წვდომის მენიუ

შპს ”რადიო უცნობის“ კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 320 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2014 17:48

მიღების თარიღი ივნისი 13, 2014

 

შპს ”რადიო უცნობის“ კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/218-14, 30.05.2014წ.) მიმართა შპს ”რადიო უცნობმა“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო უცნობი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიას 2014 წლის 23 ივლისამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2004 წლის 23 ივლისის №364/1 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  საერთო  რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 98.1 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი, ანტენის განთ. ადგილი: თბილისის ანძა, გეოგრაფ.კოორდინატები: 44E47; 41N41, ანტენის სიმაღლე 100მ, მაუწყებლობის საშ.რად. 25 კმ;

დ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობა 24 საათი;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”რადიო უცნობის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”რადიო უცნობის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული არ აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”რადიო უცნობს“ უნდა მიეცეს ვადა, რათა ზეპირი მოსმენის სხდომამდე კომისიაში წარმოადგინოს სალიცენზიო მოსაკრებლის – 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №10/866-14, 06.06.14), რომელმაც შპს ”რადიო უცნობის“ კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10692.00 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო უცნობის“ კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 17 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს ”რადიო უცნობმა“ სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა 2014 წლის 17 ივლისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რადიო უცნობისთვის“  გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                     აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                     კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები