წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 იანვრის №51/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის № B121 და № B122 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

ნომერი: 29 / 4

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2014

მიღების თარიღი იანვარი 22, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2012 წლის 13 იანვრის  №51/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია  სამეგრელოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის  № B121 და  № B122 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2013 წლის 25 ნოემბრის  №10/1570-13 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის 2013 წლის 4 ივნისის N365/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ტარდებოდა ყოველდღიური რადიოსიხშირული მონიტორინგი შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კუთვნილი № B121 და № B122 ლიცენზიებით განსაზღვრულ 21-ე (ქ. ზუგდიდი) და 30-ე (ქ. სენაკი) სატელევიზიო არხებზე. რადიომონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“ არ ახორციელებდა მაუწყებლობას 2013 წლის 4 ივლისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, პირველი ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით და პირველი ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, რაც ჯამში შეადგენს 132 დღეს. რაც შეეხება 27-29 სექტემბერს, მონიტორინგი ტარდებოდა მხოლოდ R&H EB-200 მიმღების მეშვეობით. კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2013 წლის 25 ნოემბრის №10/1570-13 მოხსენებით ბარათს, თან ერთვის ურთის სატაციონალური მონიტორინგის სადგურის ელექტრომექანიკოსის ალექსანდრე ჩაკვეტაძის 2013 წლის 21 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათი,  რომლის თანახმად, ირკვევა, რომ 27-29 სექტემბერს № B121 და № B122 ლიცენზიებით განსაზღვრულ 21-ე (ქ. ზუგდიდი) და 30-ე (ქ. სენაკი) სატელევიზიო არხებზე ვერ ჩატარდა მონიტორინგი ავტომოტოზირებული სისტემის მეშვეობით, რაც გამოწვეული იყო ჭექა-ქუხილის გამო ანალიზატორისა და კომპიუტერის დაზიანებით და ამ ორი დღის მაძილზე მონიტორინგი ჩატარდა სიხშირული მიმღების R&H  EB-200-ის მეშვეობით; კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2013 წლის 25 ნოემბრის №10/1570-13 მოხსენებით ბარათს ასევე დართული აქვს  DVD-R დისკებზე (6 დისკი) დატანილი ვიდეო მასალა და სპექტრის გამოსახულების გრაფიკები, რაც აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ადასტურებს შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ 1 წლის განმავლობაში, ჯამურად   134 დღის მანძილზე მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტს.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში,  ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.  ამავე კანონის  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 2013 წლის 06 დეკემბრის №725/23 გადაწყვეტილებით კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“  კერძო მაუწყებლობის № B121 და № B122 ლიცენზიების გაუქმების მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2014 წლის 8 იანვარს.

კომისიის 2013 წლის 06 დეკემბრის №725/23 გადაწყვეტილება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა საშუალება წაარმოედგინა მოსაზრება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კუთვნილი  კერძო მაუწყებლობის №B121 და №B122 ლიცენზიების გაუქმებასთან დაკავშირებით, ასევე,  კომისიის 2013 წლის 06 დეკემბრის №725/23 გადაწყვეტილება დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“.

შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დირექტორმა დარეჯან კვარაცხელიამ 2013 წლის 30 დეკემბერს N6/7448-13  განცხადებით  მიმართა კომისიას და აცნობა, რომ სახელმწიფომ 2010 წელს შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოში“ თავისი კუთვნილი 63.96% წილი გადასცა შპს ,,ინფოვესტს“ 10 000 ლარად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, თუმცა შპს ,,ინფოვესტს“, 2010 წლიდან 2013 წლამდე არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის შედეგადაც, 2013 წლის მაისის თვეში სახელმწიფომ შპს ,,ინფოვესტთან“ მოშალა ხელშეკრულება, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და მიმართა სასამართლოს 212 000 ლარის, როგორც პირგასამტეხლოს შპს ,,ინფოვესტისათვის“ დაკისრების მოთხოვნით; შპს ,,ინფოვესტის“ 36.04% წილი საკუთრებაში გადაეცა კომპანიის დირექტორს დარეჯან კვარაცხელიას, ხოლო დანარჩენი 63.96% წილის მფლობელი კვლავ სახელმწიფო გახდა, კომპანიაში 2013 წლის 15 ივლისსა და 23 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. კომპანიის დირექტორის დარეჯან კვარაცხელის წერილს დართული აქვს 2013 წლის 15 ივლისისა და 2013 წლის 23 სექტემბრის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

2014 წლის 08 იანვარს კომისიაში  გაიმართა ზეპირი მოსმენა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია  სამეგრელოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის  №B121 და  №B122 ლიცენზიების გაუქმებასთან დაკავშირებით. სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სამეგრელო ზემო-სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დირექტორი ქალბატონი დარეჯან კვარაცხელია, რომელმაც დაადასტურა, რომ კომპანიამ სრულად შეწყვიტა მაუწყებლობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში, თუმცა კომპანიის თანამშრომელთა დიდი სურვილია, რომ მაუწყებლობის ლიცენზია არ გაუქმდეს და აღდგეს რეგიონალური მაუწყებელი. შპს ,,სამეგრელო ზემო-სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებას ეკონომიკის სამინისტროსთან და სახელმწიფო გეგმავს ტელევიზიაში მისი წილის გასხვისებას, რის შემდეგ შესაძლებელი იქნება მაუწყებლობის აღდგენა, რასაც 1 თვის ვადაში შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ  ზუგდიდსა და სენაკს შორის სარელეო ხაზი ტელევიზიას არ აქვს, თუმცა შესაძლებელია მასალის  ფიზიკურად ჩატანა და გაშვება ეთერში.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე აზრი გამოთქვა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ ჰამლეტ გეგიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიეცეს საშუალება ტელევიზიას, რადგანაც სამეგრელოს რეგიონი არის ერთ-ერთი ურთულესი და ამავე დროს, სტრატეგიული, ამიტომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ ლიცენზია არ უნდა გაუქმდეს.

კომისიის მიერ განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 22 იანვარი.

კომისიას 2014 წლის 15 იანვარს N6/741 (კომისიაში რეგისტრაციის N6/143-14) წერილით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარემ დიმიტრი ქუმსიშვილმა და აცნობა, რომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“  63.9% წილის მფლობელია სახელმწიფო. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 01 ივნისამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მქონე, სახელმწიფო წილის მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო წილის პრივატიზება ან შესაბამისი იურიდიული პირის ლიკვიდაცია. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წერილით ირკვევა, რომ ამჟამად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ მიმდინარეობს წარმოება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოში“ არსებული სახელმწიფოს წილის პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით.

კომისიას 2014 წლის 20 იანვარს N21 (კომისიაში რეგისტრაციის N6/353-14 ) წერილით მიმართა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ ჰამლეტ გეგიამ და კომისიასთან იშუამდგომლა იმის თაობაზე, რომ გამონაკლისის სახით, არ გაუქმდეს შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კუთვნილი ლიცენზია, ვინაიდან აღნიშნული ტელეკომპანიის მაუწყებლობა ვრცელდება სამეგრელოსა და ნაწილობრივ აფხაზეთის რაიონებში, ამიტომაც მნიშვნელოვანია აღნიშნული კომპანიის მაუწყებლობის განახლება.

2014 წლის 20 იანვარს კომისიას N6/354-14 წერილით ასევე მიმართა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დირექტორმა დარეჯან კვარაცხელიამ. აღნიშნულ წერილში კიდევ ერთხელ არის აღწერილი შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სამეგრელოს რეგიონში ამ მასშტაბის სამაუწყებლო კომპანია არ არსებობს, მაყურებელი დიდი ხანია ელოდება ტელევიზიის განახლებულ მაუწყებლობას და მან, როგორც ამ ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელმა და დირექტორმა სთხოვა კომისიას, ლიცენზიის გაუქმების პროცედურის დროებით შეჩერება, ვინაიდან ეკონომიკის სამინისტროს დაწებული აქვს კომპანიის სახელმწიფო წილის გასხვისების პროცედურა, მოძიებულია ინვესტორები, რომლებიც დაეხმარებიან კომპანიას დავალიანების დაფარვაში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაში და მაუწყებლობის სრულყოფილად დაწყებაში. თუ იქნება სახელმწიფოს კეთილი ნება სამეგრელოს ექნება ობიექტური ტელევიზია, აღნიშნულია დარეჯან კვარაცხელიას განცხადებაში.

2014 წლის 8 იანვრის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2013 წლის 25 ნოემბრის  №10/1570-13 მოხსენებითი ბარათი;

2.    კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის ურთის სტაციონარული მონიტორინგის სადგურის ელექტრომექანიკოსის ალექსანდრე ჩაკვეტაძის 2013 წლის 21 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათი;

3.    DVD-R-ზე (6 დისკი) დატანილი ვიდეო მასალა და სპექტრის გამოსახულების გრაფიკები;

4.    შპს ,,სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის  №51/6 გადაწყვეტილება;

5.    კომისიის 2013 წლის N725/23 გადაწყვეტილება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B121 და №B122 ლიცენზიების გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;

6.    შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დირექტორის დარეჯან კვარაცხელიას 2013 წლის 30 დეკემბრის N6/7448-13  განცხადება;

7.    სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის 2014 წლის 15 იანვარის N6/741 (კომისიაში რეგისტრაციის N6/143-14) წერილი;

8.    შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დირექტორის დარეჯან კვარაცხელიას 2014 წლის 20 იანვრის N6/354-14 წერილი;

9.    საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის ჰამლეტ გეგიას 2014 წლის 20 იანვრის N21 (კომისიაში რეგისტრაციის N6/353-14 ) წერილი;

10. შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დირექტორის დარეჯან კვარაცხელიას ახსნა-განმარტებები, გაკეთებული კომისიის 2014 წლის 8 იანვრის და 22 იანვრის სხდომებზე;

11. შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ 2013 წლის 15 ივლისისა და 2013 წლის 23 სექტემბრის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

12. კომისიაში დაცული ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.    კომისიის 2012 წლის 13 იანვარი N51/6 გადაწყვეტილებით, მოდიფიცირდა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის № 419 ლიცენზია, მიენიჭა № B121 და გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე; კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, მოდიფიცირდა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის №420 ლიცენზია, მიენიჭა № B122 და გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

2.    შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“ კუთვნილ № B121 და № B122 ლიცენზიებით განსაზღვრულ 21-ე (ქ. ზუგდიდი) და 30-ე (ქ. სენაკი) სატელევიზიო არხებზე, არ ახორციელებდა მაუწყებლობას 2013 წლის განმავლობაში 134 დღე, რაც დასტურდება კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 25 ნოემბრის N10/1570-13 მოხსენებითი ბარათით და მასზე თანდართული დოკუმენტაცით, მათ შორის 6 ერთეული DVD-R-ით;

3.    კომისიის 2014 წლის 22 იანვრის სხდომაზე, შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დირექტორმა დარეჯან კვარაცხელიამ, დაადასტურა ის ფაქტი, რომ კომპანიას შეწყვეტილი აქვს მაუწყებლობა უკანასკნელი 4-5 თვის მანძილზე;

4.    2013 წლის 15 ივლისიდან შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ 63.96% წილის მფლობელს წარმოადგენს სახელმწიფო, თუმცა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ მიმდინარეობს წარმოება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოში“ არსებული სახელმწიფოს წილის პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 8 იანვრის ზეპირი მოსმენის კომისიის სხდომაზე გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, უტყუარად დასტურდება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა ერთი წლის 134 დღის განმავლობაში და შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“ არ მაუწყებლობს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ,,შპს ,,სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის  №51/6 გადაწყვეტილება და უნდა გაუქმდეს შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B121 და №B122 ლიცენზიები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და IX თავის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის №419 და №420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის  №51/6 გადაწყვეტილება და გაუქმდეს შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“  კერძო მაუწყებლობის № B121 და № B122 ლიცენზიები;

2.        დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

             ა)   სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

            ბ)  ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

             გ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“  გაგზავნის  უზრუნველყოფა (მ. ნინუა);

3.       გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“  ჩაბარების დღიდან;

4.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ძალაში შესვლიდან ერთი  თვის ვადაში;

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

6.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                          აკაკი სიხარულიძე

 კომისიის წევრი                                                                                                  სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                  ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები