საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2014 16:57
მიღების თარიღი ივლისი 03, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 5 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №299/10, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტში მითითებული გეოგრაფიული კოორდინატების - N 41°28 0.76" E 44°32 17.39” ნაცვლად მითითებული უნდა იყოს N 41°33 42.00" E 44°58 41.00”.
კომისია აღნიშნავს, რომ გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრისას დაშვებული ტექნიკური შეცდომის გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ ლიცენზიის მაძიებლებს არ შეექმნათ დაბრკოლებები კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებების განხორციელება კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ ლიცენზიის მაძიებლების მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა გაიზარდოს 5 სამუშაო დღით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებიდან გამომდინარე, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ცვლილება თავის მხრივ იწვევს შესაბამის ცვლილებებს როგორც მოსამზადებელი სხდომის ჩატარების, ასევე ზეპირი მოსმენისა და თავად კონკურსის ჩატარების თარიღებშიც.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, საკონკურსო განცხადებები, კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილების შესაბამისად კონკურსში მონაწილეობის მიზნით კომისიაში არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების და 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტში მითითებული გეოგრაფიული კოორდინატები - N 41°28 0.76" E 44°32 17.39” შეიცვალოს N 41°33 42.00" E 44°58 41.00”-ით;
2. კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2014 წლის 14 ივლისის 17:00 საათამდე;
ბ) გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 17 ივლისი 13:00 საათი;”
გ) გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 14 აგვისტო 13:00 საათი;”
დ) გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2014 წლის 18 აგვისტო 13:00 საათი;”
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების, ასევე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილების რედაქტირებული ვარიანტის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);
5. დაევალოს კომისიის პრეს–მდივანს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ხ. ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
