შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2014 18:42
მიღების თარიღი მაისი 22, 2014
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2014 წლის 22 აპრილს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი (16.04.2014; №10/604-14), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 2014 წლის 16 აპრილის მდგომარეობით გააჩნია დავალიანებები, კერძოდ: სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მის კუთვნილ №B45 (2004 წლის 24 დეკემბერი N719/6 გადაწყვეტილება) და NB79 (2005 წლის 21 იანვრის N39/1 გადაწყვეტილება) მაუწყებლობის ლიცენზიებზე, რომელიც მთლიანობაში შეადგენს – 5,896.20 ლარს, ასევე, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 2014 წლის იანვრის შემდეგ კომისიაში არ წარმოაუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანების ზუსტი თანხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 16 აპრილის №10/604-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 29 აპრილს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, სალიცენზიო პირობების და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 15 მაისს 16.00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,რადიო კომპანია პირველ რადიოს“ ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით (გზავნილის კოდი:040010416574) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 15 მაისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, კომპანიის დირექტორი ზვიად ამირიძე რომელმაც განმარტა, რომ იგი ყოველთვიურად ელექტრონულად აგზავნიდა კომისიაში რეგულირების ყოველწლიური გაანგარიშების ფორმებს, თუმცა ზუსტად რა მისამართზე არ ახსოვს, აგრეთვე, ყოველთვიურად იხდიდა რეგულირების საფასურს; რაც შეეხება სალიცენზიო გადასახდელს, 2014 წლის 14 მაისს მთლიანად მოხდა დავალიანების დაფარვა, მაგრამ შეცდომით მითითებული კოდის გამო მოხდა შეფერხებები, რომელიც მალე აღმოიფხვრებოდა. კომისიამ, კომისიის წევრ ირაკლი მოსეშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღო საოქმო გადაწყვეტილება საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის მიზნით სხდომის 2014 წლის 22 მაისისთვის გადაგების თაობაზე.
ამასთან, განსახილველი საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევის მიზნით კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს დაევალა, წარმოედგინა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ 2014 წელს კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების და ჩარაიცხვების, აგრეთვე შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში მისი კუთვნილი NB45 და NB79 ლიცნეზიების სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 22 მაისის N10/763-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 2014 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებში წარმოდგენილი ჰქონდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ფორმები კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასური არ ჰქონდა ჩარიცხული კომისიის ანგარიშზე. შპს „რადიო კომპანია პირველმა რადიომ“, მხოლოდ 2014 წლის 17 აპრილს მოახდიანა რეგულირების საფასურის - იანვარ - თებერვლის თვეების დავალიანებების დაფარვა; რაც შეეხება სალიცენზიო გადასახდელს, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ სალიცენზიო დავალიანების - 5,896.20 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა შესრულდა, მხოლოდ 2014 წლის 14 მაისს, ანუ სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ. აღნიშნული თანხა უნდა გადარიცხულიყო საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდზე 300773062, მაგრამ გადარიცხვა შეცდომით განხორციელდა საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდზე - 300703062.
კომისიამ 2014 წლის 20 მაისის N07/1077-14 წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს ზემოაღნიშნული ხარვეზის გამოსწორების თხოვნით, რაზეც 2014 წლის 22 მიასს სახაზინო სამსახურიდან მიიღო სიტყვიერი დასტური, რომ 22 მაისის მდგომარეობით შეცდომა აღმოფხვრილია, ხოლო ამონაწერს კომისიას 2014 წლის 23 მიასს გადმოუგზავნიდნენ.
2014 წლის 22 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის მიერ, მხოლოდ 2014 წლის 14 მიასს (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ) განხორციელდა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დაფარვა.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 16 აპრილის №10/604-14 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 20 მაისის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის გაგზავნილი N07/1077-14 წერილი;
3. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 22 მაისის N10/763-14 სამსახურებრივი ბარათი;
4. შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (გზავნილის კოდი:040010416574) და ამ შეტყობინების შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (30.04.2014);
5. კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ შესახებ მონაცემები;
6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ შესახებ;
7. კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N719/6 გადაწყვეტილება;
8. კომისიის 2006 წლის 03 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილება;
9. კომისიის 2005 წლის 21 იანვრის N39/1 გადაწყვეტილება;
10. შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს” დირექტორის ზვიად ამირიძის მიერ 2014 წლის 15 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
11. შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს” დირექტორის ზვიად ამირიძის მიერ 2014 წლის 22 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის №B 45; NB46 და NB79 ლიცენზიების მფლობელს;
2. 2004 წლის 24 დეკემბრის N719/6 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა და ვადა გაუგრძელდა შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ N1115 ლიცენზიას და ამავე დროს განისაზღვრა სალიცენზიო ვალდებულებები, კერძოდ მე-3 პუქნტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ ვალდებულებაა წარმოუდგინოს კომისიას ინფორმაცია რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე; მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ დაეკისრა სალიცენზიო გადასახადის დარჩენილი 70%-ის (7484.4 ლარი) გადახდა შესაბამისი გრაფიკის მიხედვით;
3. კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებით, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ N1115 ლიცენზია შეიცვალა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭა NB45 ლიცენზია, შემდეგი პირობებით: ა)ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 106,4 მგჰც სიხშირისა და 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. თბილისი);
4. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ N1447 ლიცენზიის ვალდებულები გაეწერა კომისიის 2005 წლის 21 იანვრის N39/1 გადაწყვეტილებით. კერძოდ, 2005 წლის 21 იანვრის N39/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე; მე-8 პუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ დაეკისრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (25798.5 ლარი) გადახდა შესაბამისი გრაფიკის მიხედვით;
5. კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებით, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ შეეცვალა ლიცენზიის ნუმერაცია და N1447 ნაცვლად მიენიჭა NB79 ლიცენზია;
6. შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიო“, როგორც მაუწყებელი ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები და სალიცენზიო პირობები;
7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. რეგულირების საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები.
9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებულნი არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
10. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ კომისიაში 2014 წლის თებერვლის და მარტის 20 რიცხვისთვის არ ჰქონდა კომისიაში ჩარიცხული ამავე წლის იანვრის და თებერვლის თვეების რეგულირების საფასური, რითაც დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა;
11. შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ 2014 წლის 29 აპრილის მდგომარეობით (ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის), კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N719/6 და კომისიის 2005 წლის 21 იანვრის N39/1 გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება მის კუთვნილ B45 და B79 ლიცენზიებზე, რომელიც მთლიანობაში შეადგენს - 5,896.20 ლარს;
12. კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;
13. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე;
კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ერონვული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეყტობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან.
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ 2014 წლის 17 აპრილს (ანუ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე) განხორციელდა 2014 წლის იანვრის და თებერვლის რეგულირების საფასურის დავალიანებების გადახდა და დარღვევის აღმოფხვრა; კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო კომისიისათვის 2014 წლის 29 აპრილისათვის, როცა კომისიაში დაიწყო სანქცირებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება, კომისია არ დაიწყებდა აღნიშნულ წარმოებას, ვინაიდან 2014 წლის 29 აპრილისათვის აღარ არსებობდა შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების/დაჯარიმების საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ფორმების წარმოუდგენლობისა და იანვარი-თებერვლის რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე დაგვიანებით ჩარიცხვის ნაწილში; ამასთან, შპს „რადიო კომპანია პირველ რადიოს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, ვინაიდან, 2014 წლის 29 აპრილის მდგომარეობით, ანუ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის, მას ერიცხებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება - 5,896.20 ლარის ოდენობით, რითაც, შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ დაირღვა კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №719/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტით და მე–5 პუნქტით, ასევე კომისიის 2005 წლის 21 იანვრის N39/1 გადაწყვეტილების მე-3 პუქნტის დ) ქვეპუნქტით და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, 71–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების, მე-17 პუნქტის, კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №719/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტის და მე–5 პუნქტის, ასევე კომისიის 2005 წლის 21 იანვრის N39/1 გადაწყვეტილების მე-3 პუქნტის დ) ქვეპუნქტის და მე-8 პუქნტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიმართ, მის მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების ფორმების წარმოუდგენლობისა და 2014 წლის იანვარ-თებერვლის რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე დაგვიანებით ჩარიცხვის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში;
2. მიეცეს შპს ,,რადიო კომპანია პირველ რადიოს“ წერილობითი გაფრთხილება, კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №719/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტით და მე–5 პუნქტით, ასევე კომისიის 2005 წლის 21 იანვრის N39/1 გადაწყვეტილების მე-3 პუქნტის დ) ქვეპუნქტით და მე-8 პუქნტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოს“ სანქცირების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,რადიო კომპანია პირველი რადიოსათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,ტელეკომპანია მზისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარუძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
