წვდომის მენიუ

სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 27 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2014

მიღების თარიღი იანვარი 16, 2014

სს  „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 27 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N10/1576-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, კომისიაში 2013 წლის 22 ოქტომბერს შემოსულია ”Централ Партнершип Сейлз Хаус”–ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N8/271–13) სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროდუქციის კერძოდ: მხატვრული და ანიმაციური ფილმების არამართლზომიერი ჩვენების შესახებ. ამასთან, კომისიაში 2013 წლის 01 და 22 ოქტომბერს შემოსულია შპს „არტ რადიოს“ განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის N6/5540–13; N66130–13) რომლებითაც კომპანია ითხოვს მთელი რიგი მაუწყებლების მიერ, მათ შორის სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“  სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიწოდებას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

კომისიის 2013 წლის 15 ნოემბრის (N04/2469–13) წერილით სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ ეცნობა კომისიაში შემოსული განცხადებების შესახებ და ეთხოვა კომისიაში დასაბუთებული შეპასუხებისა და სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც კომპანიის მიერ განხორციელდა 2013 წლის 21 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის N6/6769–13).

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N10/1576-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2013 წლის 24 სექტემბრის, 12 და 16 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის გარეშე, ანთავსებს შემდეგ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს: „Kung Fu Panda”, “The Mummy”, “The Mummy returns”, “Pulp Fiction”, “Mr. & Mrs. Smith”, “Beethovens Big Break”, “Van Helsing”, “Real Steel”, “Taken”, “A Lot like love”, “The Gift”, “Clash of the Titans”, “Hannibal”, “Donnie Brasco”.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია შპს „ივერია ინტერმედიასთან“ 2012 წლის 08 მარტს და 2013 წლის 21 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებები:

–         2012 წლის 08 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ივერია ინტერმედია“ საკუთრებაში გადასცემს სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ ქართულად დუბლირებულ 120 ფილმს. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2012 წლის 15 ივნისს;

–         2013 წლის 21 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ივერია ინტერმედია“ გადასცემს სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ მის მიერ დამზადებულ გადაცემებს (ძილისპირული, პროდუქტივი, ტელეატლასი, კალენდარი).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მიერ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული მხატვრული და ანიმაციური ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება ხორციელდება არამართლზომიერად და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 17 დეკემბერს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 26 დეკემბერს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ დირექტორი ხათუნა მამარდაშვილი და ააიპ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი. ხათუნა მამარდაშვილმა და ნათია კუპრაშვილმა ითხოვეს ვადა უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების წარმოსადგენად და  კომისიის წინაშე იშუამდგომლეს საკითხის განხილვის გადადების თაობაზე; კომისიამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2014 წლის 16 იანვრისათვის.

2014 წლის 15 იანვარს კომისიას მიმართა შპს ,,Централ Партнешип Сейлз Хаус“-მა N8/08-14 წერილით, რომლის თანახმად, აღნიშნულ კომპანიასა და ააიპ ,,საქართველოს რეგიონული მაუწყებლების ასოციაციას“ შორის ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმების დასკვნით ეტაპზეა და შპს ,,Централ Партнешип Сейлз Хаус“-ს აღნიშნული ასოციაციის წევრებთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.

კომისიის 2014 წლის 16 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ დირექტორი ხათუნა მამარდაშვილი და ააიპ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი. კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ იმ სამაუწყებლო პროდუქციაზე, რომელზედაც სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ არ ჰქონდა გაფორმებული  ხელშეკრულება, ამოღებულია სამაუწყებლო ბადიდან და ამ ეტაპზე ტელეკომპანია წარმოადგენს მუსიკალურ არხს. ააიპ ,,საქართველოს რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა განმარტა, რომ შპს ,,Централ Партнешип Сейлз Хаус“-ს აქვს კატალოგი, სადაც შედის უამრავი უცხოური წარმოების ფილმი და იშუამდგომლა საკითხის განხილვის კიდევ ერთხელ გადადებაზე იმ მიზნით, რომ კომპანიას წარმოედგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები იმ სამაუწყებლო პროდუქციაზე, რომელიც მითითებულია შპს ,,არტ რადიოსა“ და შპს ”Централ Партнершип Сейлз Хаус”-ის განცხადებებში.  კომისიამ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, ზემოაღნიშნულ განცხადებებში მითითებული სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის საკმარისი, რადგან კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იქნა არა შპს ,,არტ რადიოსა“ და შპს ”Централ Партнершип Сейлз Хаус”-ის განცხადებების საფუძველზე, არამედ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ 2013 წლის 24 სექტემბრის, 12 და 16 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაფიქსირებული მხატვრული და ანიმაციური ფილმების სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის             26 ნოემბრის  N10/1576-13 სამსახურებრივი ბარათი;

2.       შპს ,,Централ Партнершип Сейлз Хаус”–ის 2013 წლის 22 ოქტომბრის N8/271-13 განცხადება;

3.        შპს „არტ რადიოს“ პირველი ოქტომბრის N6/5540–13 განცხადება;

4.       შპს „არტ რადიოს“ 22 ოქტომბრის N6/6130–13 განცხადება;

5.       სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ 2013 წლის 21 ნოემბრის N6/6769-13 განცხადება;

6.       სამაუწყებლო პროდუქციის სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;

7.       2013 წლის 26 დეკემბრისა და 2014 წლის 16 იანვრის კომისიის სხდომებზე, სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ დირექტორის ხათუნა მამარდაშვილისა და ააიპ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნათია კუპრაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ ფლობს N B35, N B36, N B37 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, რომლებიც ითვალისწინებენ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობას;

2.       სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“, როგორც კერძო მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და კერძო მაუწყებლობის N B35, N B36, N B37 ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულებები;

3.       შპს ,,არტ რადიოსა“ და  შპს ,,Централ Партнешип Сейлз Хаус“-ის მომართვების საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ 2013 წლის 24 სექტემბრის, 12 და 16 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს შემდეგ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს: „Kung Fu Panda”, “The Mummy”, “The Mummy returns”, “Pulp Fiction”, “Mr. & Mrs. Smith”, “Beethovens Big Break”, “Van Helsing”, “Real Steel”, “Taken”, “A Lot like love”, “The Gift”, “Clash of the Titans”, “Hannibal”, “Donnie Brasco”, რაც დასტურდება სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მონიტორინგის ამსახველი ვიდეო მასალით;

4.       სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.       ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.        „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.       „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლებისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.

4.       ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესებთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

5.       „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  ჟ) პუნქტის შესაბამისად, საჯარო გადაცემა განმარტებულია, როგორც ნაწარმოების,  შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

6.       „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს.  კერძოდ, ავტორი, ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

7.       „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად,  სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

8.       „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად;

9.       ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

10.    ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;

11.    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

12.    სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ კერძო მაუწყებლობის N B35, N B36, N B37 ლიცენზიების სალიცენზიო პირობების ნ) და ს) პუნქტების შესამისად, სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“ ვალდებულია:

-          კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

-          მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

13.    ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია“  მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს: „Kung Fu Panda”, “The Mummy”, “The Mummy returns”, “Pulp Fiction”, “Mr. & Mrs. Smith”, “Beethovens Big Break”, “Van Helsing”, “Real Steel”, “Taken”, “A Lot like love”, “The Gift”, “Clash of the Titans”, “Hannibal”, “Donnie Brasco”, სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა არამართლზომიერად;

სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, ამდენად, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას წერილობითი გაფრთხილება;

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი მხატვრული და ანიმაციური ფილმების: „Kung Fu Panda”, “The Mummy”, “The Mummy returns”, “Pulp Fiction”, “Mr. & Mrs. Smith”, “Beethovens Big Break”, “Van Helsing”, “Real Steel”, “Taken”, “A Lot like love”, “The Gift”, “Clash of the Titans”, “Hannibal”, “Donnie Brasco” არამართლზომიერი  განთავსება სამაუწყებლო ბადეში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების“ მე-8 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი)  ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე,  42-ე და 58-ე მუხლების, და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კერჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გადაწყვიტა:

1.       სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას“ მიეცეს გაფრთხილება,  ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის,  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18  მუხლის  მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ასევე კერძო მაუწყებლობის N B35, N B36, N B37 ლიცენზიების სალიცენზიო პირობების ნ) და ს) პუნქტების  დარღვევის გამო;

2.       სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიას” აეკრძალოს  საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული და ანიმაციური ფილმების: „Kung Fu Panda”, “The Mummy”, “The Mummy returns”, “Pulp Fiction”, “Mr. & Mrs. Smith”, “Beethovens Big Break”, “Van Helsing”, “Real Steel”, “Taken”, “A Lot like love”, “The Gift”, “Clash of the Titans”, “Hannibal”, “Donnie Brasco” არამართლზომიერი განთავსება სამაუწყებლო ბადეში;

3.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისათვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.       გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისათვის”  ჩაბარების დღიდან;

6.       კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7.       კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                             აკაკი სიხარულიძე

 კომისიის წევრი                                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები