წვდომის მენიუ

შპს „ტვ-სახელოსნო მაესტროსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 333 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2014 18:10

მიღების თარიღი ივნისი 26, 2014

შპს „ტვ-სახელოსნო მაესტროსთვის“ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 19 მაისის №263/10-1 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ტვ-სახელოსნო მაესტრო“. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ტვ-სახელოსნო მაესტროს“  განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის  - 8,100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარის 20%–ს - 1620.00 (ერთი ათას ექვსასოცი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 19 მაისის №263/10-1 გადაწყვეტილება შპს „ტვ-სახელოსნო მაესტროს“ ჩაბარდა 2014 წლის 3 ივნისს. შპს „ტვ-სახელოსნო მაესტროს“ მიერ 2014 წლის 5 ივნისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 1620.00 (ერთი ათას ექვსასოცი და 00) ლარი და კომისიაში წარმოდგენილ იქნა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი 2014 წლის 17 ივნისს (კომისიაში რეგისტრაციის №7/239-14).

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლებისა და კომისიის 2014 წლის 19 მაისის №263/10-1 გადაწყვეტილების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „ტვ-სახელოსნო მაესტროს“ კერძო  მაუწყებლობის №B167 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 26 ივნისამდე;

დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემ. სიმძლ.

(ვტ)

გეოგრაფ. კოორდინატ.

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

1.

ქ. ბათუმი

90,9

FM

V

წრიული

500

41°41 38" N 41°42 55” E

20

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს - 12 საათი;

3. შპს „ტვ-სახელოსნო მაესტრო“  ვალდებულია:

ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. უზრუნველყოს შპს „ტვ-სახელოსნო მაესტრომ“ სალიცენზიო გადასახდელის  დარჩენილი 70%-ის ანუ 5,670.00 (ხუთი ათას ექვსასსამოცდაათი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

472.50 ლარი – 2014 წლის 26 ივლისამდე;

472.50 ლარი – 2014 წლის 26 აგვისტომდე;

472.50 ლარი – 2014 წლის 26 სექტემბრამდე;

472.50 ლარი – 2014 წლის 26 ოქტომბრამდე;

472.50 ლარი – 2014 წლის 26 ნოემბრამდე;

472.50 ლარი - 2014 წლის 26 დეკემბრამდე;

472.50 ლარი – 2015 წლის 26 იანვრამდე;

472.50 ლარი – 2015 წლის 26 თებერვლამდე;

472.50 ლარი – 2015 წლის 26 მარტამდე;

472.50 ლარი – 2015 წლის 26 აპრილამდე;

472.50 ლარი – 2015 წლის 26 მაისამდე;

472.50 ლარი – 2015 წლის 26 ივნისამდე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ-სახელოსნო მაესტროსთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში              (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის                                      შპს „ტვ-სახელოსნო მაესტროსთვის“ ჩაბარებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე), მე–2, მე-3 და მე–4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                          სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                          კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები