წვდომის მენიუ

ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 354 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2014 17:41

მიღების თარიღი ივლისი 03, 2014

ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/229-14, 09.06.2014წ.) მიმართა ააიპ არასამეწარმეო ”მედია-კავშირი ობიექტივმა“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიას 2014 წლის 3 აგვისტომდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2, 2013 წლის 16 აგვისტოს კომისიის №511/5 გადაწყვეტილებებით და შპს ”მედია-სახლი ობიექტივსა” და ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირ ”ობიექტივს” შორის 2013 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: 105.1 მგჰც სიხშირეზე, მახათის მთაზე არსებული შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის“ რადიოსაკომუნიკაციო ანძა (გეოგრაფიული კოორდინატებით: N-41° 42’ 50“ და E-44° 49’ 44“), ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40მ. სიმაღლეზე;”

დ) გადამცემის სიმძლავრე: 500 ვტ;

ე) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული არ აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივს“ უნდა მიეცეს ვადა, რათა ზეპირი მოსმენის სხდომამდე კომისიაში წარმოადგინოს სალიცენზიო მოსაკრებლის – 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №10/916-14, 16.06.14), რომელმაც ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 9720.00 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 31 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივმა“ სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა 2014 წლის 31 ივლისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე                           (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივისთვის“ გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                        აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                        სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                        ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                        კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები