წვდომის მენიუ

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 344 / 12

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2014 16:53

მიღების თარიღი ივნისი 27, 2014

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

შპს ,,კავკასიიის ციფრულმა ქსელმა“ 2014 წლის 01 მაისს N6/2595-14 განცხადებით მომართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) და მოითხოვა კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა. აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს შემდეგს: ,,არ დაკმაყოფილდეს შპს  ,,კავკასიის ციფრული  ქსელის“ მოთხოვნა სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის“ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩასადებად ნებართვის გაცემის დაკისრების თაობაზე“; მოთხოვნილი მიმართულებები : ა) ი. აბაშიძის ქ. №10 - ფალიაშვილის ქ.№17; ბ) ასს 22-დან ფალიაშვილის 17; გ) მ. თამარაშვილის ქ.№ 13 - ალ. ყაზბეგის გამზ. №34; დ) მ.თამარაშვილის ქ. №13 - ალ. ყაზბეგის გამზ. №24.

განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

1.       კომისიამ განიხილა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ აღძრული დავა, რომლის ფარგლებშიც შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ აღძრული დავა, რომლის ფარგლებშიც შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი“ ითხოვდა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას დაკისრებოდა კაბელის ჩადებაზე ტექნიკური პირობების გაცემის ვალდებულება და 2007 წლის 29 ივნისს მიიღო N360/16 გადაწყვეტილება;

2.       კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ შპს  ,,კავკასიის ციფრული  ქსელები“ ითხოვს სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” კაბელის ჩადებაზე ტექნიკური პირობების გაცემას  ახალ მიმართულებებზე“;

3.       ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტავიციო ნაწილში ასევე აღნიშნულია, რომ ,,შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს კომისიამ დაავალოს სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ გასცეს ნებართვა მის მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩასადებად;

4.       კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ,,არ დაკმაყოფილდეს შპს  ,,კავკასიის ციფრული  ქსელების“ მოთხოვნა სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის“ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩასადებად ნებართვის გაცემის დაკისრების თაობაზე“;

5.       კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, როგორც ეს აღნიშნულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ბოლოს, კერძოდ: ,, შემოწმდა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა და გამოარკვია, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებებით სს  ,,საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ ტექნიკური პირობა არ გააჩნია“;

6.       კომისიის ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ საკაბელო შახტებთან დაშვების შეზღუდვამ და შემდგომ პერიოდში გამძაფრებულმა არაკონკურენტულმა გარემომ შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“ შეუქმნა მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები და კომპანია ფაქტობრივად მიიყვანა გადახდისუუნარობის ზღვარზე. ამასთან დაკავშირებით, 2012 წლის 03 ოქტომბერს კომპანიის პარტნიორთა კრებამ დაავალა კომპანიის დირექტორს: ა) დეტალურად გამოეკვლია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების მიზეზები: ბ) გაეანალიზებინა გადახდისუუნარობი საქმისწარმოების დაწყების გეგმა;

7.       2013 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო გადახდისუუნარობის საქმისწარმოება, ხოლო 2013 წლის 01 ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიწყო შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ რეაბილიტაციის პროცედურები;

8.       რაც შეეხება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებს, კომპანიის მენეჯმენტმა დაიწყო მიზეზების კვლევა ორი მიმართულებით:

ა) სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ საკაბელო შახტებთან დასვების შეზღუდვის გამო ქსელის გაფართოების შეფერხება;                           

ბ) არაკონკურენტული გარემოს გამო მსხვილი აბონენტების დაკარგვა;

9.       არაკონკურენტული გარემოს გამო მსხვილი აბონენტების დაკარგვასთან დაკავშირებით, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ ინიციატივით, კომისიამ 2013 წლის 21 ივნისის N407/22 გადაწყვეტილებით - შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელსა“ და შპს ,,ჯეოსელს“, შპს ,,მაგთიკომს“ და შპს ,,მობიტელს“ შორის კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და კომისიის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანო ნის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე - დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება;

10.    რაც შეეხება საკაბელო შახტებთან დაშვების შეზღუდვას, შპს ,,კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ 2012 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო მიმოწერა კომისიასთან, რათა დაეზუსტებინა რის საფუძველზე გააკეთა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა ზემოაღნიშნული დასკვნა, რომ ,,ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებებით სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ტექნიკური პირობა არ გააჩნია“.

11.    კომისიასთან აღნიშნული მიმოწერის შედეგად გაირკვა, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს კომისიისათვის არ წარუდგენია საკაბელო შახტების შემოწმების წერილობითი დასკვნა და კომისიის 2013 წლის 20 მარტის N01/5673 წერილის თანახმად: ,,სავარაუდოდ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მონიტორინგის დეპარტამენტის ზეპირი განმარტება“;

12.    მონიტორინგის დეპარტამენტის წერილობითი დასკვნის არარსებობის ფაქტი იყო ახლადგამოვლენილი ფაქტი, რომელმაც საფუძვლიანი ეჭვები გააჩინა საკაბელო შახტების შემოწმების რეალობის შესახებ. გარდა ამისა, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ ხელში აღმოჩნდა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენლის უჩა სეთურის 2007 წლის 20 ივნისის ელექტრონული წერილი კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტისადმი, სადაც აშკარად ჩანს, რომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების ტექნიკური პირობები არსებობდა; მეტიც, ეს ტექნიკური პირობები სრულად არის ჩამოყალიბებული უჩა სეთურის წერილში;

13.    უჩა სეთურის წერილი ადასტურებს, რომ კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტმა დავის განხილვისას დაფარა ინფორმაცია შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე ტექნიკური პირობების არსებობის შესახებ.

14.    შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებაში განმარტებულია: ა) ,,სატელეფონო კანალიზაცია (ან როგორც ხშირად უწოდებენ - ,,საკაბელო შახტები“) არის ჭებისა და მათი დამაკავშირებელი მიწისქვეშა მილების (არხების) ერთობლიობა, რომლებშიც გატარებულია კავშირგაბმულობის კებელები; ბ) ტექნიკური პირობა წარმოადგენს იმ პირობების ერტობლიობას, რომელიც სატელეფონო კანალიზაციაში კაბელის ჩადების მსურველმა ოპერატორმა უნდა დააკმაყოფილოს იმ მიზნით, რომ კანალიზაციაში ჩადებული კაბელი ტექნიკური თვალსაზრისით (არხში გატარების შესაზლებლობა, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა და სხვ.) აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს.“

15.    შესაბამისად, უჩა სეთურის წერილი სწორედ რომ წარმოადგენს ტექნიკურ პირობებს შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩასადებად. აღნიშნული ფაქტი კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა  არ წარუდგინა კომისიას. ამასთან, მოთხოვნილ მიმართულებებზე ტექნიკური პირობების გაცემის შესაძლებლობა ასევე დასტურდება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნით 2009 წლის ივლისში ლევან სამახრაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ კომისიის 2007 წლის N360/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, კომისიის მიერ მიღებული იქნა მცდარ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რამაც გამოიწვია კანალიზაციასთან დაშვების უკანონო შეზღუდვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 19-ე და 34-ე მუხლების დარღვევით.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებაში მითითებულია შემდეგი სამართლებრივი საფუძვლები:

1.    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  მე-5 მუხლით განმტკიცებულია ე. წ. ,,კანონიერების პრინციპი“, რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება“;

2.    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად:

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;

2.  დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;

3.    კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების (2007 წლის ივნისში მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის ა) პუნქტით, განსაზღვრული იყო კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები, მათ შორის უფლებამოსილება განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილებებისა და სალიცენზიო პირობების განხორციელების მონიტორინგი და შემოწმება, შეადგინოს შემოწმების აქტები და ადმ/ სამართალდარრვევის ოქმები;

4.    კონკრეტულ შემთხვევაში უთუოდ დასტურდება, რომ მონიტორინგის დეპარტამენტს შემოწმება დადგენილი წესით არ გაუხორციელებია და არ შეუდგენია შემოწმების აქტი შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე ტექნიკური პირობებს გაცემის შესაძლებლობის შესახებ. უფრო მეტიც, ასევე დასტურდება, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის ზეპირი განმარტებების საწინააღმდეგოდ, სადავო მიმართულებებზე არსებობდა ტექნიკური პირობების გაცემის შესაძლებლობა და ამის შესახებ მონიტორინგის დეპარტამენტი ინფორმირებული იყო;

5.    ამგვარად, საქმის გარემოებების არასრული და არასწორი გამოკვლევის გამო, კომისიამ სადავო საკითხზე გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას ,,კანონიერების“ პრინციპის დაცვით.

6.    განმცხადებელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 2014 წლის პირველი მაისის N3103 (კომისიაში რეგისტრაციის N6/2595-14) განცხადების საფუძველზე,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადების განხილვის მიზნით; საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 30 მაისს 16:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს“ (როგორც სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ სამართალმემკვიდრესა და შესაბამისად დაინტერესებულ პირს), ეცნობათ შეტყობინებით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2014 წლის 30 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე და სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელი მიხეილ ჭიღლაძე.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დავით თუთბერიძემ გამოაქვეყნა მისი განცხადება სრულად და განაცხადა, რომ მისთვის აღნიშნული საკითხის შესწავლა კომისიის მიერ მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შპს ,,კავკასიის ციფრულმა  ქსელმა“ სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ სასამართლოს სამივე ინსტანციაში წააგო ფინანსური დავა, სადაც როგორც პირველ, ისე მეორე ინსტანციაში (მესამემ არც განიხილა) განჩინებას საფუძვლად დაედო კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი“ იძულებული გახდა მიბრუნებოდა წინა პერიოდს. მისი განმარტებით, შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ უსამართლოდ წააგო ფინანსური დავა „გაერთიანებულ ტელეკომთან“. სამართლიანობის აღდგენისათვის, მის კომპანიას ესაჭიროება ამ ერთადერთი დოკუმენტის - კომისიის გადაწყვეტილების ბათილობა. ბატონმა დავით თუთბერიძემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის ბათილობა შესაძლოა გახდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, როგორც სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის“, ისე კომისიისათვის. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორის განმარტებით, მის მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და არა და სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის“ კანალიზაციაში შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ კაბელის  ჩადების დავალდებულება.

სს ,,გაერთაინებული ტელეკომის“ წარმომადგენელი მიხეილ ჭიღლაძე არ დაეთანხმა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადებას და განაცხადა, რომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან სადაო ადმინისტრაციული აქტი, კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში არ გასაჩივრებულა. სს ,,გაერთაინებული ტელეკომის“ წარმომადგენელმა ერთთვიან ვადასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლზე, სადაც საუბარია ადმინისტრაციული საჩივრით ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ხანდაზმულობის ვადა უნდა იქნას გამოყენებული ანალოგიის წესით.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორის დავით თუთბერიძისა და სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის მიხეილ ჭიღლაძის ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე საკითხის განხილვა გადადებულ იქნა 2014 წლის 12 ივნისისათვის.

კომისიის 2014 წლის 12 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე და სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელი მიხეილ ჭიღლაძე.

2014 წლის 12 ივნისის კომისიის სხდომაზე, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დავით თუთბერიძემ განაცხადა, რომ  გარემოებები, რომლის გამო ადმინისტრაციული აქტი უნდა იქნას ცნობილი ბათილად ჩამოყალიბებულია განცხადებაში და დაზუსტებულ იქნა წინა სხდომაზე. მისი განცხადებით, მოთხოვნის ძირითადი საფუძველი არის შემდეგი: კომისიის მიერ საკითხის შესწავლა დაევალა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომლის მიერ არ იქნა ეს საკითხი შესაბამისად შესწავლილი და ამის საუძველზე კომისიის გადაწყვეტილება მიღებული იქნა  კანონდარღვევით. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დავით თუთბერიძის განმარტებით 2007 წლის ივნისში, საკითხის განხილვის დროს,  შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი“ ითხოვდა ტექნიკური პირობის გაცემას ახალ მიმართულებებზე კაბელის ჩასადებად, რაც აღნიშნულია განცხადებაშიც, ოქმშიც და გადაწყვეტილებაშიც, შემდგომ აღნიშნული მოთხოვნა გაიზარდა და შპს ,,კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ მოითხოვა არამარტო ტექნიკური პირობა, არამედ ნებართვაც კაბელის ჩასადებად. დავით თუთბერიძის განცხადებით, კომისიამ დაავალა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომ შემოწმებული ყოფილიყო, არსებობდა თუ არა მოთხოვნის საფუძველი, ტექნიკური შესაძლებლობები, სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის“ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ მიწერილი 17 წერილის მიუხედავად, რატომ არ გასცემდა ტექნიკურ პირობას სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“; კომპანიის დირექტორმა დავით თუთბერიძემ ასევე განაცხადა, რომ იმ დროისათვის ორი მიმართულებით მიდიოდა მუშაობა, მეორე საკითხზე კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა კონკრეტული აბონენტების სააბონენტო ხაზის ტექნიკური პარამეტრები, DSL ტექნოლოგიით შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის თვალსაზრისით და აღნიშნულ ნაწილში მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მისი განცხადებით, კომისიასთან გარკვეული მიმოწერის შედეგად აღმოაჩინა, რომ სავარაუდოდ დეპარტამენტის ზეპირი განმარტების საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რაც შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაჩნია კანონდარღვევად.  ასევე არ არის წარმოდგენილი კომისიის წერილობითი დასკვნა,  რაიმე შემოწმების ან დათვალიერების აქტი. როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტმა დავალება მიიღო შემოწმების თაობაზე, მას უნდა შეემოწმებინა „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ საკაბელო შახტების მდგომარეობა. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორის დავით თუთბერიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რა შეამოწმა მონიტორინგის დეპარტამენტმა, ვინაიდან მონიტორინგის დეპარტამენტმა კომისიის სხდომაზე მხოლოდ ზეპირი განცხადება გააკეთა. გარდა აღნიშნულისა, კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შედარებისას ნათლად ჩანს, რომ ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს სხვა ავტორიზებული პირის თავისუფალ ელემენტებთან დაშვება, ხოლო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ზოგადად ვალდებულია დაშვება უზრუნველყოს და თუ ამის საშუალება არ აქვს, უზრუნველყოს ამ საშუალებების შექმნა. შპს ,,კავკასიის ციფრული  ქსელის“ დირექტორმა გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებებზე, რომ 2007 წელს საკითხის განხილვის დროს მისთვის არ გამხდარა ცნობილი სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენლის უჩა სეთურის ელექტრონული წერილის შინაარსი, რომელიც მიწერილი იყო მაშინდელი მონიტორინგის სამსახურისათვის და სადაც საუბარია იმ მიმართულებებზე საკანალიზაციო არხების მდგომარეობაზე, სადაც შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი“ ითხოვდა კაბელის ჩადებას. დავით თუთბერიძემ ასევე ეჭვქვეშ დააყენა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმების ჩატარების ფაქტი, ვინაიდან არ იქნა შედგენილი შემოწმების აქტი და კომისიაში არ არის დაცული წერილობითი დასკვნა აღნიშნულ შემოწმებასთან დაკავშირებით.

         კომისიის 2014 წლის 12 ივნისის სხდომაზე,  2007 წლის ივნისში შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ შორის განხილული დავის დროს ჩატარებულ შემოწმებასთან დაკავშირებით, კომისიამ მოისმინა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ციალა უჯმაჯურიძის განმარტებები, რომელიც 2007 წელს მუშაობდა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტში. ციალა უჯმაჯურიძის განცხადებით, შემოწმება ნამდვილად ჩატარდა. კომისიის სხდომაზე შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ ითხოვდა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ თავისუფალ არხებთან დაშვებას. რადგანაც სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ აცხადებდა, რომ არ იყო ამის საშუალება, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მიერ მოთხოვნილი იქნა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენლის უჩა სეთურისაგან ტექნიკური პირობის გამოგზავნა, იმასთან დაკავშირებით, თუ სად არ იყო თავისუფალ არხებთან დაშვების საშუალება, რასაც ადასტურებს მოთხოვნის საფუძველზე უჩა სეთურის მიერ 2007 წლის 20 ივნისს გამოგზავნილი ელექტრონული წერილი. ციალა უჯმაჯურიძის განმარტებით სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენელსა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს მიხეილ გოთოშიასთან ერთად იმყოფებოდა შემოწმებაზე, რათა შეემოწმებინათ A წერტილიდან B წერტილამდე მოთხოვნილ მიმართულებებზე იყო თუ არა კაბელის ჩადების საშუალება. მისი განმარტებით, მათ დაევალათ შეემოწმებინათ ჰქონდა თუ არა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ საშუალება თავისუფალ რესურსზე დაეშვა შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“. ციალა უჯმაჯურიძის განმარტებით, მათ ეს შეამოწმეს, რაც განმარტეს კომისიის სხდომაზე, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ იმ მომენტისთვის, იმ კონკრეტულ მისამართებზე არ ჰქონდა თავისუფალ რესურსზე დაშვების საშუალება. ციალა უჯმაჯურიძემ ასევე განმარტა, რომ მის დეპარტამენტს იმ სხდომაზე სხვა საკითხის შემოწმებაც ჰქონდა დავალებული, რომელზედაც ასევე ჩატარდა შემოწმება. ციალა უჯმაჯურიძემ დაადასტურა ის გარემოება, რომ შემოწმების აქტი შემოწმებასთან დაკავშირებით შედგენილი არ ყოფილა, თუმცა შემოწმების შედეგების შესახებ კომისიას წერილობით მოახსენეს თუ მხოლოდ ზეპირად ვერ გაიხსენა; მისი განმარტებით ჰქონდათ წერილობითი დასკვნის წარმოდგენის პრაქტიკა, თუმცა შესაძლო იყო კომისიისათვის ზეპირადაც მოეხსენებინათ დეპარტამენტის დასკვნა. მით უფრო, რომ კომისიას დამატებითი შემოწმება არ დაუვალებია და არც ბატონ დავით თუთბერიძეს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია. ციალა უჯმაჯურიძის განცხადებით, მათ შესაძლოა მათემატიკური გაანგარიშებაც გააკეთეს შემოწმების დროს, მაგრამ შემოწმების შედეგები ზეპირად მოახსენეს კომისიას - რომ მოთხოვნილ მიმართულებებზე არ იყო კაბელის ჩადების საშუალება; ციალა უჯმაჯურიძემ ასევე განმარტა, რომ შემოწმების აქტს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტი იმ შემთხვევაში ადგენდა, თუ აღმოაჩენდა, რომ არსებობდა კაბელის ჩადების საშუალება და ოპერატორი  არ აძლევდა ამის უფლებას მსურველ კომპანიას, ანუ, თუ აღმოჩნდებოდა დარღვევის ფაქტი, შედგებოდა შემოწმების აქტი და გადაეცემოდა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისათვის; მისი განცხადებით, უჩა სეთურის ელექტრონული წერილი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ კონკრეტულ მისამართზე 100%-ით გადატვირთული იყო არხები და არ შეიძლებოდა კაბელის ჩადება, რაც შემოწმდა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ და დადასტურდა, რომ თავისუფალი რესურსი არ არსებობდა.

         კომისიის 2014 წლის 12 ივნისის სხდომაზე, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა ბატონმა დავით თუთბერიძემ, იურიდიულ ნიუანსებში გარკვევის მიზნით, იშუამდგომლა კომისიის წინაშე საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით; კომისიამ დააკმაყოფილა განცხადების ავტორის შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2014 წლის 27 ივნისისათვის.

კომისიის 2014 წლის 27 ივნისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე და სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელი მიხეილ ჭიღლაძე.

         კომისიის 2014 წლის სხდომაზე დავით თუთბერიძემ განაცხადა, რომ იგი გაეცნო კომისიის 2007 წლის 17 აპრილის N191/9 გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისად სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ დაეკისრა ვალდებულება დაუშვას მსურველი ოპერატორი საკაბელო შახტებთან თუ აქვს მას რესურსი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ აქვს თავისუფალი რესურსი, ვალდებულია მომთხოვნ ოპერატორს შესთავაზოს კაბელის ჩადების ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი. დავით თუთბერიძის განმარტებით, სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნაზე ან უნდა მიეცა კაბელის ჩადების ნებართვა, ან  მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადებასთან დაკაშირებით დამატებითი ტექნიკური პირობები უნდა შეეთავაზებინა. დავით თუთბერიძის განმარტებით, როდესაც სს ,,საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“,  მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, ეს არ გააკეთა, კომისიამ დამატებით საკითხის შესწავლა და შემოწმება დაავალა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს. მან ასევე განაცხადა, რომ საკითხის განხილვის პროცესში, მანამდე თუ მის შემდეგ, ეს მისთვის უცნობია, სს ,,საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ მოთხოვნილი მიმართულებებიდან ორ მიმართულებაზე წარმოადგინა კაბელის ჩადების პირობები, რაზედაც იყო საუბარი წინა სხდომებზე (უჩა სეთურის ელ. წერილი), ხოლო დანარჩენ ორ მიმართულებაზე მსგავსი არ წარმოუდგენია. დავით თუთბერიძის განმარტებით, ყოველივე ამის მიუხედავად, არც ის იქნა გამოკვლეული დანარჩენ ორ მიმართულებაზე რატომ არ წარმოადგინა კომპანიამ დამატებითი პირობები, ხოლო ის, რაც წარმოადგინა, კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რატომ იყო კომისიისთვის უცნობი. დავით თუთბერიძის განცხადებით, კომისიისათვის ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი დამატებითი პირობები ცნობილი რომ ყოფილიყო, კომისია სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა და შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

1.    შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 01.05.2014  N6/2595-14 განცხადება;

2.    შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 03.10.2012 პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც გაიმართა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მომხსენებელი გახლდათ კომპანიის დირექტორი დავით თუთბერიძე, რომელმაც კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიზეზად დაასახელა მობილური ოპერატორების მიერ კომისიის 04.04.2008 N189/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და ის ფაქტი, რომ გაერთიანებული ტელეკომი უკანონოდ უზღუდავს კომპანიას ოპტიკური კაბელის ჩადების მიზნით შახტებთან დაშვებას, რის გამოც აუთვისებელი დარჩა ქალაქის მთელი რიგი აქტიური რაიონები. კომპანიის დირექტორს მიაჩნია, რომ მოთხოვნილ უნდა იქნას კომპენსაცია იმ ზარალის სანაცვლოდ, რომელიც დიდმა კომპანიებმა მიაყენეს შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“;

3.    თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.05.2013 განჩინება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით;

4.    თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინება 30.09.2013 რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე;

5.    კომისიის 29.07.2013 N01/1587-13 წერილი, რომლის თანახმად, შპს ,,კავკასიიის ციფრულ ქსელს“ გადაეცა  მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია - გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის წარმოების მასალები;

6.    შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 15.05.2007 N6/476-07 წერილი კომისიას გაერთიანებულ ტელეკომთან დავის განახლების თაობაზე;

7.    შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 17.10.2006 N1142 განცხადება დავის განხილვაზე;

8.    ხელშეკრულება სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ დ შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს შორის“ სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ, გაფორმებული 2005 წლის 23 აგვისტოს;

9.    კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილება;

10. სხდომების ოქმები: კომისიის 2007 წლის 01 ივნისის N12, 2007 წლის 15 ივნისის N37, 2007 წლის 22 ივნისის N39 და 2007 წლის 29 ივნისის N41 სხდომების ოქმები;

11. 2007 წლის 20 ივნისის ელექტრონული წერილი, მიწერილი სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ იურისტის მიერ კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტისადმი, რომლის თანახმად, მოთხოვნილი მიმართულებებით: ა) ი. აბაშიძის ქ. №10 - ფალიაშვილის ქ. № 17; ბ) ასს 22-დან ფალიაშვილის ქ. N17 - კაბელების ჩადების შესაძლებლობა არ არსებობს, ვინაიდან არხები ათვისებულია 100%-ით და მხოლოდ არხების დაშენების, სამშენებლო სამუშაოების გაწევის შემთხვევაში იქნება ახალი კაბელების ჩადება შესაძლებელი, აღნიშნული ელექტრონული წერილი ამობეჭდილია 2007 წელს, რასაც მოწმობს წერილის ბოლოს მითითებული თარიღი - 2007;

12. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2009 წელს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა N250/18;

13. 2014 წლის 30 მაისის, 12 ივნისისა და 27 ივნისის კომისიის სხდომებზე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორის დავით თუთბერიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

14. 2014 წლის 30 მაისის კომისიის სხდომაზე სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლის მიხეილ ჭიღლაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

15. 2014 წლის 12 ივნისის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ციალა უჯმაჯურიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       2007 წლის 29 ივნისს კომისიამ მიიღო N360/16 გადაწყვეტილება შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს ,,გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ შორის დავის განხილვასთან დაკავშირებით;

2.       კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით არ დაკმაყოფილდა შპს  ,,კავკასიის ციფრული  ქსელის“ მოთხოვნა სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის“ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩასადებად ნებართვის გაცემის დაკისრების თაობაზე; მოთხოვნილი მიმართულებები იყო : ა) ი. აბაშიძის ქ. №10 - ფალიაშვილის ქ.№17; ბ) ასს 22-დან ფალიაშვილის 17; გ) მ. თამარაშვილის ქ.№ 13 - ალ. ყაზბეგის გამზ. №34;    დ) მ. თამარაშვილის ქ. №13 - ალ. ყაზბეგის გამზ. №24;

3.       კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოების მომზადებისა და გამოცემის წესების სრული დაცვით, კერძოდ, საკითხის განხილვა მიმდინარეობდა ღია, საჯარო სხდომებზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც კომისიის სამი სხდომის მანძილზე ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებს;

4.       შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელსა“ და სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ;

5.       2007 წელს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ კანალიზაციის შემოწმება, მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების შესაძლებლობის დასადგენად, რაც დასტურდება კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპატამენტის დასკვნით, რომელიც  ასახულია კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N41 სხდომის ოქმსა და კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილებაში, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ციალა უჯმაჯურიძის კომისიის სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით;

6.       2007 წლის ივნისის თვეში სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ კანალიზაციაში არ იყო თავისუფალი რესურსი შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელების გასატარებლად, რაც დასტურდება კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებით, კომისიის 2014 წლის 12 ივნისის კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ციალა უჯმაჯურიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით, ასევე სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენლის უჩა სეთურის მიერ 2007 წლის 20 ივნისს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტისადმი მიწერილი ელ. წერილით;

წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია: მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარების, აგრეთვე მომხმარებლებისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების გაფართოების და ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით კომისია უფლებამოსილია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს შესაბამისი გადაწყვეტილებით  მოსთხოვოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილი პირობების გათვალისწინებით ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება. ამავე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს და დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ქსელის ელემენტების თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებისა და მოთხოვნილი სიმძლავრეების არსებობას;

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორის დავით თუთბერიძის მოსაზრებას, რომ 2007 წელს არსებობდა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ კაბელის ჩადების ტექნიკური პირობები, რაც მისთვის ცნობილი გახდა კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ და ეს გარემოება მისთვის მანამდე რომ ყოფილიყო ცნობილი, იგი განაცხადებდა თანხმობას ახალი არხების დაშენების ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით. კომისია აღნიშნავს, რომ სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენლის უჩა სეთურის 2007 წლის 20 ივნისის ელექტრონულ წერილში ცალსახად არის მითითებული, რომ მოთხოვნილი მიმართულებებით კაბელების ჩადების შესაძლებლობა არ არსებობს, ვინაიდან არხები ათვისებულია 100%-ით და მხოლოდ არხების დაშენების, სამშენებლო სამუშაოების გაწევის შემთხვევაში იქნება ახალი კაბელების ჩადება შესაძლებელი. 2007 წელს საკითხის განხილვის დროს დაშენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არც მოდავე მხარეს დაუყენებია მოთხოვნა და შესაბამისად, არც კომისიას უმსჯელია. 2007 წლის  29 ივნისის სხდომის ოქმში, სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენლის უჩა სეთურის განმარტებით, სს ,,საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ აქვს ვალდებულება მხოლოდ თავისუფალ რესურსებთან დაშვებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში კი თავისუფალი რესურსი არ არსებობს. უჩა სეთურის 2007 წლის 20 ივნისის ელექტრონული წერილი კომისიაში დაცული არ არის, თუმცა მის არსებობას ადასტურებს აღნიშნული ელექტრონული წერილის ერთ-ერთი ადრესატი კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი ციალა უჯმაჯურიძე და მისი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ელექტრონული წერილის  შინაარსი კომისიის წევრებისათვის ცნობილი იყო, რადგან მისი განმარტებით, აღნიშნული ელექტრონული წერილის საფუძველზე მოხდა მოთხოვნილ მიმართულებებზე სს ,,გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიერ კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობის შემოწმება და დადგინდა, რომ ტექნიკური პირობა არ არსებობს.

შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნას სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ მიმართ 2006 წელს წარმოადგენდა ტექნიკური პირობის გაცემა კაბელის ჩადებაზე მისთვის სასურველი მიმართულებებით, რასთან დაკავშირებითაც სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის“ მიწერილი აქვს არა ერთი წერილი. იმ მიზეზით, რომ ტექნიკური პირობა ვერ მიიღო, შპს ,,კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ კომისიას მიმართა დავის განსახილველად. შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა 2005 წლის 23 აგვისტოს სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტის თანახმად  სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ ვალდებულია შპს ,,ციფრული ქსელის“ მოთხოვნის შესაბამისად გასცეს ტექნიკური პირობა ახალი კაბელის სატელეფონო კანალიზაციაში გატარების თაობაზე. 2.1.3. პუნქტის თანახმად კი, სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ ვალდებულია ტექნიკური პირობის არსებობისა და სათანადო სურვილის შემთხვევაში შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელთან“ გააფორმოს ხელშეკრულება ახალი კაბელის ჩადების თაობაზე.

        ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ტერმინის ,,ტექნიკური პირობის“ განმარტება არ არის მოცემული და ვინაიდან ამ ტერმინის შინაარსი სადაოდ არის გამხდარი, აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობის განმარტებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით (სადაც გამოყენებულია ეს ტერმინი) და მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით, რომელიც შეეხება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების  ვალდებულებას; აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარების, აგრეთვე  მომხმარებლებისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების გაფართოების და ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით კომისია უფლებამოსილია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს შესაბამისი გადაწყვეტილებით  მოსთხოვოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილი პირობების გათვალისწინებით ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ითვალისწინებს, გარდა სხვა გარემოებებისა, შემდეგ გარემოებებს:  დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ასევე დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ქსელის ელემენტების თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებისა და მოთხოვნილი სიმძლავრეების არსებობას; ამდენად, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულ ტერმინში ,,ტექნიკური პირობა“ - იგულისხმებოდა თავისუფალ რესურსებთან (ამ შემთხვევაში კანალიზაციასთან) დასაშვებად ავტორიზებული პირის მიერ დასაკმაყოფილებელი პირობები, რომელთა დაკმაყოფილება ავტომატურად გულისხმობდა ნებართვას კაბელის ჩადებაზე. სწორედ ამიტომ, კომისიაში 2007 წელს დავის განხილვის დროს, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი“  სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან“ თავდაპირველად ითხოვდა ე.წ. ,,ტექნიკური პირობის“ გაცემას, ხოლო შემდეგ - კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაცემას.

                რაც შეეხება კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის ფორმას, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 29 ივნისის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც კომისიის 2007 წლის 29 ივნისის სხდომის ოქმში არ არის მოხსენიებული კომისიის წერილობითი დასკვნა, რომელსაც, როგორც წესი აქვს თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი. დღეისათვის, წერილობითი დასკვნა კომისიაში დაცული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დასკვნის წერილობითი ფორმით წარმოდგენის ვალდებულება, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტს არ გააჩნდა. შემოწმების აქტის შედგენის პრაქტიკასთან დაკავშირებით,  მნიშვნელოვანია კომისიის აპარატის მაშინდელი მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის ციალა უჯმაჯურიძის განმარტება. მისი განმარტებით 2007 წელს შემოწმების აქტი დგებოდა, როგორც წესი, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, რომელიც წარედგინებოდა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირებისათვის, სხვა შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი ამზადებდა დასკვნას. ვინაიდან კომისიას უწევს იმსჯელოს შვიდი წლის წინ ჩატარებულ შემოწმებაზე და სახეზე არ არის წერილობითი დასკვნა, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგები ზეპირსიტყვიერად იქნა გაჟღერებული კომისიის 2007 წლის 29 ივნისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მხარეები და მათ შორის შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელი ბატონი დავით თუთბერიძე, რომლის მხრიდან სხდომაზე სადაო არ გამხდარა შემოწმების ჩატარების ფაქტი. შემოწმების შედეგები ასახულია კომისიის გადაწყვეტილებაში სრულად და დღეისათვის მონიტორინგის დეპარტამენტის წერილობით დასკვნას ექნებოდა ისეთივე იურიდიული ძალა, რაც აქვს კომისიის სხდომის ოქმს, რომელიც არის წერილობითი ფორმით, ხელს აწერს კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარე, სხდომის მდივანი და რომელსაც ეყრდნობა კომისიის გადაწყვეტილება. თუ დასკვნა წერილობით არ შემდგარა (რაც საკითხის სიძველის გამო ზუსტად დადგენილი არ არის), ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს სადაო ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი, რადგან შემოწმების შედეგები ზეპირსიტყვიერად გადმოსცა სხდომაზე მონიტორინგის ჩამტარებელმა - ც. უჯმაჯურიძემ (კომისიის სხდომის ოქმი 29.06.2007). სახეზე არ არის არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეჭვი იქნას შეტანილი ,,საკაბელო შახტების შემოწმების რეალობაში“, როგორც ამას განცხადების ავტორი აღნიშნავს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეამოწმოს ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით. სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენლის  უჩა სეთურის 2007 წლის 20 ივნისის ელექტრონული წერილი წარმოადგენს შესამოწმებელი პირის წარმომადგენლის წერილობით ახსნა-განმარტებას შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით, რასაც მოწმობს აღნიშნული ელექტრონული წერილის თარიღი 2007 წლის 20 ივნისი,  სხდომა კი დანიშნული იყო 2007 წლის 22 ივნისს, ასევე წერილის სათაური -,,მონიტორინგისათვის მასალები“ და შემდეგ იმ სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ კაბელის ჩადება სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ კანალიზაციაში შეუძლებელი იყო. ამდენად, შემოწმების შედეგები წერილობითი ფორმით წარედგინებოდა კომისიას თუ ზეპირი ფორმით, ვერ გახდებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

კომისია განმარტავს, რომ კომისიის 2007 წლის 17 აპრილის 191/9 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტი, რომელზეც აპელირებს შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი“ ითვალისწინებს შემდეგს: ,,სს ,,საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უზრუნველყოს ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში საკანალიზაციო არხების თავისუფალ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაკავშირებით ობიექტური და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება აქცეპტანტი ავტორიზებული პირისათვის თუ მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადაში აქცეპტის დროულად და სათანადოდ გაკეთების მომენტისათვის კონკრეტული მიმართულებით მოთხოვნილი საკანალიზაციო არხის სიმძლავრე აღმოჩნდება სრულად დატვირთული. ამ შემთხვევაში სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია შესთავაზოს აქცეპტანტს ტერმინალურ წერტილებს შორის ალტერნატიული მარშრუტით კაბელის გატარების ეფექტური პირობები, რომლებიც მსურველი ავტორიზებული პირისათვის (აქცეპტანტისათვის) ყველა შესაძლო ალტერნატიულ არჩევანთან შედარებით ნაკლებად დანახარჯიანია.“ ამდენად, სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზების ვალდებულება ექნებოდა, თუ მათ შორის ოფერტაზე დასმული აქცეპტის შემთხვევაში გაფორმებული იქნებოდა ხელშეკრულება, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ დაკვეთით 2009 წელს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა 2006-2007 წლებში სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ კანალიზაციაში კაბელების განლაგებასთან დაკავშირებით მტკიცებულებად ვერ გამოდგება, ვინაიდან კანალიზაციაში კაბელების განლაგება და მათი რაოდენობა დროში  ცვალებადია. თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა საინტერესოა ექსპერტიზის დამკვეთის მიერ ექსპერტისათვის დასმული შეკითხვების თვალსაზრისით, კერძოდ,  ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი შინაარსის შეკითხვა: ,,ჰქონდა თუ არა ტექნიკური შესაძლებლობა სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს“ 2006 წლის ივნის-ივლისში გაეტარებინა შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ 10 მილიმეტრი დიამეტრის ერთი ცალი კაბელი“. შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“ არ დაუსვამს ექსპერტისათვის შეკითხვა, იყო თუ არა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ კანალიზაციაში დამატებითი არხის დაშენების შესაძლებლობა ან რაიმე მსგავსი, მით უფრო, რომ მას უკვე ხელთ ჰქონდა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ წარმომადგენლის უჩა სეთურის 2007 წლის 20 ივნისის ელექტრონული წერილი და შეეძლო ექსპერტის წინაშე დაესვა საკითხი არხების დაშენების შესაძლებლობებთან დაკავშირებით; აღნიშნული ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ კანალიზიაციაში თავისუფალი რესურსის არსებობის ფაქტი და არა ახალი არხების მშენებლობის შესაძლებლობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კომისიას აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და კომისიაში დაცული მასალების შესწავლისა და გარემოებების ხელახალი გამოკვლევის შედეგად, კომისიის მიერ 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის კანონდარღვევით, ასევე ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესების არსებითი დარღვევით მიღების ფაქტები არ ყოფილა გამოვლენილი, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       უარი ეთქვას შპს ,,კავკასიის ციფრულ ქსელს“  განცხადების დაკმაყოფილებაზე, კომისიის 2007 წლის 29 ივნისის N360/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლობის გამო;

2.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელისა“ და სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.       გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელისა“  და სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის“  ჩაბარების დღიდან;

4.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

კომისიის თავმჯდომარე                                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                       ირაკლი მოსეშვილი    

კომისიის წევრი                                                                                        კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები