წვდომის მენიუ

შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 364 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2014 18:20

მიღების თარიღი ივლისი 10, 2014

შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2014 წლის 27 ივნისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (№10/1001-14; 26.06.14.), საიდანაც ირკვევა, რომ  შპს ,,INTERMEDIARY”-ის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტები, ვინაიდან შპს ,,INTERMEDIARY”-მა 2014 წლის 11 თებერვალს  კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, კერძოდ, კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის ირაკლი ბაკურაძის არჩილ კაპანაძეთი შეცვლის თაობაზე კომისიას არ აცნობა წერილობით და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში არ წარმოუდგინა სათანადო დოკუმენტები. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს  (№10/1001-14; 26.06.14.) თან ერთვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2014 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით) და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარატამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/991-14; 25.06.14).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2014 წლის 1 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 10 ივლისს,  რის შესახებ  შპს ,,INTERMEDIARY”-ს ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად  გადაეგზავნა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/1001-14; 26.06.14) და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 ივლისს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,INTERMEDIARY”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა კომისიის შეტყობინება (№03/1404-14; 30.06..2014) შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ შპს ,,INTERMEDIARY“-ს ჩაბარდა 2014 წლის 1 ივლისს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტით  (გზავნილის კოდი: 040011214115). გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს ,,INTERMEDIARY“-ის დასწრების გარეშე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 ივლისს, კომისიის სხდომაზე შესაბამისი მინდობილობის გარეშე გამოცხადდა შპს ,,INTERMEDIARY“-ის წარმომადგენელი დ.ზაალიშვილი, რომელსაც, როგორც დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა მიეცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოეთქვა თავისი მოსაზრება. მან დაადასტურა შპს ,,INTERMEDIARY“-სთვის შეტყობინების ჩაბარების ფაქტი და განმარტა, რომ კომისიისთვის ცნობილი იყო შპს ,,INTERMEDIARY“ წილის მფლობელის ცვლილების თაობაზე, ვინაიდან შპს ,,INTERMEDIARY“-მა განცხადებით მიმართა კომისიას წილის გასხვისებაზე თანხმობის მიღების მიზნით; ასევე კომისიისთვის ცნობილი იყო კომპანიის დირექტორის ცვლილების თაობაზე, ვინაიდან ახალი დირექტორის ხელმოწერით კომისიას წარედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (№10/1001-14.; 26.06.14.);

2. კომისიის 2014 წლის 30 ივნისის №03/1404-14 შეტყობინება შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;

3. შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტი  (გზავნილის კოდი: 040011214115) შეტყობინების შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის ჩაბარების თაობაზე;

4. დაინტერესებული პირის დ.ზაალიშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმატება;

5.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,INTERMEDIARY”-ის  შესახებ  მონაცემები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.  შპს ,,INTERMEDIARY” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 2011 წლის 15 ივნისი. ავტორიზებული საქმიანობის სახე: ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;   ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ-მომსახურება (WiFi);

2. შპს „INTERMEDIARY“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. 2014 წლის 11 თებერვალს  შეიცვალა შპს ,,INTERMEDIARY”-ის წილის მფლობელი და დირექტორი. კერძოდ, შპს ,,INTERMEDIARY”-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი  ი.ბაკურაძის ნაცვლად გახდა ა.კაპანაძე. აღნიშნული ცვლილებების თაობაზე შპს ,,INTERMEDIARY”-მა წერილობით არ აცნობა კომისიას და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში არ წარმოუდგინა სთანადო დოკუმენტები;

4. შპს ,,INTERMEDIARY”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, ხოლო მ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული იურიდიული პირის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს - საფირმო სახელწოდება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანიის წილის მფლობელისა და დირექტორის ცვლილების თაობაზე შპს ,,INTERMEDIARY”-ს კომისიისათვის უნდა ეცნობებინა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში და წარედგინა სათანადო დოკუმენტები;  რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,INTERMEDIARY”-ის წილის მფლობელის ცვლილების თაობაზე შეტყობინებას არ წარმოადგენს შპს ,,INTERMEDIARY”-ის კომისიისთვის განცხადებით მიმართვა  წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება ავტორიზებულ პირს დაკისრებული აქვს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე; შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ამასთან, კომისიის წინასწარი თანხმობის მიუხედავად, კომპანიას შეუძლია არ განახორციელოს წილის შეძენა, შესაბამისად, უცვლელი დარჩეს წილის მფლობელები.

კომისიას ასევე მიაჩნია, რომ შპს ,,INTERMEDIARY”-ის დირექტორის ცვლილების თაობაზე შეტყობინებას არ წარმოადგენს შპს ,,INTERMEDIARY”-ის მიერ კომისიაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარდგენა, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება ავტორიზებულ პირს დაკისრებული აქვს კომისიის 2011 წლის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად. ამავე დროს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები კომისიას წარედგინება ელექტრონული სახით დირექტორის ხელმოუწერელად, ხოლო ამ ფორმებთან დაკავშირებით  შპს ,,INTERMEDIARY“-ს საკონტაქტო პირად განსაზღვრული ყავს დ.ზაალიშვილი და არა კომპანიის დირექტორი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,INTERMEDIARY”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4,  96-ე, 97-ე, 98-ე და  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ), გ)  და მ)  ქვეპუნქტების,  43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შპს ,,INTERMEDIARY”-ს მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ)  ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

5.    გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,INTERMEDIARY”-სთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი  

                                                                  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები