წვდომის მენიუ

სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობის თაობაზე

ნომერი: 319 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2014 11:09

მიღების თარიღი ივნისი 13, 2014

 

სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 29 მაისს კომისიას მიმართა სს ”მედიაფონმა” (კომისიაში რეგისტრაციის N8/112-14; 29.05.2014წ.) კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 მარტის №127/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10  მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევისა და ანალიზის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა  2014 წლის  14 აპრილის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად - ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა (№08/609-14,  24.03.2014) დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. კერძოდ, კომისიამ შპს ”მედიპრო ჯორჯიასგან” მოითხოვა 2011, 2012 და 2013 წლების მონაცემების საფუძველზე მომზადებული პორტირების დანახარჯების გაანგარიშების ელექტრონული (MS Excel) ცხრილები (”კალკულაცია”), რომელშიც მოცემული უნდა ყოფილიყო, როგორც სს ”მედიაფონის” (შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დამფუძნებლისა და 51%-იანი წილის მფლობელის, აგრეთვე შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” მთავარი კონტრაქტორის) ტექნიკური პერსონალის შრომის საათობრივი დანახარჯების გაანგარიშება, ასევე მონაცემთა ბაზის  და სალიცენზიო მომსახურებების  გაანგარიშებები. კალკულაციას  თან უნდა დართვოდა შემდეგი  ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

ა) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ბ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ ხარისხის უზრუნველყოფის მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

გ) 2011, 2012 და 2013 წლების სს „მედიაფონის“ საშტატო განრიგი სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობრივი სარგოს  მითითებით (წერილში მითითებულია, რომ თანამშრომლთა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ არის აუცილებელი);

დ) 2011, 2012 და 2013 წლების სს „მედიაფონის“  სახელფასო უწყისები თვეების მიხედვით;

ე) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ ქსელის მხარდაჭერის და უსაფრთხოების მომსახურების  ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ვ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ ჰოსტინგის მომსახურების  ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ზ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ საკონსულტაციო მომსახურებების (მათ შორის იურიდიული და აუდიტორული)  ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

თ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების  უზრუნველყოფის მიზნით იჯარის, კომუნალური, ელექტროენერგიის, ინტერნეტის   და სხვა მომსახურებების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

ი)  2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში  სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების  უზრუნველყოფის მიზნით ლიცენზიის მომსახურებისთვის მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;

კ) კალკულაციის აღწერა, რომელიც უნდა იყოს მომზადებული  ფინანსური  და არაფინანსური მონაცემების მითითებით, ასევე  კალკულაციის  აღწერაში უნდა აისახოს წერილობითი დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ განხორციელდა კონკრეტული ხარჯის გადანაწილებისას კალკულაციაში გამოყენებული დანახარჯების გადანაწილების კრიტერიუმის  არჩევა და შესაბამისად, რატომ ასახავს ეს კრიტერიუმი ამ კონკრეტული ხარჯის გადანაწილების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს  უფრო ობიექტურად, ვიდრე  ამ ხარჯის გადანაწილება განხორცილდებოდა  ხარჯების გადანაწილების სხვა  კრიტერიუმის საშუალებით).

შპს ”მედიაპრო ჯორჯიამ”  №6-3; 27.03.2014წ. წერილით კომისიაში წარმოადგინა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სს ”მედიაფონის” პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია და დოკუმენტაცია და მათ შორის,  მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი კონფიდენციალურია; სს ”მედიაფონის” სტრატეგიულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირი არის სს ”მედიაფონის” მმართველი საბჭო და იგი სარგებლობს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ექსკლუზიური უფლებით; როგორც წერილშია აღნიშნული, მმართველი საბჭოს ზოგიერთი წევრი იმყოფება საზღვარგარეთ საქმიან შეხვედრებზე; ზოგიერთი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ინგლისურად და შესაბამისად  ”მედიაფონი” ითხოვს,  მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის  წარმოდგენის ვადის გადაწევას არანაკლებ 4 კვირით.

კომისიამ იმსჯელა წარმოდგენილ შუამდგომლობაზე, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, დაწყებული კვლევა და ანალიზი მოითხოვდა უფრო მეტ ვადას, ვიდრე ეს იყო განსაზღვრული  კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილებით და 2014 წლის 11 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება №199/19, რომლითაც ცვლილება შევიდა კომისიის 2014 წლის 14 მარტის №127/23 გადაწყვეტილებაში და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვრა  3 თვე; ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად  2014 წლის  5 ივნისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროდ განისაზღვრა  2014 წლის 14 ივნისი.

                შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ 2014 წლის 24 აპრილის N 5-04 წერილით კომისიას წარმოუდგინა სს „მედიაფონის“ 2014 წლის 23 აპრილის N14/35 წერილი, რომელშიც სს „მედიაფონი“ აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სს „მედიაფონისთვის“ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სს „მედიაფონი“ ამ დოკუმენტაციას კომისიას ვერ წარმოუდგენდა. ამავე წერილში  სს „მედიაფონი“ აღნიშნავს, რომ სს „მედიაფონი“ პორტირების დანახარჯების გაანგარიშების კალკულაციის ელექტრონულ ცხრილებს დაუყონებლივ მიაწოდებს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“. ამასთან, სს „მედიაფონი“ აღნიშნული  წერილით სთავაზობს კომისიას  მოთხოვნილი ინფორმაციის ალტერნატიული გზით, კერძოდ,  სს „მედიაფონის“ 2011, 2012 და 2013 წლების აუდირებული ფინანსური აგნარიშგების სახით მოწოდებას. წერილს თან ერთვის სს „მედიაფონის“ 2011 და  2012 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და სს „მედიაფონის“ მიერ მონაცემთა ბაზით მომსახურების უზრუნველყოფის დანახარჯების „პრაისვოთერჰაუსკუპერსის“ (PWC) მიერ შემოწმების ანგარიში.

                აღნიშნული წერილის პასუხად შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” გაეგზავნა კომისიის №03/1054-14, 19.05.2014წ. წერილი, რომელშიც განმარტებულია, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და კონკურსის წესით შერჩეულ ადმინისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, აგრეთვე ამ უკანასკნელსა და ამ დებულებით განსაზღვრულ ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები ამ დებულებასთან ერთად არის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი.

                წერილში აღნიშნულია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  კომისიასა და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის გამჭვირვალეობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს ადმინისტრატორს სააღრიცხვო, ფინანსური და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ადმინისტრატორის მიერ დადგენილი ტარიფების კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შესაბამისობისა და აღნიშნული ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის და არადისკრიმინაციულობის დადგენის მიზნით, განახორციელოს ტარიფების მინიტორინგი, რისთვისაც უფლებამოსილია მოსთხოვოს ადმინისტრატორს ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი და წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფების გაანგარიშება.

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარის მიმართ, მეორე მხარის მიერ დარღვევის ნებაყოფლობით აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, გამოიყენება პირგასამტეხლო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყების შემდგომ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ადმინისტრატორს დაეკისრება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1 % ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიამ ამავე წერილით შეატყობინა შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“, რომ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ნებაყოფლობით აღმოსაფხვრელად და კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომისიაში წარსადგენად განესაზღვრა გონივრული ვადა 2014 წლის 23 მაისამდე.

წერილში ამავე დროს აღნიშნულია, რომ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის 2014 წლის 23 მაისამდე წარმოუდგენლობის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ დაეკისრება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1 % ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2014 წლის 23 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” №7-05 წერილი, რომლითაც წარმოდგენილ იქნა სს ”მედიაფონის” 2014 წლის 22 მაისის წერილი. შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” წერილში აღნიშნულია, რომ სს ”მედიაფონი” გამოთქვამს მზადყოფნას ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, ამავე დროს სს ”მედიაფონი” ითხოვს დასაბუთებულ პასუხს ინფორმაციის კონფიდენციალურობის თაობაზე. შპს ”მედიაპრო ჯორჯია” ამავე წერილში გამოთქვამს მზადყოფნას კომისიის პასუხის მიღებისთანავე ყველა დოკუმენტის მოწოდებაზე.

აღნიშნული წერილის პასუხად  შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” კომისიამ აცნობა (წერილი 03/1134-14,28.05.2014წ.), რომ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 და 2014 წლის 19 მაისის №03/1054-14 წერილებით მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დარღვეულ იქნა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  კომისიასა და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

კომისიის ამავე წერილში აღნიშნულია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2014 წლის 19 მაისის №03/1054-14 წერილის  შესაბამისად, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ ერიცხება პირგასამტეხლო 2014 წლის 23 მაისიდან. აქედან გამომდინარე, კომისიამ მოითხოვა ინფორმაცია  შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის ოდენობის შესახებ, აღნიშნულ კომპანიაზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის (საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1 %) განსაზღვრის მიზნით. ამასთან კომპანიას განემარტა, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გამოყენება არ ათავისუფლებს მას ვალდებულების შესრულებისგან.

კომისიამ მოუწოდა შპს ”მედიაპრო ჯორჯიას”, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი აღექვა ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, კომისიის ინიციატივით ხელშეკრულება შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს ადმინისტრატორის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეშად და სისტემატიურად დარღვევის გამო, თუ ამ უკანასკნელის მიმართ უკვე გამოყენებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალსწინებული პირგასამტეხლო.

კომისიამ აღნიშნულ  წერილში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კომისიაში სს ,,მედიაფონის“ გენერალურ დირექტორ ბატონ არუნას ბაბრაუსკასთან გამართული ოფიციალური შეხვედრის დროს, მას განემარტა, რომ კომისია განიხილავდა მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ინფორმაციის წარმოდგენა არ მოხდა, რითაც კომისიას ხელი შეეშალა მასზე კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში.

ამავე წერილით შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” კომისიამ  შეატყობინა, რომ თუ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი კომისიაში 2014 წლის 2 ივნისის 19:00 საათამდე, კომისია დაიწყებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე  ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 მაისის №14/41 წერილით სს ”მედიაფონმა” მიმართა კომისიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”მედიაფონმა” ხელახლა განიხილა შპს “მედიაპრო ჯორჯიას“ 2014 წლის 26 მარტით დათარიღებული მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა კონფიდენციალური კომერციული ინფორმაციის გამჟღავნებას, მოთხოვნაში მოცემული ინფორმაციის ნუსხის მიხედვით, საქართველოს პროექტის განხორციელების, მონაწილე მესამე პირების, სახელშეკრულებო ურთიერთობების, ანგარიშფაქტურების (ინვოისების) და სხვა საკითხების თაობაზე. მოთხოვნა აგრეთვე მოიცავდა აღნიშნული ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენას. წერილში აღნიშნულია, რომ ზემოთ მითითებული ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნილი მოცულობით შეუძლებელია იქამდე, ვიდრე სს ”მედიაფონსა” და კომისიას შორის არ იქნება გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების აუცილებლობაზე კომპანია მიუთითებს  საქართველოს პროექტის განხორციელებაში მონაწილე მისი პარტნიორების - მესამე მხარეების მოთხოვნის საფუძველზე, რომ სს ”მედიაფონმა” უარი განაცხადოს მესამე მხარეებისათვის, პარტნიორებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ხელშეკრულების დადების გარეშე. როგორც წერილშია აღნიშნული, ხსენებული მოთხოვნის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს პარტნიორების მიერ დიდი ოდენობის ჯარიმების დაკისრება სს ”მედიაფონზე”, რამაც შესაძლოა კომპანიაზე უდიდესი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს და რისკქვეშ დააყენოს მისი ბიზნესი, საქართველოში განსახორციელებელი პროექტის ჩათვლით.

წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ წარმოდგენილია 2011-2013 წლების მოთხოვნილი ინფორმაცია წერილში მოცემული  ნუსხის შესაბამისად.

2014 წლის 28 მაისის №14/44 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის № 8/112-14, 29.05.2014წ.) სს ”მედიაფონმა” მიმართა კომისიას ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხის თაობაზე. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უარი განაცხადა კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების წარმოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში ასახულ სრულ ინფორმაციას გააჩნია მაღალი ფინანსური და ბიზნეს ღირებულება.

სს ”მედიაფონი” წერილში აღნიშნავს, რომ კომპანია მკაცრად შეზღუდულია საკუთარ პარტნიორებთან გაფორმებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულებებით და არ ამჟღავნებს საკუთარ ბიზნეს მოდელს, ინფორმაციას პარტნიორების შესახებ, ფინანსურ დოკუმენტებს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც მხარეების მიერ აღიარებული იქნა კონფიდენციალურ ინფორმაციად. გარდა ამისა, სს ”მედიაფონი” საქართველოს კომისიას წარუდგენს დიდი რაოდენობის სს ”მედიაფონის” შიდა ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებიც მკაცრად კონფიდენციალურია სს ”მედიაფონის” წევრთა საბჭოს გადაწყვეტილებით (ინფორმაცია ხელფასების შესახებ, აქტივების გაუფასურება და ამორტიზაცია, ოფისის ქირის საფასურის ოდენობა, პარკინგის, დასუფთავების მომსახურებების, სამართლებრივი მომსახურებებისა და სხვა სახის ხარჯები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”მედიაფონი” მოითხოვს ადმინისტრაციული აქტის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების) გაფორმებას და სს ”მედიაფონის” მიერ, კომისიისათვის წარდგენილი მთლიანი ინფორმაციის ოფიციალურად, კონფიდენციალურ ინფორმაციად აღიარებას (სრულად დანომრილი და აკინძული 340 გვერდი). სს ”მედიაფონი” აგრეთვე მოითხოვს, რომ კომისიამ აიღოს ვალდებულება იმის თაობაზე, რომ ხსენებული ინფორმაცია არავითარი ფორმით და არავითარი საშუალებით არ გამჟღავნდება და არ გადაეცემა მესამე მხარეებს, სს ”მედიაფონის” მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე, ნომრის პორტაბელურობის ბიზნესის წარმოების სრული პერიოდის განმავლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”მედიაფონს” 2014 წლის 29 მაისს გაეგზავნა წერილი, რომლის თანახმად კომისიამ აცნობა კომპანიას, რომ კომისია 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფდა სს „მედიაფონის“ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ განცხადების განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. სს „მედიაფონს“ ამავე წერილით განემარტა, რომ კომისიის მიერ აღნიშნული განცხადების განხილვამდე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანია „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იქნებოდა ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნას დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და მიიღებდა გადაწყვეტილებას ინფორმაციის ღიაობის შესახებ, დოკუმენტაცია გახდებოდა ღია მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სს „მედიაფონის“ მიერ სასამართლოში არ იქნებოდა გასაჩივრებული კომისიის გადაწყვეტილება ინფორმაციის ღიაობის შესახებ.

აღნიშნული წერილის შესაბამისად, სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვა დაიწყო კომისიის 2014 წლის 3 ივნისის სხდომაზე. ინფორმაცია კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ, ისევე როგორც კომისიის სხდომის დღის წესრიგი გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge); შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა კომისიის სხდომას და წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებების განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 3 ივნისის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N 291/22 ”სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის გადადების შესახებ”. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად განისაზღვრა, რომ, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუნტაცია საკმაოდ დიდი მოცულობის ოყო (340 ფურცელი), წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, კომისიას არ ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ემსჯელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე; გადაწყვეტილებით ასევე განისაზღვრა, რომ სს ”მედიაფონის” მიერ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა შპს ”მედიაპრო ჯორჯიასთვის” გაგზავნილი მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო  შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10  მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 14 ივნისამდე და ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს საკითხის ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენისათვის საკითხის მომზადებისას კომისიის 2014 წლის 11 აპრილის №199/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით, რაც კომისიას მისცემს შესაძლებლობას განიხილოს სს ”მედიაფონის” მოთხოვნა. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უნდა მომხდარიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის ეტაპზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 13 ივნისის სხდომაზე. ინფორმაცია კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ, ისევე როგორც კომისიის სხდომის დღის წესრიგი გამოქვეყნებულ იქნა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ისევე როგორც დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა კომისიის სხდომას და წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები, არგუმენტები და მტკიცებულებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 13 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადებულა სს „მედიაფონის“ წარმომადგენელი. სხდომას ესწრებოდა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჟღენტი, ასევე რიგი ავტორიზებული პირების (შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელი“, შპს „ახალი ქსელების“, სს „სილქნეტის“) წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”მედიაფონის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

1. წერილი № 14/41, 27.05.2014წ. კონფიდენციალური ინფორმაციის დახურვის შესახებ, 2 ფურცელი;

2. საქართველოს პროექტის ბიზნეს კალკულაციის ცხრილი, 1 ფურცელი;

3. ინვოისების და შიდა ფინანსური დოკუმენტების ჩამონათვალი, 5 ფურცელი;

4. ”Linctelis”-ის და “Nordic Tehnology”-ის მიერ გამოწერილი ინვოისები, 30 ფურცელი;

5. „Data Logistics Center”-ის და “Tehnologiju ir inovaciju centras”-ს მიერ გამოწერილი ინვოისები, 36 ფურცელი;

6. ”ATEA”-ს მიერ გამოწერილი ინვოისები, 3 ფურცელი;

7. “Belcastel”-ის მიერ გამოწერილი ინვოისები, 34 ფურცელი;

8. ”Systor”-ის მიერ გამოწერილი ინვოისები, 37 ფურცელი;

9. სს ”მედიაფონის” მიერ მომზადებული ცნობა ტექნიკური დეპარტამენტის ხელფასების შესახებ, 1 ფურცელი;

10. სს ”მედიაფონის” მიერ მომზადებული ცნობა ტექნიკური მოწყობილობების ცვეთის  შესახებ, 1 ფურცელი;

11. სს ”მედიაფონის” მიერ მომზადებული ცნობა და დოკუმენტები მივლინების ხარჯების შესახებ, 58 ფურცელი;

12. სს ”მედიაფონის” მიერ მომზადებული ცნობა ნომრის პორტირების სერვისის დეპარტამენტის ხელფასების შესახებ, 1 ფურცელი;

13. სს ”მედიაფონის” მიერ მომზადებული ცნობა ნომრის პორტირების სერვისის დეპარტამენტის მოწყობილობების ცვეთის შესახებ, 1 ფურცელი;

14. “ARUSBA” –ს მიერ გამოწერილი ინვოისები, 35 ფურცელი;

15. “ADVOCATO PADEJEJA EGLE RUBIKATE-NAUS”-ის და “”A&P/Law group”-ის მიერ გამოწერილი ინვოისები, 31 ფურცელი;

16. “PWC” -ის მიერ გამოწერილი ინვოისები, 8 ფურცელი;

17. სს ”მედიაფონის” მიერ მომზადებული ცნობა ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელფასების შესახებ, 1 ფურცელი;

18. ”Systor”-ის ფინანსური წინადადება სს ”მედიაფონის” მიმართ, 20 ფურცელი;

19. ”Systor”-ის წერილი ფინანსური წინადადების ვადის გაგრძელების შესახებ, 1 ფურცელი;

20. ”Systor”-სა და სს ”მედიაფონს” შორის ხელშეკრულება მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შესახებ (agreement for the maintenance and servicing of equipment and software), 32 ფურცელი;

21. დამატებითი შეთანხმება ”Systor”-სა და სს ”მედიაფონს” შორის, 1 ფურცელი;

22.  “Nordic Tehnology”-ის და სს ”მედიაფონს” შორის შეთანხმება ლიცენზიის გადაცემის და სერვისის უზრუნველყოფის შესახებ, 2 ფურცელი; შეთანხმებასთან ერთად წარმოდგენილია ”Systor”-ის წერილი, 1 ფურცელი;

23. “Nordic Tehnology”-ის წერილი ინფორმაციის კონფიდენციალობის თაობაზე, 1 ფურცელი;

24. “Belcastel”-ის წერილი ინფორმაციის კონფიდენციალობის თაობაზე, 1 ფურცელი.

კომისია აღნიშნავს, რომ  სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში (2014 წლის 28 მაისის №14/44 წერილი, კომისიაში რეგისტრაციის № 8/112-14, 29.05.2014წ.) აღნიშნულია, რომ სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის კომერციული საიდუმლოება, ვინაიდან  წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციას აქვს მაღალი ფინანსური და ბიზნეს ღირებულება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სს ”მედიაფონი” მკაცრად შეზღუდულია საკუთარ პარტნიორებთან გაფორმებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულებებით და არ ამჟღავნებს საკუთარ ბიზნეს მოდელს, ინფორმაციას პარტნიორების შესახებ, ფინანსურ დოკუმენტებს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც მხარეების მიერ აღიარებული იქნა კონფიდენციალურ ინფორმაციად. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სს ”მედიაფონი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენს სს ”მედიაფონის” შიდა ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებიც მკაცრად კონფიდენციალურია სს ”მედიაფონის” წევრთა საბჭოს გადაწყვეტილებით (ინფორმაცია ხელფასების შესახებ, აქტივების გაუფასურება და ამორტიზაცია, ოფისის ქირის საფასურის ოდენობა, პარკინგის, დასუფთავების მომსახურებების, სამართლებრივი მომსახურებებისა და სხვა სახის ხარჯები). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”მედიაფონი” ითხოვს მის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის (სრულად დანომრილი და აკინძული 340 გვერდი) კონფიდენციაურად ცნობას.  დამატებით, სს ”მედიაფონი” აგრეთვე მოითხოვს, კომისიამ აიღოს ვალდებულება იმის თაობაზე, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არავითარი ფორმით და არავითარი საშუალებით არ გამჟღავნდება და არ გადაეცემა მესამე პირებს, სს ”მედიაფონის” მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე, ნომრის პორტაბელურობის ბიზნესის წარმოების სრული პერიოდის განმავლობაში.

         კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ იურისტმა ირაკლი ჟღენტმა აღნიშნა, რომ იგი არ არის სს „მედიაფონის“ წარმომადგენელი, არ იცნობს კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტებს და შესაბამისად, ვერ გააკეთებს განმარტებას.

         კომისია აღნიშნავს, რომ სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალურად ცნობის თაობაზე საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბეს შპს „ჯეოსელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენლებმა, კერძოდ, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ ინფორმაციის წარმოდგენა იყო შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ვალდებულება და შესაბამისად, ინფორმაცია უნდა წარმოედგინა არა სს „მედიაფონს“, არამედ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“, შესაბამისად, მისი აზრით ადმინისტრაციულ წარმოებაში სუბიექტი უნდა იყოს არა სს „მედიაფონი“, არამედ შპს „მედიაპრო ჯორჯია“. რაც შეეხება დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას, ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტაცია არ უნდა იყოს ცნობილი კონფიდენციალურად, ვინაიდან სწორედ დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე უნდა დადგინდეს რამდენად არის ხარჯზე ორიენტირებული შპს „მედიაპრო ჯორაჯიას“ მიერ პორტაბელურობის პროცესთან დაკავშირებით ავტორიზებული პირებისთვის დადგენილი ტარიფი.

          კომისიის სხდომაზე „ახალი ქსელების“ და შპს ”ახტელის” წარმომადგენელმა ხათუნა ინჯიამ განაცხადა, რომ სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ უნდა იქნეს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან ერთ–ერთი ძირითადი ვალდებულება, რაც დაკისრებული აქვს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ არის ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენა ავტორიზებული პირებისთვის. ხათუნა ინჯიას განმარტებით, ხარჯის გაანგარიშება შეუძლებელია იმგვარად, რომ არ დადგინდეს რა ხარჯები აქვს კომპანიას, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციია კომერციულ სადუმლოებად ცნობის თაობაზე, საიდუმლო გახდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად აქვს რეალური ხარჯი შპს „მედიაპრო ჯორჯიას“. ხათუნა ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობის საკითხს კომისია იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, კი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მიმართოს კომისიას და გამოითხოვოს ყველა ის ინფორმაცია, დოკუმენტი და კვლევის მასალა, რაც წარდგენილ და გამოკვლეულ იქნა კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ხათუნა ინჯიამ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია, სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი რომელიმე კონკრეტული ხელშეკრულების გარკვეული პირობები მართლაც შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას, თუ ინფორმაციის წარმომდგენი პირი გამოყოფს ამ ინფორმაციას, თუმცა, მისი აზრით, მთლიანად ეს დოკუმენტაცია არ უნდა იყოს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად. 

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2014 წლის 14 მარტის №127/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10  მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევისა და ანალიზის მიზნით;

2. აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10  მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლის მიზნით, კომისიის მიერ გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია შპს „მედიაპრო ჯორჯიასგან“ (წერილი №08/609-14,  24.03.2014);

3. კომისიის მიერ შპს „მედიაპრო ჯორჯიასგან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, არასრული სახით, კომისიაში წარმოდგენილ იქნა სს „მედიაფონის“ მიერ, რომელიც წარმოადგენს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და 51%-იანი წილის მფლობელს და რომელიც კომისიისგან ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას;

კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილ იქნა სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნული შესწავლის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „მედიაფონის“ მოთხოვნა წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სს „მედიაფონის“ მიერ (რომელიც ერთი მხრივ წარმოადგენს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დამფუძნებელს, ხოლო მეორე მხრივ პორტირებასთან დაკავშირებით მომსახურებას უწევს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“) კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადინისტაციული კოდექსის 272 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლის შესაბამისადაც,  კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

2. სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ინფორმაციას საქართველოში სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის განხორციელების პროცესში ჩართული სუბიექტების შესახებ, კერძოდ, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით სს „მედიაფონისა“ და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიების შორის ინვოისები, სს ”მედიაფონის” მიერ გაცემული ცნობების  (ჯამური ხელფასის, მოწყობილობების ცვეთის, მივლინების და ა.შ. შესახებ),  ამავე დროს სს“ მედიაფონსა“ და ”Systor”-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შესახებ   

კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული სუბიექტების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სუბიექტების საფირმო სახელწოდებები, მისამართები), ისევე როგორც ინვოისების გამოწერის თარიღები და მათზე ხელმომწერი პირების ვინაობა, ინვოისში მითითებული თანხა, არ წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რისმა გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სს „მედიაფონის“ კონკურენტუნარიანობას, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოში პორტირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებთან, რაც საბოლოო ასახვას სწორედ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული პორტირების მომსახურების ტარიფში ჰპოვებს. კომისია აქვე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ინვოისების ნაწილი, მათში აღნიშნული მხარეების ხელმოწერით არ არის დადასტურებული. რაც შეეხება პორტირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით სს „მედიაფონის“ მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელ ფინანსურ დოკუმენტაციას, გასათვალისწინებელია, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიასგან“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვა განპირობებული იყო იმით, რომ კომისიას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ემსჯელა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ პორტირების პორცესის განხორციელებასთან დაკავშირებით ავტორიზებული პირებისთვის დადგენილი ტარიფები რამდენად არის ხარჯებზე ორიენტირებული, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სს „მედიაფონი“ საქართველოში პორტირების განხორციელებასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“, მის მიერ ამ პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციები, მათ შორის ქვეკონტრაქტორებისთვის გადახდილი თანხები, აგრეთვე სს ”მედიაფონის” სხვა ხარჯები (ხელფასი, მოწყობილობების ცვეთის, ოფისის, კომუნალური, პარკინგის, მივლინების და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები) უშუალო კავშირშია შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ავტორიზებული პირებისთვის დადგენილი ტარიფის ხარჯებზე ორიენტირებულობის საკითხის გამოკვლევასთან, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ იმ ინფორმაციის გასაიდუმლოება, რომლის საფუძველზეც კომისიამ 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა იმსჯელოს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ტარიფის ხარჯებზე ორიენტირებულობაზე, მოკლებული იქნება სამართლებრივ საფუძველს. 

