოციუმი“ - ყოველკვირეული ანალიტიკური თოქ-შოუ, რომელიც შესთავაზებს რადიომსმენელს რეგიონში არსებული აქტუალური სოციალური თემების  განხილვას.

 „ჩემი დრო“ - ყოველკვირეული ინტერაქტიული თოქ-შოუ, რომელშიც რადიომსმენელს შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი ჩართულობით მონაწილეობა მიიღოს აქტუალური თემატიკის განხილვაში, დასვას კითხვები მისთვის საინტერესო საკითხის გარშემო და მიიღოს განმარტებები და  საინტერესო პასუხები.

„საგანძური“ - ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა, მიაწოდებს მსმენელს ინფორმაციას საქართველოს რეგიონების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების და ხელოვნების  შესახებ.

„საქმიანი საათი“ - ყოველდღიური სპეციალური საგანმანათლებო-საინფორმაციო პროგრამა, რომლის მიზანია მოუთხროს მსმენელს ეკონომიკის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ.

„ბიზნესის დრო“ - ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა, რომელიც განკუთვნილი იქნება მათთვის, ვისაც აქვს საკუთარი ბიზნესი, ან გადაწყვიტა მისი წამოწყება. ექსპერტების და წარმატებული ბიზნესმენების რჩევები, ნოვაციები, პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები, ინფორმაცია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში არსებული მიღწევების შესახებ.

„მეურნე“ - ყოველკვირეული შემეცნებითი გადაცემა, რომლის მიზანი იქნება სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს მსმენელს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე.

„ჩემი კუთხე“ - ყოველკვირეული შემეცნებითი  თოქ-შოუ, რომლის მონაწილეები - რეგიონში ცნობილი პერსონები ისაუბრობენ და განიხილავენ კუთხის სოციალურ, კულტურულ და საყოფაცხოვრებო პრობლემატიკას საკუთარი ცხოვრებიდან და  გამოცდილებიდან გამომდინარე, რეალურ ფაქტებზე და კონკრეტულ ისტორიებზე დაყრდნობით. 

„კოლორიტი“ - ყოველკვირეული რადიო-პორტრეტი, რომლის გმირებიც რეგიონში ყველასთვის კარგად ცნობილი კოლორიტული, ღვაწლმოსილი პიროვნებები იქნებიან.

„ვისაუბროთ ჯანმრთელობაზე” - ყოველკვირეული  ინტერაქტიული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა მედიცინის შესახებ. უახლესი ინფორმაცია სფეროში არსებული სიახლეების, მსოფლიო მოწინავე პრაქტიკის, ინოვაციების, ტენდენციების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. მსმენელს საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში დაუსვას გადაცემაში მოწვეულ სპეციალისტს შეკითხვა და მიიღოს პასუხი და სასარგებლო რჩევები.

„კანონი ხალხისათვის“ - ყოველკვირეული ინტერაქტიული საგანმანათლებო-შემეცნებითი ინტერაქტიული გადაცემა სამართლის საკითხებზე, რომელიც საშუალებას მისცემს მსმენელს, გაერკვეს სხვადასხვა კანონებში, მიიღოს ინფორმაცია ძველი თუ ახალი კანონების მნიშვნელობასა და მოქმედებაზე, დასვას კითხვები პირდაპირ ეთერში და კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს პასუხები.

„კულტურის ამბები“ - ყოველდღიური  საინფორმაციო-საგანმანათლებო-შემეცნებითი ფორმატის გადაცემა, რომელიც გააშუქებს კულტურის სფეროში მომხდარ და მიმდინარე ამბებს, მიაწვდის მსმენელს ინფორმაციას მომავალი პრემიერების შესახებ.

„გურმანი“ - ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი კულინარიული გადაცემა, რომელშიც პროფესიონალი მზარეულის მიერ მოწვეული  სტუმრები აუდიტორიას სხვადასხვა კერძების საკუთარი რეცეპტებით მომზადების  საიდუმლოს გაანდობენ.

„წიგნების კარადა“ - ყოველკვირეული საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურული სიახლეებისა და კლასიკური ნაწარმოებების შესახებ.

„თარიღები“ - ყოველკვირეული  საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა, რომელიც კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებულ (კალენდარის მიხედვით) მოვლენებზე მოგვითხრობს. 

„სტუმარ-მასპინძელი“ – ყოველკვირეული სამოგზაურო ნარკვევი. გადაცემის წამყვანი შეარჩევს რეგიონის ერთ, ჩვეულებრივ მაცხოვრებელს, სტუმრად ეწვევა მის ოჯახს, სადაც  უშუალო, ოჯახურ გარემოში, დიალოგის რეჟიმში მოხდება სხვადასხვა თემების, პრობლემების განხილვა.

„მრევლი“ - ყოველკვირეული (კვირაში ერთხელ) საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემა რელიგიის შესახებ, რელიგიის, საზოგადოების,  სახელმწიფოს და კულტურის ურთიერთქმედების საკითხები.

„აზრები“ - ყოველდღიური რუბრიკა, რომელშიც შევა გამოჩენილი ადამიანების საინტერესო მოსაზრებები, ფრაზები, აზრები.

მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:

„დილა“ - ყოველდღიური საინფორმაციო მუსიკალურ-გასართობი დილის გადაცემა, უახლესი ინფორმაცია რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიოში განვითარებული პოლიტიკური‚ სოციალური‚ კულტურული და სპორტული მოვლენების შესახებ, „დილას” შემოქმედებითი ჯგუფი მოწვეულ სტუმრებთან ერთად შესთავაზებს მსმენელს მრავალფეროვან შემეცნებით, გასართობ და მუსიკალურ ბლოკებს.

„მუსიკალური სკივრი“ - ყოველკვირეული მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა რომლის მეშვეობით, მსმენელი მოისმენს ქართული ეროვნული ფოლკლორისა და მსოფლიო კლასიკის შედევრებს, მოისმენს საინტერესო ინფორმაციას ქართველ და უცხოელ კომპოზიტორებზე, ნაწარმოებებზე, შემსრულებლებზე, ასევე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ. 

“მუსიკალური ზონა” - ყოველდღიური ინტერაქტიური მუსიკალური გადაცემა,  რომელიც მსმენელს გააცნობს მსოფლიო მუსიკალური სამყაროს სიახლეებსა და მოვლენებს.

„ქართული ჰანგები“ - ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა, რომელშიც გაჟღერდება როგორც მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი ქართულ ჯგუფების მიერ შესრულებული პოპულარული და რეტრო-ჰიტები, ასევე ამ გადაცემის მეშვეობით მსმენელი გაეცნობა ახალი შემსრულებლებისა და მუსიკალური ჯგუფების შემოქმედებას.

„სიცილის 1 წუთი“ - ყოველდღიური იუმორისტული რუბრიკა. სხვადასხვა ადამიანებს დაეთმობათ დრო, რომელშიც უნდა მოყვენ ანეკდოტი, ან  სახალისო ისტორიები. 

„პოეზიის 1 წუთი“ - ყოველდღიური რუბრიკა, რომელშიც მსმენელი გაეცნობა ქართული პოეზიის შედევრებს.

ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:

„ხაზზე ვარ მე...“ - ყოველკვირეული ინტერაქტიური ახალგაზრდული გადაცემა, რომელსაც მრავალფეროვანი ფორმატი ექნება, ამ ფორმატს განსაზღვრავენ წამყვანები მსმენელებთან ერთად. ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყოველდღიური თუ ტაბუირებული თემები, დისკუსიები და განხილვები. ინტერაქტივის ფორმატი ახალგაზრდა მსმენელს მისცემს როგორც საკუთარი აზრისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, ასევე განსხვავებული მოსაზრების მოსმენის საშუალებას.

„ონლაინი“ –  ყოველდღიური ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც სოციალურ ქსელებში, ბლოგებსა თუ ვებ-გვერდებზე განხილვად აქტუალურ თემებს მიეძღვნება.

გადაცემა „5 წუთი“ -  ყოველკვირეული  თოქ-შოუ,  რომლის მიზანია  პრინციპით ვინ? რა? სად? როდის? როგორ? მოწვეულ რესპოდენტთან  ერთად გააშუქოს და გააანალიზოს კონკრეტული რეზონანსული მოვლენა.

სპორტული თემატიკის ფარგლებში:

„სპორტის სიახლეები“ - ყოველდღიური რუბრიკა, რომელიც მსმენელს მიაწვდის ოპერატიულ ინფორმაციას რეგიონის, ქვეყნის და მსოფლიო სპორტული სიახლეების შესახებ.

„სპორტული კვირა“ -  ყოველკვირეული სპორტული საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა, რეგიონში, საქართველოში და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს დაუთმობს ეთერს.

საბავშვო თემატიკის ფარგლებში:

”მაცაცერა” - ყოველდღიური საბავშვო გასართობი შემეცნებით-საგანმანათლებო გადაცემა პატარებისთვის.

„მინი-კლუბი“ - ყოველდღიური საბავშვო თამაში-ვიქტორინა პატარა რადიო­მსმენელებითვის.

„ზღაპრის გუდა“ - ყოველდღიური საბავშვო გადაცემა. ქართული და მსოფლიო საუკეთესო ზღაპრები  პატარა მსმენელებისთვის.

2. შპს „ნიუკომ“-ის სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:

- ახალი ამბები;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

– ანალიტიკური თემატიკის გადაცემები;

- საგანმანათლებო-შემეცნებითი გადაცემები;

- მუსიკალურ-გასართობი გადაცემები;

- ახალგაზრდული გადაცემები;

- საბავშვო გადაცემები;

- სპორტული გადაცემები;

ლიცენზიის მაძიებელს საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:

საინფორმაციო გამოშვება – „დრო,  ეთერში განთავსდება დღეში 4–ჯერ; გამოშვება ეთერში გავა 12:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე (12:00; 15:00; 18:00; 21:00) საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლივობა იქნება 4–5 წუთი.  საინფორმაციო გამოშვების მთავარ თემებს შეადგენს რადიოსადგურის საინფორმაციო სამსახური. საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდება ყველა აქტუალური პოლიტიკური, კულტურული და სპორტული მოვლენა, ასევე მსმენელს მიეწოდება ეკონომიკური და ბიზნეს ხასიათის ინფორმაცია, ამინდის პროგნოზი. საინფორმაციო სამსახური ინფორმაციას მოიპოვებს საინფორმაციო სააგენტოებისგან და ადგილობრივი კორესპონდენტების მეშვეობით. ყოველ საათში: ამინდის პროგნოზი, ვალუტა.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში:

„დღის ბოლოს“ – ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს ბოლო საინფორმაციო გამოშვებაში შემაჯამებელი ყოველდღიური თოქ–შოუ. დღის მთავარი მოვლენების განხილვა სტუმრებთან ერთად. მოსაზრებები, შეფასებები და კომენტარები. ხანგრძლ. –60წთ.

„მთავარი ნიშანი“ – ყოველკვირეული საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუ, კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, სტუმრების მონაწილეობით და მსმენელთან ინტერაქციის ფორმატში. ხანგრძლ. – 120წთ.

„აქცენტი“ – ყოველკვირეული რადიოპროგრამა ეთნიკურ და ეროვნულ თავისებურებებზე. პროგრამაში განხილული იქნება ის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ ინტეგრაციას და გაზრდის მათ სამოქალაქო მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში. გადაცემა მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ხანგრძლ. – 90წთ.

„ინფონეტი“ – ყოველ სამუშაო დღეს. ქართულ ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებში და ბლოგებზე გამოქვეყნებული აქტუალური თემების მიმოხილვა და კომენტარები. სოციალური მედიის ტენდენციები, საინტერესო პოსტები. ხანგრძლ. – 40წთ.

„პრეს–კლუბი“ –  ყოველ  სამუშაო დღეს, დღეში –3ჯერ. ქართული და უცხოური პრესის მიმოხილვა. ხანგრძლ. –15წთ.

ანალიტიკური თემატიკის ფარგლებში:

„საქმე“ – ყოველკვირეული გადაცემა. ბიზნესის სიახლეები და ეკონომიკური ტენდენციების განხილვა სტუმრებთან ერთად. ინტერაქტივი მსმენელთან. ხანგრძლ. – 90წთ.

საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:

„პროექტი ევროპა“ –  ყოველკვირეული პროგრამა. ევროპული ქვეყნებში მიმდინარე ამბების მიმოხილვა. ევროპული კულტურის, ღირებულებათა და იდეათა თანამედროვე რეცეპცია ქართულ ინტელექტუალურ კონტექსტში.  დიალოგი სტუმრებთან ერთად. მსმენეთა სატელეფონო ჩართვა.  ხანგრძლ. –90 წთ.

„კავკასია“ – ეთერში გადის კვირაში 2–ჯერ. რადიოგადაცემაში წარმოდგენილი იქნება კავკასიელი ხალხების ეთნიკური ისტორია და ეთნიკური კულტურა(ყოფა, ტრადიციები, წეს–ჩვეულებები). გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები, ექსპერტები. (პერსპექტივაში იგეგმება რადიოხიდის ორგანიზება კავკასიის ქვეყნების რადიოსადგურებთან ) ხანგრძლ. –90 წთ.

„თრეველ ჯორჯია“ – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში 2–ჯერ. გადაცემა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მისი ღირშესანიშნაობებისა და კულტურული ძეგლების შესახებ. სატელეფონო ჩართვები სხვადასხვა ტურისტული წერტილებიდან.  ხანგრძლ. – 20 წთ.

„დიდრო“ – ეთერში გადის კვირაში ერთხელ. რადიოგადაცემა განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების, დაგეგმილი პროექტების, განხორციელებული რეფორმების შესახებ. გადაცემაში მოწვეული სტუმრები, განათლების სფეროს ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები გაანალიზებენ განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას. დაგეგმილია სატელეფონო ზარების ჩართვა გადაცემის მსვლელობისას. ხანგრძლ. – 20 წთ.

„კინოგურმანი“ – რადიოპროგრამა ეთერში განთავსდება კვირაში ორჯერ. გადაცემა მიეძღვნება კინო სიახლეებს და კინოს ისტორიას. ცალკე რუბრიკა დაეთმობა კონომუსიკას. ხანგრძლ. – 20 წთ.

„ისტორიანი“ – ყოველკვირეული რადიოპროგრამა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ. გადაცემა მოწვეულ სტუმართან ერთად.  ხანგრძლ. – 40 წთ.

„პულსი“ – გადაცემა ეთერში განთავსდება 2 დღეში ერთხელ. საინფორმაციო–საგანმანათლებლო გადაცემა მედიცინის შესახებ. სიახლეები და ინოვაციები, საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ხანგრძლ. – 20 წთ.

მუსიკალურ–გასართობი თემატიკის ფარგლებში:

„face time“ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. სტუდიაში მოწვეულები იქნებიან შოუბიზნესის ცნობადი სახეები. საუბარი იქნება მუსიკაზე, პირად ცხოვრებაზე.   პირდაპირ ეთერში მაყურებლებს საშუალება ექნებათ ტელეფონის საშუალებით დაუსვან შეკითხვები მოწვეულ სტუმრებს. ხანგრძლივობა – 60წთ.

„ტოპ 10“ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა.  გამოკითხვის საშუალებით (სმს-ის საშუალებით) მსმენელები ადგენენ  საუკეთესო სიმღერების ათეულს. ხანგრძლივობა – 30 წთ.

„მელომანი“ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა.  მუსიკის განხილვა ჟანრების მიხედვით. სტუდიაში მოწვეული იქნებიან სტუმრები. ხანგრძლივობა 60-წთ.

„ნიუჰიტ“ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. თანამედროვე მუსიკის რეიტინგები. ხანგრძლივობა 40წთ.

„არის კონტაქტი“ - დღეში 3–ჯერ პირდაპირ ეთერში მსმენელები აისრულებენ მუსიკალურ სურვილებს. ხანგრძლივობა – 60 წთ

ახალგაზრდული გადაცემების თემატიკის ფარგლებში:

„ფსიქოლოგი“ გადაცემა ეთერში განთავსდება კვირაში ერთჯერ. ის ხელს შეუწყობს   ახალგაზრდებსის პრობლემების მოგვარებას, მოწვეული იქნებიან სპეციალისტები, გადაცემა იქნება შემეცნებით საგანმანათლებლო ხასიათის.    სტუმრებთან ერთად განხილული იქნება სხვადასხვა თემა. მომზადდება რეპორტაჟები. პირდაპირ ეთერში გაიმართება საუბარი სხვადსახვა სახის პრობლემებზე. ხანგრძლ. – 90 წთ.

საბავშვო თემატიკის ფარგლებში:

„ჩემი ბავშვობის წიგნი“ – გადაცემა ეთერში გავა კვირაში 1–ჯერ. შემეცნებითი გადაცემა ბავშვებისთვის, საუბრები საბავშვო წიგნების გმირების და ამ წიგნებში გადმოცემული ისტორიების შესახებ. საბავშვო ლიტერატურის სიახლეების შესახებ. ხანგრძლივობა – 30 წთ.

„ფრეშ“ – ყოველკვირეული საბავშვო  მუსიკალური პროგრამა. პოპულარიზაცია გაეწევა საბავშვო მუსიკას, სამაუწყებლო არეალში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ხანგრძლივობა 60წთ.

სპორტული თემატიკის ფარგლებში:

„სპორტ News” – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ოთხჯერ. თითო გადაცემას დაეთმობა 5 წუთი, სადაც მსმენელი საქართველოს და მსოფლიო სპორტის სამყაროდან უახლეს სიახლეებს შეიტყობს

„სპორტის კვირა“ – ყოველკვირეული 1 საათიანი თოქ–შოუ სტუმრებთან ერთად კვირის სიახლეებს შეაჯამებს. ეს არის გადაცემა საქართველოში და მსოფლიოში მომხდარი სპორტული ამბების, სიახლეების და ცვლილებების შესახებ’

„ავტოშოკ“ –  ყოველკვირეული სპორტული პროგრამა. საუბრები სხვადასხვა მარკის ავტომობილების მახასიათებლებზე, წარმადობაზე და ა. შ. ხანგრძლივობა– 60 წთ.

„გოლი“ – ყოველკვირეული სპორტული პროგრამა. როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მიმდინარე  სპორტული მოვლენების მიმოხილვა. სტუდიაში მოწვეულ სპორტსმენებთან დიალოგი – მსმენელთან ინტერაქტიულ რეჟიმში. პირდაპირ ეთერი.   ხანგრძლივობა– 60 წთ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “ნიუკომის” და შპს ”ევროპა პლუს თბილისის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები და შედარებითი ანალიზისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამასახურებრივი ბარათი №10/727-14, 15.05.2014წ.) საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი ორივე ლიცენზიის მაძიებლის მიერ მეტწილად უზრუნველყოფილია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „ევროპა პლუს–თბილისის“ სამაუწყებლო კონცეფციაში წარმოდგენილი პროგრამები გაჯერებულია რეგიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებით, რაც შპს „ნიუკომის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში მეტწილად უზრუნველყოფილი არ არის.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2013 წლის 07 ოქტომბრის №612/22 გადაწყვეტილებით  დადგინდა ის კატეგორიები, რომელთა დეფიციტსაც განიცდის  რადიომაუწყებლობა დღეს. სამაუწყებლო ზონა №258–ში, რომელშიც ხვდება ქ. დმანისი, 2013 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესაბამისად, დეფიციტური რადიო გადაცემების კატეგორიები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

1.       შემეცნებითი;

2.       იუმორისტული გადაცემები;

3.       მუსიკალური;

4.       სპორტული;

5.       საბავშვო გადაცემები;

6.       საინფორმაციო;

7.       სოციალური.

გამომდინარე იქიდან, რომ რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით ქართულ რადიო სივრცეს აკლია შემეცნებითი გადაცემები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გათვალისწინებულ იქნას ლიცენზიის მაძიებლების მიერ შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება, რაც როგორც რაოდენობრივად, ისე თემატურად მეტწილად უზრუნველყოფილია შპს „ევროპა პლუს თბილისის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. დმანისში (სიხშირეზე 103,8მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2014 წლის 19 მაისს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “ნიუკომის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე და შპს ”ევროპა პლუს თბილისის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე.

კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა. პირველად კენჭი ეყარა ქ. დმანისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შპს ”ნიუკომის” გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა კომისიის არცერთმა წევრმა. შემდგომ კენჭი ეყარა ქ. დმანისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შპს „ევროპა პლუს თბილისის“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის სამივე წევრმა (აკაკი სიხარულიძე, ირაკლი მოსეშვილი, ვახტანგ აბაშიძე).

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლის, კომისიის 2014 წლის 6 მარტის №126/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ქ. დმანისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ევროპა პლუს თბილისი”;

2.  უზრუნველყოს შპს ”ევროპა პლუს თბილისმა”, ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ს - 405.00 (ოთხასხუთი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 1417.50 (ერთი ათას ოთხასჩვიდმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს “ევროპა პლუს თბილისისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ევროპა პლუს თბილისისთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                   აკაკი სიხარულიძე    

კომისიის წევრი                                                                                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                              ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები