წვდომის მენიუ

სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 291 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2014 18:05

მიღების თარიღი ივნისი 03, 2014

 

სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის გადადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 29 მაისს კომისიას მიმართა სს ”მედიაფონმა” კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 მარტს მიღებული  №127/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10  მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევისა და ანალიზის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა  2014 წლის  14 აპრილის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად - ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა (№08/609-14,  24.03.2014) დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. კერძოდ, კომისიამ შპს ”მედიპრო ჯორჯიასგან” მოითხოვა 2011, 2012 და 2013 წლების მონაცემების საფუძველზე მომზადებული პორტირების დანახარჯების გაანგარიშების ელექტრონული (MS Excel) ცხრილები (”კალკულაცია”), რომელშიც მოცემული უნდა ყოფილიყო, როგორც სს ”მედიაფონის” ტექნიკური პერსონალის შრომის საათობრივი დანახარჯების გაანგარიშება, ასევე მონაცემთა ბაზის  და სალიცენზიო მომსახურებების  გაანგარიშებები. კალკულაციას  თან უნდა დართვოდა შემდეგი  ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

ა) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ბ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ ხარისხის უზრუნველყოფის მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

გ) 2011, 2012 და 2013 წლების სს „მედიაფონის“ საშტატო განრიგი სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობრივი სარგოს  მითითებით (წერილში მითითებულია, რომ თანამშრომლთა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ არის აუცილებელი);

დ) 2011, 2012 და 2013 წლების სს „მედიაფონის“  სახელფასო უწყისები თვეების მიხედვით;

ე) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ ქსელის მხარდაჭერის და უსაფრთხოების მომსახურების  ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ვ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ ჰოსტინგის მომსახურების  ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ზ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ საკონსულტაციო მომსახურებების (მათ შორის იურიდიული და აუდიტორული)  ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

თ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების  უზრუნველყოფის მიზნით იჯარის, კომუნალური, ელექტროენერგიის, ინტერნეტის   და სხვა მომსახურებების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ი)  2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების  უზრუნველყოფის მიზნით ლიცენზიის მომსახურებისთვის მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

კ) კალკულაციის აღწერა, რომელიც უნდა იყოს მომზადებული  ფინანსური  და არაფინანსური მონაცემების მითითებით, ასევე  კალკულაციის  აღწერაში უნდა აისახოს წერილობითი დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ განხორციელდა კონკრეტული ხარჯის გადანაწილებისას კალკულაციაში გამოყენებული დანახარჯების გადანაწილების კრიტერიუმის  არჩევა და შესაბამისად, რატომ ასახავს ეს კრიტერიუმი ამ კონკრეტული ხარჯის გადანაწილების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს  უფრო ობიექტურად, ვიდრე  ამ ხარჯის გადანაწილება განხორცილდებოდა  ხარჯების გადანაწილების სხვა  კრიტერიუმის საშუალებით).

შპს ”მედიაპრო ჯორჯიამ”  №6-3, 27.03.2014 წ. წერილით კომისიაში წარმოადგინა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სს ”მედიაფონის” პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია და დოკუმენტაცია და მათ შორის,  მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი კონფიდენციალურია; სს ”მედიაფონის” სტრატეგიულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირი არის სს ”მედიაფონის” მმართველი საბჭო და იგი სარგებლობს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ექსკლუზიური უფლებით; როგორც წერილშია აღნიშნული, მმართველი საბჭოს ზოგიერთი წევრი იმყოფება საზღვარგარეთ საქმიან შეხვედრებზე; ზოგიერთი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ინგლისურად და შესაბამისად  ”მედიაფონი” ითხოვს,  მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის  წარმოდგენის ვადის გადაწევას არანაკლებ 4 კვირით.

კომისიამ იმსჯელა წარმოდგენილ შუამდგომლობაზე, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, დაწყებული კვლევა და ანალიზი მოითხოვს უფრო მეტ ვადას, ვიდრე ეს იყო განსაზღვრული  კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილებით და  მიღებული იქნა კომისიის 2014 წლის 11 აპრილის №199/19 გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი კომისიის 2014 წლის 14 მარტს მიღებულ  №127/23 გადაწყვეტილებაში; ცვლილების თანახმად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვრა  3 თვე; ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად  2014 წლის  5 ივნისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროდ განისაზღვრა  2014 წლის 14 ივნისი.

                2014 წლის 24 აპრილის N 5-04 წერილით შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ კომისიას მოაწოდა  სს „მედიაფონის“ 2014 წლის 23 აპრილის N14/35 წერილი, რომელშიც სს „მედიაფონი“ აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სს „მედიაფონისთვის“ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, ამიტომ სს „მედიაფონი“ ამ დოკუმენტაციას კომისიას ვერ წარმოუდგენს. ამავე წერილში  სს „მედიაფონი“ აღნიშნავს, რომ სს „მედიაფონი“ პორტირების დანახარჯების გაანგარიშების კალკულაციის ელექტრონულ ცხრილებს დაუყონებლივ მიაწოდებს  შპს „მედიაპრო ჯორჯიას“.  ამასთან, სს „მედიაფონი“ აღნიშნული  წერილით სთავაზობს კომისიას  მოთხოვნილი ინფორმაციის ალტერნატიული გზით, კერძოდ,  სს „მედიაფონის“ 2011, 2012 და 2013 წლების აუდირებული ფინანსური აგნარიშგების სახით მოწოდებას. წერილს თან ერთვის სს „მედიაფონის“ 2011 და  2012 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და სს „მედიაფონის“ მიერ მონაცემთა ბაზით მომსახურების უზრუნველყოფის დანახარჯების „პრაისვოთერჰაუსკუპერსის“ (PWC) მიერ შემოწმების ანგარიში.

                აღნიშნული წერილის პასუხად შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” გაეგზავნა კომისიის №03/1054-14, 19.05.2014წ. წერილი, რომელშიც განმარტებულია, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და კონკურსის წესით შერჩეულ ადმინისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, აგრეთვე ამ უკანასკნელსა და ამ დებულებით განსაზღვრულ ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები ამ დებულებასთან ერთად არის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი.

                წერილში აღნიშნულია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  კომისიასა და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის გამჭვირვალეობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს ადმინისტრატორს სააღრიცხვო, ფინანსური და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ადმინისტრატორის მიერ დადგენილი ტარიფების კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შესაბამისობისა და აღნიშნული ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის და არადისკრიმინაციულობის დადგენის მიზნით, განახორციელოს ტარიფების მინიტორინგი, რისთვისაც უფლებამოსილია მოსთხოვოს ადმინისტრატორს ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი და წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფების გაანგარიშება.

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარის მიმართ, მეორე მხარის მიერ დარღვევის ნებაყოფლობით აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, გამოიყენება პირგასამტეხლო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყების შემდგომ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ადმინისტრატორს დაეკისრება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1% ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიამ ამავე წერილით შეატყობინა შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“, რომ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ნებაყოფლობით აღმოსაფხვრელად და კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომისიაში წარსადგენად განესაზღვრა გონივრული ვადა 2014 წლის 23 მაისამდე.

წერილში ამავე დროს აღნიშნულია, რომ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის 2014 წლის 23 მაისამდე წარმოუდგენლობის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ დაეკისრება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1 % ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2014 წლის 23 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” №7-05 წერილი, რომლითაც წარმოდგენილ იქნა სს ”მედიაფონის” 2014 წლის 22 მაისის წერილი. შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” წერილში აღნიშნულია, რომ სს ”მედიაფონი” გამოთქვამს მზადყოფნას ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, ამავე დროს სს ”მედიაფონი” ითხოვს დასაბუთებულ პასუხს ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. შპს ”მედიაპრო ჯორჯია” ამავე წერილში გამოთქვამს მზადყოფნას კომისიის პასუხის მიღებისთანავე ყველა დოკუმენტის მოწოდებაზე.

აღნიშნული წერილის პასუხად  შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” კომისიამ აცნობა (წერილი 03/1134-14,28.05.2014წ.), რომ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 და 2014 წლის 19 მაისის №03/1054-14 წერილებით მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიამ“ დაარღვია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  კომისიასა და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

კომისიის ამავე წერილში აღნიშნულია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2014 წლის 19 მაისის №03/1054-14 წერილის  შესაბამისად, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ ერიცხება პირგასამტეხლო 2014 წლის 23 მაისიდან. აქედან გამომდინარე, კომისიამ მოითხოვა ინფორმაცია  შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის ოდენობის შესახებ, აღნიშნულ კომპანიაზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის (საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1 %) განსაზღვრის მიზნით. ამასთან კომპანიას განემარტა, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გამოყენება არ ათავისუფლებს მას ვალდებულების შესრულებისგან.

კომისიამ მოუწოდა შპს ”მედიაპრო ჯორჯიას”, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი აღექვა ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, კომისიის ინიციატივით ხელშეკრულება შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს ადმინისტრატორის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეშად და სისტემატიურად დარღვევის გამო, თუ ამ უკანასკნელის მიმართ უკვე გამოყენებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალსწინებული პირგასამტეხლო.

კომისიამ აღნიშნულ  წერილში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კომისიაში სს ,,მედიაფონის“ გენერალურ დირექტორ ბატონ არუნას ბაბრაუსკასთან გამართული ოფიციალური შეხვედრის დროს, მას განემარტა, რომ კომისია განიხილავდა მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ინფორმაციის წარმოდგენა არ მოხდა, რითაც კომისიას ხელი შეეშალა მასზე კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში.

ამავე წერილით შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” კომისიამ  შეატყობინა, რომ თუ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი კომისიაში 2014 წლის 2 ივნისის 19:00 საათამდე, კომისია დაიწყებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

2014 წლის 27 მაისის №14/41 წერილით სს ”მედიაფონმა” მიმართა კომისიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”მედიაფონმა” ხელახლა განიხილა შპს “მედიაპრო ჯორჯიას“ 2014 წლის 26 მარტით დათარიღებული მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა კონფიდენციალური კომერციული ინფორმაციის გამჟღავნებას, მოთხოვნაში მოცემული ინფორმაციის ნუსხის მიხედვით, საქართველოს პროექტის განხორციელების, მონაწილე მესამე პირების, სახელშეკრულებო ურთიერთობების, ანგარიშფაქტურების (ინვოისების) და სხვა საკითხების თაობაზე. მოთხოვნა აგრეთვე მოიცავდა აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის (შემდგომში „კომისია“) წარდგენას. წერილში აღნიშნულია, რომ ზემოთ მითითებული ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნილი მოცულობით შეუძლებელია იქამდე, ვიდრე სს ”მედიაფონსა” და კომისიას შორის არ იქნება გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების აუცილებლობაზე კომპანია მიუთითებს  საქართველოს პროექტის განხორციელებაში მონაწილე მისი პარტნიორების - მესამე მხარეების მოთხოვნის საფუძველზე, რომ სს ”მედიაფონმა” უარი განაცხადოს მესამე მხარეებისათვის, პარტნიორებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ხელშეკრულების დადების გარეშე. ხსენებული მოთხოვნის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს პარტნიორების მიერ დიდი ოდენობის ჯარიმების დაკისრება სს ”მედიაფონზე”, რამაც შესაძლოა კომპანიაზე უდიდესი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს და რისკქვეშ დააყენოს მისი ბიზნესი, საქართველოში განსახორციელებელი პროექტის ჩათვლით.

წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ წარმოდგენილია 2011-2013 წლების მოთხოვნილი ინფორმაცია წერილში მოცემული  ნუსხის შესაბამისად.

2014 წლის 28 მაისის №14/44 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის № 8/112-14, 29.05.2014წ.) სს ”მედიაფონმა” მიმართა კომისიას ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხის თაობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უარი განაცხადა კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების წარმოებაზე, სს ”მედიაფონის” მიერ, კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტების დაცვის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში ასახულ სრულ ინფორმაციას გააჩნია მაღალი ფინანსური და ბიზნეს ღირებულება.

სს ”მედიაფონი” მკაცრად შეზღუდულია საკუთარ პარტნიორებთან გაფორმებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულებებით და არ ამჟღავნებს საკუთარ ბიზნეს მოდელს, ინფორმაციას პარტნიორების შესახებ, ფინანსურ დოკუმენტებს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც მხარეების მიერ აღიარებული იქნა კონფიდენციალურ ინფორმაციად. გარდა ამისა, სს ”მედიაფონი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენს დიდი რაოდენობის სს ”მედიაფონის” შიდა ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებიც მკაცრად კონფიდენციალურია სს ”მედიაფონის” წევრთა საბჭოს გადაწყვეტილებით (ინფორმაცია ხელფასების შესახებ, აქტივების გაუფასურება და ამორტიზაცია, ოფისის ქირის საფასურის ოდენობა, პარკინგის, დასუფთავების მომსახურებების, სამართლებრივი მომსახურებებისა და სხვა სახის ხარჯები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”მედიაფონი” მოითხოვს ადმინისტრაციული აქტის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების) გაფორმებას და სს ”მედიაფონის” მიერ, კომისიისათვის წარდგენილი მთლიანი ინფორმაციის ოფიციალურად, კონფიდენციალურ ინფორმაციად აღიარებას (სრულად დანომრილი და აკინძული 340 გვერდი). სს ”მედიაფონი” აგრეთვე მოითხოვს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აიღოს ვალდებულება იმის თაობაზე, რომ ხსენებული ინფორმაცია არავითარი ფორმით და არავითარი საშუალებით არ გამჟღავნდება და არ გადაეცემა მესამე მხარეებს, სს ”მედიაფონის” მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე, ნომრის პორტაბელურობის ბიზნესის წარმოების სრული პერიოდის განმავლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”მედიაფონს” 2014 წლის 29 მაისს გაეგზავნა წერილი, რომლის თანახმად კომისიამ აცნობა კომპანიას, რომ 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფილი იქნებოდა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

კომპანიას აგრეთვე ეცნობა, რომ კომისიის მიერ აღნიშნული განცხადების განხილვამდე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანია სს ”მედიაფონის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, დოკუმენტაცია გახდება ღია გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში არ იქნება გასაჩივრებული კომისიის გადაწყვეტილება ინფორმაციის ღიაობის თაობაზე.

აღნიშნული წერილის შესაბამისად, სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის საკითხის განხილვა შედგა კომისიის 2014 წლის 3 ივნისის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუნტაცია საკმაოდ დიდი მოცულობისაა, მოიცავს 340 ფურცელს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, კომისიას არ ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ემსჯელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”მედიაფონის” მიერ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა შპს ”მედიაპრო ჯორჯიასთვის” გაგზავნილი მოთხოვნის ფარგლებში.  შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10  მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა განსაზღვრულია 2014 წლის 14 ივნისამდე. ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს საკითხის ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენისათვის საკითხის მომზადებისას კომისიის 2014 წლის 11 აპრილის №199/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით, რაც კომისიას მისცემს შესაძლებლობას განიხილოს სს ”მედიაფონის” მოთხოვნა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის ეტაპზე.

ამასთნ, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ განცხადების განხილვამდე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სს ”მედიაფონის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, დოკუმენტაცია გახდება ღია გადაწყვეტილების მიღებიდან მხოლოდ 15 დღის შემდეგ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში არ იქნება გასაჩივრებული კომისიის გადაწყვეტილება ინფორმაციის ღიაობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 53-ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს სს ”მადიაფონის” განცხადების განხილვა და სს ”მადიაფონის” მიერ 2014 წლის 29 მაისს წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვა მოხდეს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10  მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საკითხზე ზეპირი  მოსმენის ჩატარების ეტაპზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის წევრს კახი ბექაურს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                აკაკი სიხარულიძე          

კომისიის წევრი                                                               კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები