საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 23, 2014 18:22
მიღების თარიღი მაისი 29, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, 2013 წლის, წლიურმა დარიცხულმა ერთობლივმა შემოსავალმა (რეგულირების საფასური), ნაცვლად 2013 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 8,280,000.00 ლარისა (1,320,000.00 ლარის სარეზერვო ფონდის ჩათვლით), შეადგინა 8,340,547.95 ლარი (ანგარიშს თან ერთვის დანართი №1), რაც 60,547.95 ლარით ანუ 0.73%-ით მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. დარიცხული შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების 2012 წლის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა ანუ 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარკვეული შემოსავლების დამატება 2013 წლის წლიურ შემოსავლებზე.
2013 წლის შემოსავლების ზრდის მიუხედავათ, 45,066.59 ლარით ანუ 0.57%-ით მეტია კომისიის 2012 წლის ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 7,809,900.00 ლარის ნაცვლად შეადგინა 7,854,966.59 ლარი. კომისიის ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში ხარჯვითი ნაწილის ეკონომია გამოწვეულია იმით, რომ 2013 წელს ვერ განხორციელდა კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის აუცილებელი სხვადასხვა სახის კვლევები, ასევე მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენა.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის უმრავლეს პუნქტებში მიღებული ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები. 2013 წლის ფაქტიური მონაცემებით, ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეული პრიორიტეტული მუხლების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად ჩათვალა, ცალკეულ შემთხვევებში, საოპერაციო დანახარჯების მუხლებში კორექტირების შეტანა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით გამოთავისუფლებული დამატებითი ფინანსური რესურსების და გასულ წლებში არსებული ფინანსური რეზერვის საშუალებით დაეფინანსებინა სხვა პრიორიტეტული მუხლები. კერძოდ:
14,718.36 ლარით ანუ 7.01%–ით არის გაზრდილი სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 210,000.00 ლარისა შეადგინა 224,718.36 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა გამოწვეულია: კომისიის მიერ სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით განცხადებების გავრცელებით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 4,910.00 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებით – 66,000.00 ლარი, სადაზღვევო (სამედიცინო დაზღვევის ხარჯების გარდა) ხარჯებით - 8,200.00 ლარი, სამედიცინო დაზღვევის ხარჯებით – 16,650.00 ლარი, საინფორმაციო მომსახურების ხარჯებით – 3,245.00, სხვა წინასწარ გაწეულმა ხარჯებმა (კარტრიჯების დატენვა, კომპიუტერების მაკომპლექტებელი ნაწილების შეძენა) შეადგინა – 29,868.51 ლარი, კომპიუტერულ-პროგრამულმა ხარჯებმა შეადგინა – 600.00 ლარი, კომისიის ვებ გვერდის მომსახურებით – 53,352.36 ლარი, ცვეთა და ამორტიზაციამ - 2,372.75 ლარი, კომისიის შენობაში განთავსებულმა ლიფტის წლიურმა მომსახურებამ - 1,800.00 ლარი; სხვა საერთო ხარჯმა, არამატერიალური აქტივების (სალიცენზიო ბლანკები და მოწმობები) გამოყენებამ, სატენდერო მასალების გამოქვეყნების ღირებულებამ, ჯამში შეადგინა 37,719.74 ლარი;
წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით განსაზღვრულმა ხარჯებმა 2013 წლის ფაქტიური მონაცემების შესაბამისი პერიოდის მიხედვით, ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 35,000.00 ლარისა, საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით შეადგინა 39,391,48 (საბიუჯეტო ანარიცხების გარეშე, ფაქტიურმა ხარჯმა შეადინა – 31,513.84 ლარი) ლარი, რაც 4,391.48 ლარით ანუ 12.54%-თ მეტია კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე;
შრომის ანაზღაურების წლიურმა ფაქტიურმა ხარჯებმა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების წლიური, ფაქტიური ხარჯების გარეშე, საბიუჯეტო ანარიცხებთან ერთად 6,490,648.49 ლარი ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 1,765,648.49 ლარით მეტი შეადგინა. აღნიშნული გადახარჯვის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი არის კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის კომისიაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა;
ამავე დროს, 2013 წლის კომისიის ბიუჯეტის ძირითად მუხლებში წლის განმავლობაში, ფაქტიური შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია, კერძოდ:
კომისიის საჭიროებისათვის, 2013 წელს ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა 497,307.96 ლარი, რომელიც შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 302,692.04 ლარით ანუ 38.84%-ით ნაკლებია. ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯვითი ნაწილის მუხლში, ეკონომია გამოწვეულია იმით, რომ 2013 წელს ვერ განხორციელდა (შესასრულებლად გადატანილი იქნა 2014 წელს) კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის აუცილებელი მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენა, აგრეთვე ანძების მშენებლობა;
საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების წლიურმა დანახარჯებმა 2013 წელს 30,544.55 ლარი ანუ დაგეგმილზე 29,455.45 (49,09%-ით) ლარით ნაკლები შეადგინა. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 14,227.15 ლარი, საფოსტო ხარჯებმა – 10,177.40 ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა – 1,464.00 ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ხარჯებმა – 4,676.00 ლარი;
კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯმა ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 220,000.00 ლარისა მთლიანობაში შეადგინა - 127,819.18 ლარი ანუ კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ მაჩვენებელზე 92,180.82(41.9%–ით) ლარით ნაკლები. ამ პუნქტით არსებული დანახარჯებიდან ელექტროენერგიის მთლიანმა ხარჯმა შეადგინა – 41,869.22 ლარი, წყლის ხარჯმა - 8,585.20 ლარი, ბუნებრივი აირის ხარჯმა - 16,593.75 ლარი, კომუნიკაციის ხარჯმა - 57,039.17 ლარი, დასუფთავების მოსაკრებელმა – 3,164.40 ლარი, ხოლო საკაბელო ოპერატორების მომსახურების ხარჯმა – 566.84 ლარი;
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებმა 2013 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა 100,196.26 ლარი, რაც 46,008.37 ლარით ნაკლებია 2012 წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტიურ მაჩვენებელზე, ხოლო 129,803.74 ლარით ანუ 56,44%-ით ნაკლებია 2013 წლის კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. აღნიშნული ხარჯიდან 54,661.57 ლარი შეადგენს მოხმარებული ბენზინის საწვავის ხარჯს, ხოლო 12,244.15 ლარი მოხმარებული დიზელის საწვავის ხარჯს. 26,890.54 ლარი შეადგინა კომისიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების რემონტის ხარჯმა, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ კომისიას განეახლებინა ავტოპარკი (გაცვლის გზით, ფასთა სხვაობის დამატებით შეძენილ იქნა ახალი ავტომანქანა), რათა შემდგომ წლებში შემცირებულიყო ავტომანქანების რემონტის ხარჯვითი ნაწილი. 2013 წელს კომისიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების რეცხვის ხარჯმა შეადგინა – 6,400.00 ლარი:
მივლინების წლიურმა ხარჯებმა, ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 270,000.00 ლარისა, შეადგინა – 212,984.30 ლარი. აღნიშნული თანხა 87,015.70 ლარით ანუ 29.01%-თ ნაკლებია შესაბამის პერიოდში კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე, ხოლო 1,226.72 ლარით ნაკლებია 2012 წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტიურ მაჩვენებელზე. მივლინების ხარჯები ძირითადად შედგება ისეთი აუცილებელი და მიზნობრივი მივლინებების ფაქტიური დაფინანსებებით, რომელთაგან ძირითადად აღსანიშნავია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) 61–ე გენერალურ ასამბლეაზე დასწრება, “CEPT”-ის ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტის (ECC) რადიოსიხშირული სპექტრის მართვის შემსწავლელი ჯგუფის (WG FM) მორიგ 76–ე სხდომებზე დასწრება, ქ.ბერლინში ევროპული აკადემიის მიერ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის დაფინანსების პროექტის სემინარებზე დასწრება, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 37–ე შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ შეხვედრებზე დასწრება ქ.მიუნხენსა და ქ. ვენაში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიერ ორგანიზებულ სემინარებზე დასწრება, ჩინეთში ქ.უხანის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში სატელეკომუნიკაციო ქსელის განვითარების შესახებ სიმპოზიუმზე დასწრება, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ლიტვაში განხორცილებულ სემინარზე დასწრება, პოლონეთში, ქ.ვარშავაში მარეგულირებლების გლობალურ სიმპოზიუმზე დასწრება, ქ.ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრა, მობილური კავშირისა და მიწისზედა საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ქსელების რადიოსიხშირული დაგეგმარების და კოორდინაციის აქტუალურ საკითხებზე, ქ.სტრასბურგში ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების შესახებ ექსპერტთა კომიტეტის (MSI-DUI) სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ქ.კიევში, შავი ზღვის აუზის მარეგულირებელი ორგანოების (BRAF) შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, სხვადსხვა ქვეყნების ტელეკომუნიკაციების მარეგულირებლებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეხვედრებში (UKE) მონაწილეობა, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების მიერ ორგანიზებული – ციფრული სატელევიზიო სამაუწყებლო სტანდარტების DVB-T/DVB-T2 დანერგვისა და მონიტორინგის სემინარებზე დასწრება და სხვა. აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული მივლინებების დაფინანსება, რომლებიც ძირითადად ემსახურებოდა ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგს და რადიოელექტრონული მოწყობილობების პელინგაციასა და ტექნიკური მახასიათებლების ადგილზე შემოწმებას;
2013 წელს, საბანკო მომსახურების ფაქტიურმა ხარჯებმა ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 10,000.00 ლარისა შეადგინა – 1,889.42 ლარი, ანუ 8,110.58 ლარით ნაკლები;
კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯების მუხლით, 2013 წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით შეადგინა 66,773.94 ლარი, რაც 63,226.06 ლარით ნაკლებია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული წლიურ მაჩვენებელზე;
სხვადასხვა საწევრო გადასახადების მუხლით, კომისიის მიერ დახარჯულია 17,414.60 ლარი. საწევრო გადასახადების კუთხით ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტში (ETSI) გადარიცხულია 13,078.80 ლარი, ხოლო მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმაში (EPRA) – 4,335.80 ლარი;
სამეცნიერო – საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯების კუთხით, 2013 წლის კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით დაგეგმილი იყო 850,000.00 ლარის ხარჯი, მაგრამ კომისიას, 2013 წელს არ განუხორციელებია ამ თანხის ხარჯვა, რაც გამოწვეულია იმით, რომ 2013 წელს ვერ განხორციელდა (შესასრულებლად გადატანილი იქნა 2014 წელს) კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის, მნიშვნელოვანი და აუცილებელი კვლევები;
კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტის მუხლით, მიუხედავად კომისიის 2013 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოებისა, რომელზეც გამოყოფილი იყო 100,000.00 ლარი, 2013 წელს სულ გაიხარჯა 8,641.50 ლარი ანუ 91.36%-თ ნაკლები;
კომისიის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებული, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-154 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯებზე გამოყოფილი თანხების მიხედვით, ეკონომიაა აგრეთვე ძირითად ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 10,000.00 ლარისა, ფაქტიური დანახარჯებით შეადგინა 563.70 ლარი ანუ 94.36%–ით ნაკლები. შრომის ანაზღაურების კუთხით, ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 99,900.00 ლარისა, ფაქტიურმა ხარჯმა საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით შეადგინა – 36,072.85 ლარი, რაც 63,827.15 ლარით ანუ 63.89%–ით ნაკლებია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ თანხაზე;
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2013 წლის ბიუჯეტის მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2013 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:
ა) დარიცხული შემოსავლები:
რეგულირების საფასური და სხვა შემოსავლები------–8,340,547.95 ლარი;
ბ) საოპერაციო ხარჯები------------------------------------- 7,357,658.63 ლარი;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები----------– 497,307.96 ლარი;
3. დამტკიცდეს 2013 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით, კომისიის ფინანსური ფონდი 485,581.36 ლარის ოდენობით;
4. დაევალოთ კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ, მაუწყებლობის რეგულირების და საფინანსო დეპარტამენტებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა და ავტორიზებულ პირთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;
5. კომისიის აპარატის შესაბამისმა დეპარტამენტებმა ხელი შეუწყონ “რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებას;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ლიცენზიის მფლობელთა ან/და ავტორიზებულ პირთა მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