რაც შეეხება სს“ მედიაფონსა“ და  ”Systor”-ს  შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შესახებ („agreement for the maintenance and servicing of equipment and software“ 32 ფურცელი), რომელიც ასევე არის იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალში, რომლის კომერციულ საიდუმლოდ ცნობასაც ითხოვს სს „მედიაფონი“, ხელშეკრულების 2.5. მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია, რომ კონფიდენციალობის მოთხოვნის ვალდებულება არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის გამჟღავნებას, თუ მისი გამჟღავნება მოთხოვნილია კანონის ან ევროპის კავშირის რეგულაციების შესაბამისად.

                სს „მედიაფონისა“ და ”Systor”-ის ურთიერთობების ამსახველ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ თავად ის ფაქტი, რომ საქართველოში პორტირების პროცესის მომსახურების განსახორციელებლად შპს „მედიაპრო ჯორჯია“ იყენებს   ”Systor”-ის სალიცენზიო და პროგრამულ უზრუნველყოფას, საჯაროდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს, რამაც თავის მხრივ ასახვა ჰპოვა „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N412/10 გადაწყვეტილებაზე თანდართულ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი საკონკურსო საბჭოს დასკვნაში, როდესაც შპს „მედიაპრო ჯორჯია“ გამოცხადდა გამარჯვებულად  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც საკონკურსო საბჭოს დასკვნა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის პორტირების პროცესის განხორციელების ტექნიკური სპეციფიკაცია) წარმოადგენს საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას. ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ”Systor”-თან ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტაცია არ შეიცავს სამუშაო პროცესის ტექნიკურ აღწერას და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ მესამე პირის მიერ კომერციული თვალსაზრისით შესაძლო გამოსაყენებელ ინფორმაციას. 

რაც შეეხება ინფორმაციის გამჟღავნების გამო სს „მედიაფონის“ კონკურენტურნარიანობისთვის ზიანის მიყენების საკითხს, კომისია განმარტავს, რომ შპს ”მედიაპრო ჯორჯია”, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელსაც წარმოადგენს სს ”მედიაფონი”, არის საქართველოში პორტირების მომსახურების განმახორციელებელი ერთადერთი კომპანია, რომელთანაც, კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N412/10 გადაწვყეტილებისა და 2010 წლის პირველი ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად, კომისიას გაფორმებული აქვს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების ხელშეკრულება 10 წლის ვადით. შესაბამისად, პორტირების მომსახურების განხორციელების პროცესში მას კონკურენტი საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰყავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიად დატოვება ვერ მიაყენებს ზიანს საქართველოში პორტირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით სს „მედიაფონის“ კონკურენტუნარიანობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ დასტურდება სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს სს „მედიაფონის“ განცხადება წარმოდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალურად ცნობის თაობაზე და დოკუმენტაცია ცნობილ უნდა იქნას ღიად.

კომისია დამატებით განმარტავს, რომ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გახდება ღია კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ სს „მედიაფონის“ მიერ ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ იქნება გასაჩივრებული კომისიის გადაწყვეტილება ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რის თაობაზეც სს „მედიაფონმა“  დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 53-ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს სს ”მედიაფონის” განცხადება (N8/112-14, 29.05.2014წ.) კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

2. სს „მედიაფონის“  მიერ 2014 წლის 29 მაისს წარმოდგენილი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის №8/113-14)  ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სს „მედიაფონმა“ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყონებლივ უნდა აცნობოს კომისიას;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „მედიაფონისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 15 დღის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის წევრს კახი ბექაურს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                აკაკი სიხარულიძე   

კომისიის წევრი                                                                                                ირაკლი მოსეშვილი       

კომისიის წევრი                                                               კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები