წვდომის მენიუ

შპს ”ძველი ქალაქის“ მაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 339 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2014 18:14

მიღების თარიღი ივნისი 26, 2014

 

შპს ”ძველი ქალაქის“ მაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/244-14, 19.06.2014წ.) მიმართა შპს ”ძველმა ქალაქმა“ კუთვნილი მაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ძველი ქალაქი“ ფლობს მაუწყებლობის №B71 ლიცენზიას 2014 წლის 3 აგვისტომდე, კომისიის 2004 წლის 3 სექტემბრის №444/6 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საერთო რადიომაუწყებლობა;

რადიომაუწყებლობა 107,9 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”ძველი ქალაქის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”ძველი ქალაქის“ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №10/966-14, 23.06.14), რომელმაც შპს ”ძველი ქალაქის“ მაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა –  5,670.00 ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა  შპს ”ძველი ქალაქის“ მაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს ”ძველი ქალაქის“ კუთვნილი მაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირებაც, რათა ლიცენზიის სახე მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ძველი ქალაქის“ მაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 24 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ძველი ქალაქისთვის“ გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                          სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                          კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები