წვდომის მენიუ

შპს ,,მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 302 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2014 18:33

მიღების თარიღი ივნისი 05, 2014

შპს ,,მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.  ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 და 30 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპატამენტს წარმოებაში გადმოეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპატამენტის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (27.05.2014 N10/777-14; 30.05.2014 N10/818-14), რომლებშიც აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია, რომლის წარმოდგენაც კომპანიას კომისიის 2013 წლის 01 ოქტომბრის N658/22 გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა უზრუნველეყო 2014 წლის 1 მაისამდე.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 30 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ამ უკანასკნელის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, ასევე კომისიის 2013 წლის 01 ოქტომბრის N658/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2014 წლის 5 ივნისს, 16.00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობა შპს “მობიტელს“ შეტყობინებით (30.05.2014 N03/1160-14) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 5 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „მობიტელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ესართია, რომელმაც კომისიის სხდომაზე აღიარა დარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ კომპანია სადაოდ არ ხდის არც დარღვევის ფაქტს და არც ჯარიმის ოდენობას, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოსადგენი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს იმ აუდიტორის მიერ, რომელიც ამოწმებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების მიხედვით; შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის განმარტებით, იმ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ (Ernst & Young), რომელიც შპს „მობიტელს“ უწევდა აუდიტორულ მომსახურებას, მოითხოვა ძალიან ძვირი თანხა და ეს მეტწილად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შპს „მობიტელს“ არ ჰქონდა აუდიტორული კომპანიის არჩევის საშუალება, შესაბამისად, თანხის ოდენობა განაპირობა სწორედ კონკურენციის არ არსებობამ. შპს „მობიტელმა“ კომისიის სხდომაზე მოითხოვა ერთი მხრივ დრო მინიმუმ სამი თვის ოდენობით, ინფორმაციის წარმოსადგენად და მეორე მხრივ, აუდიტორის არჩევის უფლება, კერძოდ, ირაკლი ესართიამ აღნიშნა, რომ შპს „მობიტელი“ თანახმაა განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში წარმოადგინოს საერთაშორისო აუდიტორის მიერ დამოწმებული სახით, ოღონდ კომისიისგან ითხოვს, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ე.წ. „დიდ ოთხეულში“ შემავალი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან თავად აირჩიოს რომელ აუდიტორს დაამოწმებინებს კომისიაში წარმოსადგენ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშს.

კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილება „შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“;

2. კომისიის 2013 წლის 01 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების შესაბამისად,  შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელისთვის“ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის ვადის გაგრძელების თაობაზე“;

3. დადასტურებები შპს „საქათველოს ფოსტიდან“ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 და 2013 წლის 01 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტილებების ჩაბარების თაობაზე;

4. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპატამენტის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (27.05.2014 N10/777-14; 30.05.2014 N10/818-14);

5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (02.06.2014 N10/823-14);

6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის მონაცემები;

7. კომისიის ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

8. შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის ახსნა-განმატება;

კომისია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად აღნიშნავს შემდეგს:

1.  შპს  ,,მობიტელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 09.03.2006. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთარი შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საბითუმო ფუნქციური ქვედანაყოფის მიერ, ამავე შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საცალო ფუნქციური ქვედანაყოფისთვის მიწოდებული სატელეფონო ხმოვანი ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით, შპს „მობიტელს“ დაეკისრა ვალდებულება 2013 წლის 16 ოქტომბრამდე კომისიაში წარმოედგინა 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში (მათ შორის, ტრანსფერული ტარიფების ანალიზის უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის და დატვირთული კაპიტალის განაწილების ანგარიში საქმიანობის სახეების მიხედვით); გადაწყვეტილების ამავე პუნქტით განისაზღვრა, რომ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად და დამოწმებული უნდა ყოფილიყო იმ აუდიტორის მიერ, რომელიც ამოწმებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების მიხედვით;

3. კომისიის 2013 წლის 01 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის ვადა შპს „მობიტელს“ გაუგრძელდა 2014 წლის 1 მაისამდე; ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია:

ა) შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის მომზადება აქტივების (დატვირთული კაპიტალი) ისტორიული ღირებულების გამოყენების   შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ბ) შპს „მობიტელის“   მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებულ ანგარიშში  ყველა საბითუმო მომსახურების ცალ-ცალკე დეტალიზება, ხოლო ყველა  საცალო მომსახურების გაერთიანება ერთ ჯგუფში. 

3. შპს „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით (გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები) კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილება შპს „მობიტელს“ ჩაბარდა 2013 წლის 20 აგვისტოს, ხოლო კომისიის 2013 წლის 01 ნოემბრის N658/22 გადაწყეტილება - 2013 წლის 8 ნოემბერს;

4. 2014 წლის 30 მაისის მდგომარეობი, შპს „მობიტელის“ მიერ კომისიში არ იქნა წარმოდენილი კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კომისიის 2013 წლის 01 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში - 2014 წლის 1 მაისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

4. კომისიის 2013 წლის 13 დეკემბრის N742/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მობიტელის“ მიმართ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების დარღვევის გამო სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება (საქმე №ბს-177-170 (კ-13), სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლში მითითებული ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად მხოლოდ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა (ერთი წლის განმავლობაში ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში, კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის, კომისიის 2013 წლის 01 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში - 2014 წლის 1 მაისამდე წარმოუდგენლობის გამო, შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და კომისიის 2013 წლის 01 ნოემრის N658/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რაც თავის მხრივ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოადგენს შპს „მობიტელისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2013 წლის 13 დეკემბრის N742/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მობიტელის“ მიმართ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების დარღვევის გამო სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში შპს „მობიტელის“ მიერ კვლავ ჩადენილია იმავე სახის სამართალდარღვევა (კომისიისთვის ინფორმაციის წამოუდგენლობა, კომისიის გადაწყვეტილების დარღვევა - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინების (საქმე №ბს-177-170 (კ-13) შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების გავალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიმართ სანქციის სახის გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (02.06.2014 N10/823-14) შესაბამისად, შპს „მობიტელის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი აღემატება 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარს, შესაბამისად, შპს „მობიტელის“ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიამ იმსჯელა შპს „მობიტელის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „მობიტელს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება 2014 წლის 5 აგვისტომდე უზრუნველყოს კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, კომისიის 2013 წლის 01 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით და ამავე დროს, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოსადგენი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული იყოს ე.წ. „დიდ ოთხეულში“ შემავალი ერთ-ერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის  (Deloitte, KPMG, PWC, Ernst&Young) მიერ, რის თაობაზეც პრინციპული უარი არ განუცხადებია შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელს - ლევან გიორგაძეს, რომელიც ესწრებოდა კომისიის სხდომას, ხოლო შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა - გია კოშორიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა კომისიის სხდომას, აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომი“ არ არის წინააღმდეგი, რომ შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოსადგენი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული იყოს ე.წ. „დიდ ოთხეულში“ შემავალი ერთ-ერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე,  99-ე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13, მე-14  მე-15 და მე-16 პუნქტების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    შპს „მობიტელს“ დაეკისროს ჯარიმა 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების, ასევე კომისიის 2013 წლის 01 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის 2014 წლის 5 აგვისტომდე კომისიაში წარმოდგენა, კომისიის 2013 წლის 01 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტიელბის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით; შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოსადგენი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დამოწმებული უნდა იყოს ე.წ. „დიდ ოთხეულში“ შემავალი ერთ-ერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის  (Deloitte, KPMG, PWC, Ernst&Young) მიერ;

3. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“   წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

 ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

 ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

4.    უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

5.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მობიტელისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპატამენტს (ნ.ნიჟარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს „მობიტელისთვის“ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე მონაცემების კომისიის ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარატმენტს (ე.ასანიძე);

9.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის საფინანსო დეპატამენტს (ი.აბულაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატამენტს (ი.ხარებავა);

11.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების გარდა) დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                                 აკაკი სიხარულიძე

                კომისიის წევრი                                                                 კახი ბექაური

               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები