წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობების შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 340 / 8

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2014 17:39

მიღების თარიღი ივნისი 26, 2014

 

რადიოსიხშირული  სპექტრის მონიტორინგის  სისტემის პროგრამული უზრუნველყოფისა

და მოწყობილობების შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ                                 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  დ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით; სიხშირეების მინიჭება;  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ამოწურვადი რესურსების მართვა, მათი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა და გაუქმება. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას  არეგულირებს კომისია.

საქართველოში რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ინტენსივობის მაღალი დონისა და სიხშირული სპექტრის გარკვეულ ზოლებში რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ქვეყანაში მზარდი მოთხოვნილების (როგორიცაა ციფრული მაუწყებლობა, მობილური კავშირგაბმულობის მე-4 გენერაციის სისტემები და სხვა) გათვალისწინებით, კომისიის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების განხორციელებისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ქვეყანაში სიხშირული სპექტრის მონიტორინგის თანამედროვე სისტემის პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობების შეძენა.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დ), ე) და ვ) ქვეპუნქტებისა და მე-8 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გამოცხადდეს ტენდერი რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობების შესაძენად;

2.    დამტკიცდეს შესყიდვის ობიექტები: რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და ერთი მობილური სადგური;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) შესყიდვის ობიექტის აღჭურვილობის (ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები) და აღწერილობის, როგორც მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები შესყიდვის ობიექტისადმი, დაზუსტება 2014 წლის 7 ივლისამდე;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე) შესყიდვის ობიექტების დაზუსტებული ღირებულების დადგენა 2014 წლის 14 ივლისამდე;

5.  დაევალოს სატენდერო კომისიას (ს. ბრიტანჩუკი) კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის (ს. შავგულიძე) მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე (წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში) ელექტრონული ტენდერის გამოცხადების მიზნით სატენდერო განცხადების შემუშავება ქართულ და ინგლისურ ენაზე;

6.   ტენდერის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო კომისიის სხდომებზე დამკვირვებლებად მოიწვევიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები;

7.  სატენდერო კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღად განისაზღვროს  2014 წლის 24 ივლისი 12:00;

8.   ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 28 ივლისი 12:00;

9.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ. სულუხია) კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტთან (ი.აბულაძე) შეთანხმებით შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ცვლილებების ასახვა კომისიის შესყიდვის წლიურ გეგმაში;

10.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ა.ყანჩაველი) აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე დაუყონებლივ გამოქვეყნება;

11. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილს) აღნიშნული გადაწყვეტილების საინფორმაციო უზრუნველყოფა;

12.  გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებ გვერდზე  გამოქვეყნებისთანავე;

13.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                    ვ. აბაშიძე                            

კომისიის წევრი                                                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                     კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                     ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები