წვდომის მენიუ

შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 28 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2014

მიღების თარიღი იანვარი 16, 2014

 

შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 18 ნოემბერს, კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6595-13; 18.11.2013) მიმართა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებული აქციის განხორციელებისას მომხმარებლების არასათანადო ინფორმირების თაობაზე. აღნიშნული განცხადების თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ 2013 წლის ოქტომბრის თვიდან ქ. რუსთავში გამოცხადებული აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შესთავაზა ინტერნეტ მომსახურება 20 მბ სიჩქარით თვეში მხოლოდ 9 ლარად; პირველი თვის მომსახურება საჩუქრად; მინიმალური პაკეტის ინსტალაცია უფასოდ; აქცია ძალაში იქნებოდა მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდზე (http://co.ge/News.aspx) და ქ. რუსთავის ცენტრალურ უბანში განთავსებული რეკლამა მომსახურების სხვა პირობებს არ შეიცავდა. ამავე განცხადების თანახმად, მხოლოდ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან დაკავშირების შემდეგ ირკვეოდა, რომ კომპანიის მიერ რეკლამირებადი ტარიფი მოქმედებს მომსახურების მიწოდებიდან 3 თვის განმავლობაში, რის შემდეგ ტარიფის ოდენობა იზრდებოდა 15 ლარამდე და  რეკლამირებადი შემოთავაზება ეხებოდა მხოლოდ ფიზიკურ პირებს და არ ვრცელდებოდა იურიდიულ პირებზე. ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ მომხმარებლებთან არ აფორმებდა მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებას. შესაბამისად, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადებით,   შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ დარღვეულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის ღ) ქვეპუნქტი და მე-101 მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიისაგან მოითხოვა შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და არასათანადო რეკლამის გავრცელებისა და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების გარეშე შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომსახურების მიწოდების აკრძალვა. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვის: შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდიდან (http://co.ge/News.aspx) ამონაბეჭდი 2013 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით;  ქ.რუსთავში განთავსებული სარეკლამო ბანერის ამსახველი ფოტოსურათი; ქ.რუსთავში გამოცხადებული აქციის ფარგლებში ინტერნეტ მომსახურების მიმღების მსურველი პირის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან საუბრის ამსახველი ამონაბეჭდი.

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2013 წლის 18 ნოემბრის №6/6595-13 განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის № 6/6595-13; 18.11.2013) საფუძველზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის მიერ, 2013 წლის 25 ნოემბერს, განხორციელდა  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომხმარებლისათვის ინტერნეტ მომსახურებების მიწოდების პირობების შესაბამისობის შემოწმება მოქმედ კანონმდებლობასთან. ამ მიზნით, მის მიერ შესწავლილ იქნა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2013 წლის 18 ნოემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № 6/6595-13; 18.11.2013); შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდიდან (http://co.ge/News.aspx) ამონაბეჭდი 2013 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით; ქ. რუსთავში განთავსებული სარეკლამო ბანერის ამსახველი ფოტოსურათი; ქ.რუსთავში გამოცხადებული აქციის ფარგლებში ინტერნეტ მომსახურების მიმღების მსურველი პირის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან საუბრის ამსახველი ამონაბეჭდი; შპს ,,კავკასუს ონლაინის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ქ. რუსთავში გამოცხადებული აქციის შესახებ 2013 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით;  აბონენტ დიმიტრი ჯღარკავას 2013 წლის 22 ნოემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება; ასევე განხორციელდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან სატელეფონო გასაუბრება (შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან სატელეფონო საუბარი ნომერზე - 248 00 00  შედგა 2013 წლის 20 ნოემბერს, 14.44 სთ-ზე, კომისიის სამსახურებრივი ტელეფონიდან - 231 1551), რის თაობაზეც 2013 წლის 25 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი №2, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარატამენტის მთავარი სპეციალისტი ციალა უჯმაჯურიძე და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვაჰან მღებრიანი, რომელიც არ ეთანხმება შემოწმების აქტის შინაარსს.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის 2013 წლის 25 ნოემბრის №10/1561-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის კომპეტენცია, ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შემოიფარგლება მხოლოდ სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმის (ადგილისა) და გამოყებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ”  და ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლით. კომისია არ წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს იმსჯელოს გარე რეკლამის შემთხვევაში საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინის” ვებ-გვერდზე  განთავსებული რეკლამა არ მოიცავს სრულად აქციის პირობებს და მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორთან სატელეფონო გასაუბრებით ირკვევა, რომ  20 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტით, თვეში 9 ლარად, მომხმარებელი ისარგებლებს მხოლოდ სამი თვით, რის შემდეგაც ინტერნეტის სიჩქარე გახდება 5 მეგაბიტი, ხოლო გადასახადი 15 ლარი. აღნიშნულით, შპს ,,კავკასუს ონლაინის” მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი. ამასთან, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის მიერ განხორციელებული მონიტორინგის პროცესში (25.11.2013) გაირკვა, რომ მოქალაქე დ. ჯღარკავამ (მცხ. ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქუჩა, კორპ. №3, ბინა 51) აქციის ფარგლებში შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შეუკვეთა ინტერნეტ მომსახურება, თუმცა წერილობითი ხელშეკრულება ინტერნეტ მომსახურების მიწოდების თაობაზე მათ შორის არ დადებულა, რაც ეწინააღმდეგება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტით და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-101 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2013 წლის 25 ნოემბრის №2 შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ქ. რუსთავში ინტერნეტ მომსახურების მიწოდებაზე აქციის შესახებ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შემოწმების, ასევე შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან სატელეფონო გასაუბრების (შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან სატელეფონო საუბარი ნომერზე - 248 00 00  შედგა 2013 წლის 20 ნოემბერს, 14.44 სთ-ზე, კომისიის სამსახურებრივი ტელეფონიდან - 231 1551) შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი” ვებ-გვერდზე სრულად არ ასახავს აქციის პირობებს, რაც ირკვევა მხოლოდ გარე სარეკლამო ბანერზე და კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულ სატელეფონო ნომერზე მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორთან გასაუბრების შემდეგ. აქედან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინის” მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებ-გვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2013 წლის 25 ნოემბრის №2 შემოწმების აქტის თანახმად, აქციის ფარგლებში შპს ,,კავკასუს ონლაინსა“ და მოქალაქე დ.ჯღარკავასა (მცხოვრები: ქ. რუსთავი, ფალიაშვლის ქ. კორპ.3 ბინა 51) შორის წერილობითი ხელშეკრულება ინტერნეტ მომსახურების მიწოდების თაობაზე არ დადებულა, რითაც შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და  მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-101 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ინტერნეტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე (გარდა მობილური და dial-up ინტერნეტისა).

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.უჯმაჯურიძის სამსახურებრივი ბარათისა (№10/1561-13.; 25.11.2013) თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 29 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 6 დეკემბერს, 13.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს ,,კავკასუს ონლაინს“, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, რომლებიც მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს ,,კავკასუს ონლაინს“, შეტყობინებით ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ შეტყობინება (№03/2580-13; 29.11.2013) დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა, ასევე მოქალაქე დ. ჯღარკავას, რომელიც კომისიის 2013 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე დაბარებულ იქნა მოწმის სტატუსით.

2013 წლის 6 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, კომისიამ დააკმაყოფილა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობა, საქმის დამატებით შესწავლის მიზნით,  საკითხის განხილვის გადადების შესახებ და კომისიის სხდომა დანიშნა 2013 წლის 17 დეკემბერს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობათ  შპს ,,კავკასუს ონლაინს“, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და მოქალაქე დ.ჯღარკავას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 16 დეკემბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი (16.12.2013; №6/7114-13) ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ქ. რუსთავში გამოცხადებული აქცია და მასთან დაკავშირებული მოქმედებები შეესაბამება ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქციის პირობებით მომხმარებლებისთვის აშკარა იყო თუ რა სიახლეები, არსებულისაგან განსხვავებული პირობები იყო შეთავაზებული ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებისა და დაინტერესებული პირებისათვის. კერძოდ, განისაზღვრა აქციის (ანუ ახალი  პირობების) მოქმედების პერიოდი (7 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით); ინტერნეტ მომსახურების აღწერილობა (პაკეტის აღწერილობა - 20 მბ/წმ); ინტერნეტ მომსახურების ღირებულება (აქციაში ჩართვიდან პირველი თვე უფასო, ინსტალაცია უფასო, შემდგომ აქციის დასრულებამდე, ანუ მომდევნო ორი თვე - ყოველთვიური ტარიფი 9 ლარი).

შპს ,,კავკასუს ონლაინი“ განმარტავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ აკისრია ვალდებულება თავის ვებ-გვერდზე განათავასოს ინფორმაცია აქციის დასრულების შემდგომ  კონკრეტულად რა პაკეტს შესთავაზებს მომხმარებელს და შეუძლებელიც არის წინასწარ აქციის დაწყების დროს განსაზღვრულ იქნას თუ რა ტარიფები იქნება მომავალში, აქციის დასრულების შემდგომ. აღნიშნული გარემოება ემსახურება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას  და მოცემულ პირობებში მათ სრული უფლება ჰქონდათ და აქვთ, რომ აქციის დასრულების შემდეგ შეწყვიტონ შპს ,,კავკასუს ონლაინისაგან“ მომსახურების მიღება ან აირჩიონ იმ მომენტისთვის მოქმედი ინტერნეტ მომსახურების პაკეტიდან მათთვის სასურველი ვარიანტი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ქ. რუსთავში განხორციელებული აქციით მომხმარებლებს მიეცა შესაძლებლობა აქციის პერიოდით ესარგებლათ არსებულზე უკეთესი (მეტი სიმძლავრისა და დაბალი ფასის მქონე) მომსახურებით. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ უფლებამოსილია შეცვალოს მომსახურების დადგენილი ტარიფი და აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე. შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, მათ შორის აქციის პირობებშიც,  სამომავლო ტარიფების შესახებ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, შეცვალოს მომსახურების ტარიფი, რის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელს მიაწვდის ინდივიდუალური შეტყობინებით. მას შემდეგ, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ინდივიდუალურად მიაწვდიდა ინფორმაციას აქციაში ჩართულ ყველა მომხმარებელს ინტერნეტ მომსახურების პაკეტისა და ტარიფების ცვლილების თაობაზე, თითოეულ აბონენტს ექნებოდა შესაძლებლობა თავად განესაზღვრა სურდა თუ არა შეცვლილი პაკეტითა და ტარიფებით სარგებლობა. ამასთან, აქციაში ჩართულ მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, აქციაში ჩართვის აუცილებელი პირობა იყო შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ცხელ ხაზზე დარეკვა ან შეკვეთის მისაცემად შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სერვის ცენტრში მისვლა, სადაც მომხმარებელი ღებულობდა დეტალურ ინფორმაციას აქციით სარგებლობის პირობების თაობაზე, მათ შორის, აქციის ხანგრძლივობის თაობაზე. აღნიშნული დასტურდება თვით შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან ჩანაწერიდანაც, სადაც ნათლად ჩანს, რომ ოპერატორი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას აქციის ხანგრძლივობის  თაობაზე, კერძოდ, აქცია არის 3 თვიანი.  ამის მიუხედავად, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ შეცვალა თავის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და მოახდინა მისი უფრო დეტალიზირება, რაც დასტურდება მის მიერ კომისიაში წარდგენილი  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდის ამონარიდიდან.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით, მომხმარებელ დ.ჯღარკავასთან მას არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. მიუხედავად კომპანიის მხრიდან მრავალგზის მცდელობისა, დ.ჯღარკავა განზრახ  უარს აცხადებდა შპს ,,კავკასუს ონლაინთან“ ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. დ.ჯღარკავას ფოსტით გაეგზავნა წერილი ხელშეკრულებასთან ერთად და განესაზღვრა დრო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. წერილით, ასევე ეცნობა, რომ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა მიიჩნეოდა მომხმარებლის უარად ინტერნეტ მომსახურების მიღებაზე, რის გამოც შპს ,,კავკასუს ონლაინი“ იძულებული იქნებოდა შეეწყვიტა მისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. აღნიშნული დასტურდება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ დ. ჯღარკავასთვის გაგზავნილი წერილით (№01-02/3346; 04.12.2013), შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ დ.ჯღარკავასთან გაგზავნილი მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებითა და ამ დოკუმენტების მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთით. ამის მიუხედავად, დ. ჯღარკავას მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, ამასთან, მას არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია ხელშეკრულების რომელიმე პირობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დ. ჯღარკავას მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ იძულებული გახდა მის მიერ ინტერნეტ საფასურით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე შეეწყვიტა მისთვის მომსახურება.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, 2013 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, აქციის ფარგლებში ჩართულ აბონენტებთან გაფორმებულია წერილობითი ხელშეკრულებები მომსახურების მიწოდების თაობაზე, რითაც დაცულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი და რეგლამენტის მე-101 მუხლის პირველი პუნქტი. ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით, ხელშეკრულებაში სრულად და ნათლად არის ასახული აქციის პირობები, რაც დასტურდება მის მიერ კომისიაში წარდგენილი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 17 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები გ.ჭელიძე და ნ.გომართელი, ასევ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი მ.ალბორაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2013 წლის 16 დეკემბერს კომისიაში წარდგენილ წერილში (№6/7114-13; 16.12.2013)  დაფიქსირებულ პოზიციას და დამატებით აღნიშნეს, რომ აქციაში მონაწილე აბონენტებთან მართალია არ ფორმდებოდა წერილობითი ხელშეკრულებები მომსახურების მიწოდების თაობაზე, თუმცა, ამით მომხმარებლებს არანაირი ზიანი არ მიყენებიათ. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ქ. რუსთავში განხორციელებული აქციით მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა აქციის პერიოდით ესარგებლა არსებულზე უკეთესი (მეტი სიმძლავრისა და დაბალი ფასის მქონე) მომსახურებით. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ არცერთი მომხმარებელი არ იყო შეცდომაში შეყვანილი და 2013 წლის 16 დეკემბრისათვის             შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და მომხმარებლებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცალსახად ჩანს, რომ აქციის მოქმედების ვადა სამი თვეა.  შესაბამისად, არცერთ მომხმარებელს არ ჰქონდა განცდა იმისა, რომ ეს იქნებოდა უსასრულო აქცია, აქციის პირობების გათვალისწინებით.  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომისიას აქვს მიღებული რიგი გადაწყვეტილებები, როდესაც ავტორიზებულ პირებს ეპატიათ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევები, ამ დარღვევათა საკითხის განხილვის დროისთვის აღმოფხვრის გამო. 

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელმა მ. ალბორაშვილმა მხარი დაუჭირა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადებაში და ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებულ პოზიციას და დამატებით აღნიშნა, რომ დ. ჯღარკავამ მიიღო შემდეგი შინაარსის მოკლე ტექტური შეტყობინება: ,,საბონენტო გადახდილია 08.12.2013-მდე. 09.12.2013-დან შეზღუდული მომსახურების სარგებლობის ყოველ დღეზე დაგერიცხებათ 50 თეთრი.“

შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე, კომისიამ მიიღო საოქმო გადაწყვეტილება შესვენების გამოცხადებისა და სხდომის 2013 წლის 27 დეკემბერს, 16.00 საათზე გაგრძელების თაობაზე. ამავე საოქმო გადაწყვეტილებით,  კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ც.უჯმაჯურიძეს დაევალა შპს ,,კავკასუს ონლაინში“ მივლინება, სამთვიანი აქციის დასრულების შემდეგ, აბონენტსა და შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შორის არსებული ფაქტობრივი ურთიერთობების  სახის დადგენისა და 2013 წლის 8 დეკემბრის შემდეგ დ. ჯღარკავასა და შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შორის გაგრძელებული ფაქტობრივი ურთიერთობის სახის დადგენის მიზნით. 

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის №6/7377-13; 24.12.2013), რომელსაც თან ერთვოდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2013 წლის 4 დეკემბერს დ.ჯღარკავასათვის გაგზავნილი №01-02/3346 წერილი; შპს ,,კავკასუს ონლაინსა“ და დ.ჯღარკავას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების თაობაზე;  აღნიშნული დოკუმენტების დ.ჯღარკავასათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ისტორიიდან ამონარიდი. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ განმარტავს, რომ დ.ჯღარკავას შეკვეთის საფუძველზე, 2013 წლის 7 ნოემბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დაიწყო მისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. დ. ჯღარკავამ ისარგებლა ქ.რუსთავში გამოცხადებული აქციით და მან 20 მბ სიჩქარის ინტერნეტი პირველი ერთი თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღო, ხოლო შემდეგ, დ. ჯღარკავას მხრიდან სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის გამო, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მას შეუწყვიტა ინტერნეტ მომსახურება, ამავე მომსახურების საფასურით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე, კერძოდ, 2013 წლის 9 დეკემბერს. მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, დ. ჯღარკავას არც პირგასამტეხლო და არც შეზღუდული მომსახურებით სარგებლობის საფასური არ დარიცხვია. მომსახურების შეწყვეტამდე, დ.ჯღარკავას მობილურ სატელეფონო ნომერზე ორჯერ, 2013 წლის 6 დეკემბერს და 2013 წლის 8 დეკემბერს, გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება შემდეგი შინაარსით: Clink 253678 სააბონენტო გადახდილია 08/11/13-მდე. 09/12/2013-დან შეზღუდული მომსახურებით სარგებლობის ყოველ დღეზე დაგერიცხებათ 50 თეთრი. ინფო: www.co.ge, რაც დასტურდება ამონარიდით მოკლე ტექტური შეტყობინებების გაგზავნის ისტორიიდან. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, აბონენტებს აღნიშნული შეტყობინება ავტომატურად ეგზავნებათ გადახდის თარიღამდე სამი და ერთი დღით ადრე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები: გ.ჭელიძე, ნ.გომართელი და ს.ბერიშვილი და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი მ.ალბორაშვილი, ხოლო მოწმის სტატუსით ხელმეორედ მოწვეული დ.ჯღარკავა სხდომაზე ისევ არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც.უჯმაჯურიძემ, შპს ,,კავკასუს ონლაინის 2013 წლის 24 დეკემბრის №6/7377-13 წერილობითი ახსნა-განმარტების,  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ  2013 წლის 4 დეკემბერს დ. ჯღარკავასთვის გაგზავნილი №01-02/3346  წერილის, დ.ჯღარკავასთან გასაფორმებელი ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების, ამ დოკუმენტების საფოსტო გზავნილით მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ისტორიის ამონარიდის შესწავლის საფუძველზე, დაადასტურა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2013 წლის 24 დეკემბრის წერილში აღნიშნული ინფორმაციის სისწორე, რაც ასახულია ასევე 2013 წლის 25 დეკემბრის №10/1847-13 მოხსენებით ბარათში. 

კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა გ. ჭელიძემ განაცხადა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქციის პირობები კორექტირებული იყო, ხოლო აქციაში ჩართულ ყველა აბონენტთან გაფორმდა მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება და მანამდე არსებული ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულს შპს ,,კავკასუს ონლაინი“ დოკუმენტურად ვერ ადასტურებს, რადგან ვერ ახერხებს ათასობით ხელშეკრულების ამოღებას კომისიაში წარსადგენად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს, კომისიამ მიიღო საოქმო გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადებისა და სხდომის 2014 წლის 16 იანვარს  გამართვის თაობაზე. ამავე საოქმო გადაწვეტილებით, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ც.უჯმაჯურიძეს დაევალა გადაემოწმებინა ჰქონდა თუ არა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება აქციაში ჩართულ ყველა აბონენტთან.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 16 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელი მ.ალბორაშვილი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები: ნ. გომართელი და ს.ბერიშვილი.

კომისიის 2014 წლის 16 იანვრის სხდომაზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც.უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მოწოდებული აბონენტების სიიდან (სულ 2817 აბონენტი), შერჩევითი წესით, მის მიერ განხორციელდა 53 აბონენტის შემოწმება, რის შედეგად დადგინდა, რომ 53-ვე აბონენტს შპს ,,კავკასუს ონლაინთან“ აქვს გაფორმებული ინტერნეტ მომსახურებაზე წერილობითი ხელშეკრულებები. აღნიშნული ასახულია მის 2014 წლის 15 იანვრის მოხსენებითი ბარათში (№10/60-14).

კომისიის 2014 წლის 16 იანვრის სხდომაზე,  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა ნ. გომართელმა აღნიშნა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არ არის ვალდებული მიუთითოს თავის ვებ-გვერდზე ინფორმაცია აქციის დასრულების შემდეგ მოქმედი ტარიფის შესახებ  და აღნიშნული ინფორმაციის მითითება ვებ-გვერდზე არანაირ მიზანს არ ემსახურება. მისი განცხადებით, კომისიის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ 90 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება დიდ ფინანსურ ზიანს მიაყენებს კომპანიას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას გადასახდელი აქვს სხვა საქმესთან დაკავშირებული სოლიდური თანხა. 2013 წლის 27 დეკემბერს კომისიის სხდომა გადაიდო იმ საფუძვლით, რომ კომისიის ადმინისტრაციის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ც. უჯმაჯურიძეს შეემოწმებინა რამდენად არის გამოსწორებული დარღვევა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას სრულად აღმოფხვრილი აქვს ხარვეზი და ყველა აბონენტთან გაფორმებული აქვს წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაუფორმებლობას არ მოჰყოლია მოხმარებელთა უფლებების დარღვევა და არც ერთ მომხმარებელს არ მისდგომია ზიანი. აბონენტებმა აქციის მოქმედების პერიოდში მეტი სიმძლავრისა და დაბალი ფასის მქონე მომსახურებით ისარგებლეს და შესაბამისად, სარგებელიც კი მიიღეს. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიზანი არ ყოფილა ხელშეკრულების გაუფორმებლობა და კომპანიას ამით არანაირი სარგებელი არ მიუღია. კომპანიამ ყველა ზომას მიმართა, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაეფორმებინათ ხელშეკრულებები და მთლიანად აღმოეფხვრა ხარვეზი, რასაც უამრავი დრო, ადამიანური თუ ფინანსური რესურსი დასჭირდა.

აბონენტების დაკარგვის თაობაზე შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბულობის კორპორაციის“ განცხადებასთან დაკავშირებით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოცემულ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს ხელშეკრულების გაუფორმებლობასთან, რადგან ხელშეკრულების პირობები და აქციის მოქმედების ვადა თითოეულმა აბონენტმა კარგად იცოდა, რადგან შეკვეთის მისაცემად უნდა დაერეკა კომპანიის ქოლ ცენტრში, სადაც ოპერატორი დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა მომსახურების მიწოდების პირობების შესახებ. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ უმოქმედია არასამართლიანად კონკურენტი კომპანიების მიმართ და აბონენტებს მხოლოდ სამი თვით შესთავაზა 20 მბ ინტერნეტი 9 ლარად და არა როგორც ჩვეულებრივი პაკეტი და ამასთან, არ გამოიყენა მისი უფლება ნებისმიერ დროს ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განცხადებით, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განცხადებით, მოცემული შემთხვევა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და კომპანიის დაუჯარიმებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილება იქნება ნიმუში იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთან ხელშეკრულებების გაფორმებას და რამდენად საზიანოა ხელშეკრულებების მოგვიანებით გაფორმება თვით კომპანიისთვის, რადგან აღნიშნული საკმაოდ დიდ დანახარჯებს მოითხოვს. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილება არცერთ კომპანიას არ გაუჩენს იმის სურვილს, რომ არ გააფორმოს აბონენტებთან ხელშეკრულებები, პირიქით, იქნება ხელშეკრულებების გაფორმების მასტიმულირებელი. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ პირმა მოითხოვოს მისი უფლებების დაცვა, უნდა არსებობდეს მისი დარღვეული უფლება და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დარღვეულ იქნა ესა თუ ის კანონი. ამ შემთხვევაში არცერთი პირის უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. არ შეიძლება შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაეკისროს ჯარიმა მხოლოდ იმიტომ, რომ კომისიის გადაწვეტილება თეორიულად არ გახდეს სხვა კომპანიებისთვის ცუდი პრეცედენტი და მხოლოდ იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებების გაუფორმებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა მომხმარებელთა უფლებების დარღვევა (რაც არ მომხდარა). შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, არ შეიძლება 90 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისროს კომპანიას, რომლის მოქმედებასაც არ მოჰყოლია არცერთი აბონენტისთვის ზიანის მიყენება და რომელმაც სხდომის მიმდნარეობის დროს უკვე აღმოფხვრა ხარვეზი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განცხადებით, კომისიას აქვს მიღებული რიგი გადაწყვეტილებები, როდესაც ავტორიზებულ პირებს ეპატიათ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევები, ამ დარღვევათა საკითხის განხილვის დროისთვის აღმოფხვრის გამო. 

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 16 იანვრის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე)  2013 წლის 25 ნოემბრის №10/1561-13 მოხსენებითი ბარათი;

2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) 2013 წლის 25 ნოემბრის №2 შემოწმების აქტი;

3. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2013 წლის 18 ნოემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/6595-13; 18.11.2013) თანდართული მასალებით: შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდიდან (http://co.ge/News.aspx) ამონაბეჭდი 2013 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით;  ქ.რუსთავში განთავსებული სარეკლამო ბანერის ამსახველი ფოტოსურათი; ქ.რუსთავში გამოცხადებული აქციის ფარგლებში ინტერნეტ მომსახურების მიღების მსურველი პირის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან საუბრის ამსახველი ამონაბეჭდი;

4.  შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2013 წლის 25 ნოემბრის №6/6837-13 წერილი მოქალაქე დ.ჯღარკავას 2013 წლის 22 ნოემბრის წერილობითი ახსნა-განმარტებასთან ერთად;

5. კომისიის მიერ დ. ჯღარკავასთვის გაგზავნილი შეტყობინებები (29.11.2013; №03/2580-13; 25.12.2013; №03/2825-13)  კომისიის სხდომის დანიშვნისა და კომისიის სხდომაზე მისი მოწმის სტატუსით დაბარების თაობაზე; შეტყობინებების ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები (გზავნილის კოდი: 040006059867; 040007340877);

6. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2013 წლის 16 დეკემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის №16/7114-13; 16.12.2013) თანდართული მასალებით: შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან აქციის ფარგლებში ინტერნეტ მომსახურების მიღების მსურველი პირის საუბრის ჩანაწერი; ამონარიდი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდიდან; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ  2013 წლის 4 დეკემბერს დ. ჯღარკავასთვის გაგზავნილი №01-02/3346  წერილი;  დ.ჯღარკავასთან გასაფორმებელი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება; საფოსტო გზავნილის დ.ჯღარკავასათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; აქციის ფარგლებში ინტერნეტ მომსახურების მიმღებ მომხმარებლებთან გაფორმებული ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები;

7. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდიდან ამონაბეჭდები ქ. რუსთავში გამოცხადებული აქციის პირობების შესახებ 2013 წლის 15 ნოემბრის, 28 ნოემბრის, 5 დეკემბრისა და 17 დეკემბრის  მდგომარეობით;

8. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2013 წლის 24 დეკემბრის (კომისიაში რეგისტრაციის №6/7377-13; 24.12.2013) წერილობითი ახსნა-განმარტება თანდართული დოკუმენტებით: შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ  2013 წლის 4 დეკემბერს დ. ჯღარკავასთვის გაგზავნილი №01-02/3346  წერილი;  დ.ჯღარკავასთან გასაფორმებელი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება; საფოსტო გზავნილის დ.ჯღარკავასათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ამონარიდი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ისტორიიდან;

9. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის  2013 წლის 25 დეკემბრის №10/1847-13 მოხსენებითი ბარათი;

10. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

11. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

12. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შესახებ;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ხელახალი ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება და სხვა);

2. 2013 წლის 7 ოქტომბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ ქ.რუსთავში გამოაცხადა ინტერნეტ მომსახურების მიწოდებაზე აქცია (,,აქცია რუსთავში!“ 07.10.2013),  კერძოდ, თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: 7 ოქტომბრიდან კავკასუს ონლაინმა რუსთაველებისთვის სპეციალური აქცია დაიწყო. მომხმარებლები რუსთავში 20 მბ სიჩქარის ინტერნეტს 9 ლარად, ხოლო პირველი თვის მომსახურებას საჩუქრად მიიღებენ. აქციაში ჩართული მომხმარებლები ასევე არ გადაიხდიან მინიმალური პაკეტის ინსტალაციის საფასურს, 30 ლარს, აქცია ძალაშია 30 ნოემბრის ჩათვლით.  შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ აღნიშნული აქციის შესახებ რეკლამა განათასვა თავის ინტერნეტ ვებ-გვერდზე და ქ.რუსთავში ცენტრალურ უბანში განთავსებულ სარეკლამო ბანერზე;

3.  2013 წლის 18 ნოემბერს, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/6595-13; 18.11.2013) მიმართა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებული აქციის განხორციელებისას მომხმარებლებისათვის  არასათანადო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. კერძოდ, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდზე და სარეკლამო ბანერზე მითითებულ აქციის პირობებში არ არის ასახული აქციაში ჩართული მომხმარებელი რა დროის განმავლობაში ისარგებლებს ინტერნეტ მომსახურებით 9 ლარიანი ტარიფის პირობით; ასევე არ არის ასახული იმ პირთა კატეგორია, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე აქცია; ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არ აფორმებს აქციაში ჩართულ მომხმარებლებთან ინტერნეტ მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას. შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ დარღვეულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის ღ) ქვეპუნქტი და მე-101 მუხლის პირველი პუნქტი. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ მოითხოვა შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და არასათანადო რეკლამის გავრცელებისა და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების გარეშე მომსახურების მიწოდების აკრძალვა. განცხადებას თან ერთვოდა: შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდიდან (http://co.ge/News.aspx) ამონაბეჭდი 2013 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით;  ქ.რუსთავში განთავსებული სარეკლამო ბანერის ამსახველი ფოტოსურათი და მომსახურების მიღების მსურველ პირსა და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი;

4. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2013 წლის 18 ნოემბრის განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/6595-13; 18.11.2013) საფუძველზე,  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ინტერნეტ მომსახურების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწოდების  შემოწმების მიზნით, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) მიერ, 2013 წლის 25 ნოემბერს, შესწავლილ იქნა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2013 წლის 18 ნოემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № 6/6595-13; 18.01.2014); შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოფიციალური ინტერნეტ ვებ-გვერდიდან (http://co.ge/News.aspx) ამონაბეჭდი 2013 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით; ქ. რუსთავში განთავსებული სარეკლამო ბანერის ამსახველი ფოტოსურათი; ქ.რუსთავში გამოცხადებული აქციის ფარგლებში ინტერნეტ მომსახურების მიმღების მსურველი პირის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან საუბრის ამსახველი ამონაბეჭდი; შპს ,,კავკასუს ონლაინის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ქ. რუსთავში გამოცხადებული აქციის შესახებ 2013 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით; აბონენტ დიმიტრი ჯღარკავას 2013 წლის 22 ნოემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება;  ასევე განხორციელდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან სატელეფონო საუბარი (შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორთან სატელეფონო საუბარი ნომერზე - 248 00 00  შედგა 2013 წლის 20 ნოემბერს, 14.44 სთ-ზე, კომისიის სამსახურებრივი ტელეფონიდან - 231 1551), რის თაობაზეც 2013 წლის 25 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი №2, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარატამენტის მთავარი სპეციალისტი ციალა უჯმაჯურიძე და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვაჰან მღებრიანი, რომელიც არ ეთანხმება შემოწმების აქტის შინაარსს;

5. შპს ,,კავკასუს ონლაინის” ვებ-გვერდზე მითითებული აქციის პირობებში არ იყო ასახული აქციაში ჩართული მომხმარებელი რა დროის განმავლობაში მიიღებდა ინტერნეტ მომსახურებას 9 ლარიანი ტარიფის პირობით; ასევე იმ პირთა კატეგორია (ფიზიკური პირები), რომლებზეც ვრცელდებოდა წინამდებარე აქცია;

6.  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ქ.რუსთავში გამოცხადებული აქციის ფარგლებში მომხმარებლის აქციაში ჩართვა და ინტერნეტ მომსახურების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაუკავშირდებოდა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ კომპანიის ვებ-გვერდზე და გარე სარეკლამო ბანერზე მითითებულ სატელეფონო ნომერზე ან მივიდოდა კომპანიის ოფისში და უშუალოდ შეუკვეთავდა მომსახურებას. შეკვეთის შემდეგ, კომპანია ახორციელებდა ინტერნეტ მომსახურების მიღებისათვის საჭირო საინსტალაციო სამუშაოებს;

7. კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) 2013 წლის 25 ნოემბერის შემოწმების აქტი №2-დან, შპს ,,კავკასუს ონლაინისა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ახსნა-განმარტებებით, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერებიდან, რომლებიც იდენტურია, ირკვევა, რომ ქ. რუსთავში გამოცხადებულ აქციაში ჩართვის მსურველ პირს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორი სატელეფონო საუბრის დროს განუმარტავს 9 ლარიანი ტარიფის პირობით ინტერნეტ მომსახურების მოქმედების ვადას, ასევე აწვდის ინფორმაციას, რომ აქცია ვრცელდება ფიზიკურ პირებზე;

8. შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, 2013 წლის 5 დეკემბრისთვის,  შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ აქციის პირობებში ასახა ინტერნეტ მომსახურების 9 ლარიანი ტარიფით მოქმედების ვადა და იმ პირთა კატეგორია (ფიზიკური პირები), რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე აქცია. კერძოდ, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდიდან (http://www.co.ge/News.aspx) 2013 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ირკვევა, რომ კომპანიამ ცვლილებები შეიტანა ქ. რუსთავში გამოცხადებული აქციის ტექსტში და გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: 7 ოქტომბრიდან კავკასუს ონლაინმა რუსთაველებისთვის სპეციალური აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ჩართული მომხმარებლები რუსთავში 20 მბ სიჩქარის ინტერნეტს პირველი ერთი თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღებენ, ხოლო შემდგომი ორი თვის მანძილზე თვეში 9 ლარს გადაიხდიან. თუ კავკასუს ონლაინის არსებული მომხმარებელი გადაწყვეტს აქციის პირობებით სარგებლობას, ის სამი თვის განმავლობაში ინტერნეტ მომსახურებას თვეში 9 ლარად მიიღებს. აქციაში ჩართული მომხმარებლები ასევე არ გადაიხდიან მინიმალური პაკეტის ინსტალაციის საფასურს, 30 ლარს. აქცია ძალაშია 30 ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის;

9. მოქალაქე დ.ჯღარკავას შეკვეთის საფუძველზე, 2013 წლის 7 ნოემბერს, მომსახურების მიწოდების თაობაზე წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, ქ.რუსთავში გამოცხადებული აქციის ფარგლებში, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დაიწყო მისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. 2013 წლის 4 დეკემბერს, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დ.ჯღარკავას დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაუგზავნა ინტერნეტ მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება და განუსაზღვრა დრო ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. წერილით, მას ასევე ეცნობა, რომ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა მიიჩნეოდა მომხმარებლის უარად ინტერნეტ მომსახურების მიღებაზე, რის გამოც შპს ,,კავკასუს ონლაინი“ იძულებული იქნებოდა შეეწყვიტა მისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. მოქალაქე დ. ჯღარკავამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, ამასთან, მას არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია ხელშეკრულების რომელიმე პირობასთან დაკავშირებით. მომხმარებელმა დ. ჯღარკავამ ისარგებლა ქ.რუსთავში გამოცხადებული აქციით და მან 20 მბ სიჩქარის ინტერნეტი პირველი ერთი თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღო, ხოლო შემდეგ, მისი მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მას შეუწყვიტა ინტერნეტ მომსახურება ამავე მომსახურების საფასურით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე, 2013 წლის 9 დეკემბერს. მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, დ. ჯღარკავას არც პირგასამტეხლო და არც შეზღუდული მომსახურებით სარგებლობის საფასური არ დარიცხვია;

10. შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, 2014 წლის 15 იანვრისთვის, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ აქციაში ჩართულ ყველა მომხმარებელთან გააფორმა ინტერნეტ მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. კერძოდ, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) მიერ აქციაში მონაწილე შპს ,,კავკასუს ონლაინის“  2817 აბონენტიდან შერჩევითი წესით შემოწმდა 53 აბონენტი და დადგინდა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ აღნიშნულ აბონენტებთან წერილობით გააფორმა ხელშეკრულებები ინტერნეტ მომსახურების მიწოდებაზე;

11. მომხმარებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მომსახურების მიწოდების სხვა პირობებთან ერთად, ასევე ასახულია  9 ლარიანი ტარიფის პირობით ინტერნეტ მომსახურების მოქმედების ვადა. კერძოდ, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, დამკვეთს მომსახურება მიეწოდება სპეციალური აქციის (შემდგომში ,,აქცია“) ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ დამკვეთს მომსახურების დაწყებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში მიეწოდება 20 (ოცი) მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი 9 (ცხრა) ლარად. დამკვეთს პირველი თვის მომსახურება მიეწოდება უფასოდ;

12.  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ არცერთ მომხმარებელს და ასევე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ქ. რუსთავში გამოცხადებული აქციის ფარგლებში ინტერნეტ-მომსახურების მიღების მსურველ არცერთ პირს, მათ შორის დ.ჯღარკავას, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ შეთავაზებულ და მიწოდებულ ინტერნეტ მომსახურებასთან, მათ შორის მომსახურების პირობებთან დაკავშირებით კომისიისთვის საჩივრით არ მიუმართავს.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტერნეტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე (გარდა მობილური და dial up ინტერნეტისა).

აღნიშნული ნორმების თანახმად, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მომხმარებელ დ. ჯღარკავასთვის ინტერნეტ მომსახურება უნდა მიეწოდებინა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის აღმოფხვრა, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა დ.ჯღარკავას უარის თქმის გამო ხელი მოეწერა წერილობით ხელშეკრულებაზე ინტერნეტ მომსახურების მიწოდების თაობაზე. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მომხმარებელ დ.ჯღარკავას არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია ინტერნეტ მომსახურების ხელშეკრულების რომელიმე დებულებასთან დაკავშირებით; შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის  კორპორაციისათვის“ მიცემულ ახსნა-განმარტებაში მომხმარებელი დ. ჯღარკავა ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ არ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. მას სხვა რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს; დ.ჯღარკავამ ისარგებლა ქ.რუსთავში გამოცხადებული აქციით და მან 20 მბ სიჩქარის ინტერნეტი პირველი ერთი თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღო, ხოლო შემდეგ, მისი მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მას შეუწყვიტა ინტერნეტ მომსახურება ამავე მომსახურების მიწოდების პირველი თვის ამოწურვისთანავე, 2013 წლის 9 დეკემბერს; მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, მომხმარებელ დ. ჯღარკავას არც პირგასამტეხლო და არც შეზღუდული მომსახურებით სარგებლობის საფასური არ დარიცხვია; მომხმარებელ დ. ჯღარკავას არ მიუმართავს კომისიისთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ მისი უფლებების დაცვის მოთხოვნით; არაერთგზის მოწვევის მიუხედავად დ.ჯღარკავა კომისიის სხდომებზე არ გამოცხადებულა; ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კომისია მიდის იმ დასკვნამდე, რომ დ.ჯღარკავას ინტერნეტ მომსახურების ხელშეკრულების გაუფორმებლობით ზიანი არ მიყენებია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მომხმარებლებთან ინტერნეტ მომსახურების ხელშეკრულების წერილობით გაფორმების ვალდებულების დარღვევა აღმოფხვრა ქ.რუსთავში გამოცხადებულ აქციაში ჩართულ სხვა ყველა - 2817  მომხმარებელთან ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ქ. რუსთავში გამოცხადებულ აქციაში ჩართული მომხმარებლებიდან არცერთს არ მიუმართავს საჩივრით კომისიისთვის.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში რეგლამენტი) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებ-გვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მომსახურების მიმწოდებელმა თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქციის პირობებში უნდა ასახოს ინფორმაცია მომხმარებლებისათვის შეთავაზებული მომსახურების პირობების თაობაზე. აღნიშნული ემსახურება მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილებას და მათთვის ინფორმირებული, გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემას. შპს ,,კავკასუს ონლაინის” ვებ-გვერდზე მითითებულ აქციის პირობებში არ იყო ასახული აქციაში ჩართული მომხმარებელი რა დროის განმავლობაში ისარგებლებდა ინტერნეტ მომსახურებით 9 ლარიანი ტარიფის პირობით, თუმცა, ვინაიდან აქციაში ჩართვისთვის აუცილებელი იყო შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ცხელ ხაზზე დარეკვა ან ოფისში მისვლა და შეკვეთის მიცემა, სადაც აქციაში ჩართვის მსურველ პირებს მიეწოდებოდათ ინფორმაცია აქციის პირობების, მათ შორის, აქციის მოქმედების ვადის, მომსახურების 9 ლარიანი ტარიფის მოქმედების ვადისა  და იმ პირთა შესახებ, ვისზეც ვრცელდებოდა აღნიშნული აქცია, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ თავის ვებ-გვერდზე აქციის პირობების არასრულად ასახვას შედეგად არ მოჰყოლია მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა აქციის პირობების თაობაზე და მათთვის რაიმე ზიანის მიყენება. კომისია აღნიშნავს, რომ არცერთ მომხმარებელს არ მიუმართავს კომისიითვის საჩივრით შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ ქ. რუსთავში გამოცხადებული აქციის პირობებთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უნდა შეწყდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ორი ხმით ერთის წინააღმდეგ (აკაკი სიხარულიძემ გადაწყვეტილებას ხმა არ მისცა),

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

2.1. აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,კავკასუს ონლაინისთვისა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

2.2. წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს ,,კავკასუს ონლაინისთვისა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                           აკაკი სიხარულიძე

მოვალეობის შემსრულებელი

                კომისიის წევრი                                                                                           სოფიო ბრიტანჩუკი

                კომისიის წევრი                                                                                           ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები