”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2013
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2014
მიღების თარიღი იანვარი 22, 2014
”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვის შედეგების და ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 20 დეკემბრის №754/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
2014 წლის 22 იანვარს ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის მიერ განხილულ იქნა კომპანიების შემოთავაზებები, კერძოდ, კომისიას ერთობლივი განცხადებებით მიმართეს შპს “მაგთიკომმა“, შპს “ჯეოსელმა“, შპს “მობიტელმა“, შპს “მაიფონმა“, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“, შპს “გლობალ ერთმა“, შპს “ალექს დეველოფმენთმა“, შპს “ინტელფონმა“, შპს “კავკასუს ონლაინმა“, შპს “სმარტლაინმა“ და შპს “სერვის ნეტმა“ (განცხადებების კომისიაში რეგისტრაციის №6/406-14 22.01.2014; №6/407-14 22.01.2014).
როგორც ზემოაღნიშნული კომპანიები განმარტავენ, კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად შეიქმნა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის რეგულირების პროექტი, რომელსაც ეთანხმება როგორც ქსელის მფლობელი, აგრეთვე ტრანზიტორი ოპერატორები. კონკრეტულად საუბარია ავტორიზებული პირების ქსელში საერთაშორისო ზარის ტერმინაციისას ურთიერთჩართვის (ზარის დასრულების) მომსახურების ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენაზე. ზღვრული ტარიფების ხელოვნურად შემცირების აღკვეთის, ზღვრული ტარიფების შენარჩუნების, აღნიშნული ბაზრის მონაწილე პირთა შორის ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, ქსელის მფლობელ ოპერატორთა უპირატესი მდგომარეობის უარყოფითი ზეგავლენის გამოსარიცხად, ანუ ეფექტური რეგულაციის მისაღებად საჭიროა დადგინდეს ურთიერთჩართვის ტარიფებისაგან განსხვავებული საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები (მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში).
კომპანიები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება და ეს საკანონმდებლო ცვლილება უნდა შეეხოს მხოლოდ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტს, რომლის საფუძველზეც დადგინდა დღეს არსებული რეგულაცია. კერძოდ, მიზანშეწონილად მიაჩნიათ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების (მათ შორის, ურთიერთჩართვის ტარიფებისაგან განსხვავებული საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფების) დადგენა.“
კომპანიებს მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე მიღებული რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში დაცული და მიღწეული იქნება ყველა ის დადებითი მოვლენა, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას. კერძოდ,
·საერთაშორისო ზარების დასრულების მოქმედი ტარიფები აღარ იქნება დაწესებულ ზღვრულ ტარიფებზე ნაკლები, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში სავალუტო სახსრების შემოდინებას;
·ტრანზიტორი ოპერატორები იქნებიან თანაბარ კონკურენტულ პირობებში;
·ამოქმედდება მკაცრი კონტროლის მექანიზმები უპირობოდ ყველა ოპერატორისთვის;
·გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხები, ავტორიზებული პირების დამატებითი შემოსავლების ზრდის ხარჯზე.
კომპანიები მიმართავენ თხოვნით კომისიას, მიმართოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით.
კომისიამ იმსჯელა რა შემოთავაზებულ წინადადებაზე, მიიჩნია, რომ თუ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში მოხდება შესაბამისი ცვლილება, მაშინ შესაძლებელი გახდება სამუშაო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული პროექტის ამოქმედება. ამ მიზნით, კომისიას აუცილებლად მიაჩნია საკანონმდებლო ცვლილებისათვის შესაბამისი პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან კომისიის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის საჭიროა გარკვეული დრო. ვინაიდან, ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2014 წლის 1 მარტამდე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიმართოს საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ ამ კანონის მე-11 მუხლის “პ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: ”მათ შორის ფიქსირებული და მობილური ქსელების მფლობელი ავტორიზებული პირების ქსელებში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე, ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენა.“
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 19 თებერვალს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
4. გააგრძელოს მუშაობა კომისიის 2013 წლის 31 ოქტომბრის №642/19 გადაწყვეტილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციის ცვლილებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის წევრს ირაკლი მოსეშვილს და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
