შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2014 17:22
მიღების თარიღი ივნისი 12, 2014
შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “სტერეო +”-მა (კომისიაში რეგისტრაციის №7/156-14, 15.04.2014), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანიას სურს მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 20 საათის ნაცვლად 8 საათის განსაზღვრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ამჟამად მიმდინარეობს კომპანიის ტექნიკური რეორგანიზაცია, რაც, როგორც კომპანია აღნიშნავს დაკავშირებულია, როგორც მიწისზედა, ასევე სატელიტური ტექნიკის ისეთ კონფიგურაციასთან, რაც ხელს შეუწყობს შპს “სტერეო +”-ს ციფრულ მაუწყებლობაზე შეუფერხებლად გადასვლის პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული შპს “სტერეო +”-ს შეუძლია უზრუნველყოს მაუწყებლობის უწყვეტობა დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიას 2023 წლის 27 დეკემბრამდე, კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 27 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;
ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 20 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 1 მაისის №236/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 5 ივნისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/639-14, 24.04.14წ.) თანახმად, კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირება და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 8 საათის განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 5 ივნისს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. 2014 წლის 5 ივნისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2014 წლის 12 ივნისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს “სტერეო +”-ს კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2013 წლის 27 დეკემბრის №759/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობად განისაზღვროს 8 საათი;”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტერეო +”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “სტერეო +”-სთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
